რუსეთის მთავრობაში ბოლო ერთი კვირის საკადრო გადანაცვლებები და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ ათეულობით კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზი, პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ რუსეთი და მისი ეკონომიკა ე.წ. სამხედრო რელსებზე გადადის. რუსეთის ყველა მოქალაქე და რუსეთში რეგისტირებული ყველა საწარმო, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული იქნება გაითვალისწინოს სახელმწიფოს ინტერესები და მისი საჭიროებები. მრეწველობისა და სახალხო მეურნეობის მთელი დარგები ასევე გადაეწყობა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ წარმოქმნილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.
ყველა და ყველაფერი ფრონტისთვის
ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის 15 ივლისს ხელი მოაწერა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ რეკორდულ დროში მიღებულ კანონს „ეკონომიკაში სპეციალური ზომების“ შესახებ. კანონისთვის დართული განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია „როგორც კონტრტერორისტული, ასევე სხვა ოპერაციების ჩატარების უზრუნველყოფა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ“. დოკუმენტი რუსეთის მთავრობას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, გადაიყვანოს ნებისმიერი საწარმო ან თუნდაც მთელი დარგი სამობილიზაციო რელსებზე.
ამ კანონის თანახმად, არცერთ კომპანიას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, არ შეუძლია უარი უთხრას სახელმწიფოს, საქონლისა თუ მომსახურების მიწოდების მიზნით, ხელშეკრულებების დადებაზე. მეტიც, თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის ფედერალურ სამსახურს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და რუსეთის გვარდიას შეუძლიათ შეცვალონ ხელშეკრულებების პირობები მათი გაფორმების შემდეგაც კი. გარდა ამისა, იმისათვის, რომ ჯარი და სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა აუცილებელი საშუალებით, საწარმოები ვალდებული არიან, საჭიროების შემთხვევაში, იმუშაონ ზეგანაკვეთით, მათ შორის ღამით, შაბათ-კვირას, დღესასწაულებსა და შვებულების დღეებშიც კი. და ბოლოს, კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო რეზერვებიდან სამობილიზაციო სიმძლავრეებისა და მატერიალური აქტივების გამოყენების შესაძლებლობასაც.
„რატომ გახდა საჭირო ეს ყველაფერი, გასაგებია. ომი გაჭიანურდა, მაგრამ პუტინი არ აპირებს გაჩერებას, - ამბობს ეკონომისტი მაქსიმ ბლანტი, - სამხედრო ტექნიკა კი იმაზე ბევრად უფრო სწრაფად გამოდის მწყობრიდან, ვიდრე მშვიდობიანი პერიოდის ეკონომიკას შეუძლია მისი განახლება. ამასთან, ფრონტზე არა მარტო სამხედრო ტექნიკაა საჭირო. ომში ჩართულ ჯარს ასევე უნდა მიეწოდოს საბრძოლო მასალები, საწვავი, საკვები, ჩასაცმელი, მედიკამენტები; საჭიროა დაჭრილების მკურნალობა, დაღუპულების დაკრძალვა და ა.შ.“
კანონი „ეკონომიკაში სპეციალური ზომების“ შესახებ აიძულებს თითქმის მთელ რუსულ ინდუსტრიას, იმუშაოს ომზე. გასაგები მიზეზების გამო, „მობილიზაციაში“ უპირველეს ყოვლისა მოყვება მანქანათმშენებლობა თავისი საავიაციო, საავტომობილო, სატრაქტორო ქარხნებით; ასევე მეტალურგია და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, თუმცა, ცხადია, არც მშვიდობიანი - მსუბუქი მრეწველობა ან ფარმაცევტული ინდუსტრია იქნება ბოლომდე დაზღვეული.
ტექნოლოგიური სუვერენიტეტი თუ სამრეწველო შპიონაჟი?
ახალი კანონების მიღებისა და კანონებში ცვლილებების შეტანის გარდა, ვლადიმირ პუტინმა მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განახორციელა. როგორც გაირკვა, სამხედრო რელსებზე გადაყვანილ რუსულ სამრეწველო მანქანას სათავეში ჩაუდგება ახალი ვიცე-პრემიერი, დენის მანტუროვი, რომელიც ათი წელია უცვლელად ხელმძღვანელობს რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, თუმცა თვალშისაცემი წარმატების გარეშე.
რუს პოლიტოლოგებს უჭირთ ახსნა, თუ რამ განაპირობა პუტინის არჩევანი. ცნობილია, რომ მანტუროვი „როსტეკის“ ხელმძღვანელთან, სერგეი ჩემეზოვთან დაახლოებული პირია.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას თვითონ მანტუროვმა განაცხადა, რომ:
„ბოლო უნდა მოეღოს ეკონომიკურ ბლოკში ჩასახლებული სისტემური ლიბერალების მოქმედებას, რათა კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს რუსეთის ეკონომიკა საბაზრო სისულელეებით. რუსეთი უნდა გადავიდეს ბაზარზე ორიენტირებული ინდუსტრიული პოლიტიკიდან ტექნოლოგიური სუვერენიტეტის უზრუნველყოფის პოლიტიკაზე“.
რუსი ეკონომისტების თქმით, მანტუროვის საპროგრამო სიტყვიდან ჩანს, რომ ფსონი კვლავაც იმპორტის ჩანაცვლებაზე კეთდება, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს მოკავშირე ყაზახეთთან ურთიერთობის მოულოდნელი გამწვავების შემდეგ.
ყაზახეთის პრეზიდენტის ტოყაევის ადმინისტრაციის გაცხადებულმა მზაობამ, დაიცვას საერთაშორისო სანქციები და გადაუკეტოს რუსეთს ე. წ. პარალელური იმპორტის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, როგორც ჩანს, საბოლოოდ დაარწმუნა პუტინი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს. ასეთ პირობებში რუსეთს არ შეუძლია, თავისუფალი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, ჭარბ წარმოებაზე ხარჯოს ფასდაუდებელი რესურსები. შესაბამისად, რუსეთის მთავრობა თვითონ გადაწყვეტს, რა და რამდენი უნდა აწარმოონ.
„ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ეკონომიკური სტრატეგიის რადიკალურ გადახედვას. ტექნოლოგიური გარღვევებისა და ახალი სფეროების ათვისების ნაცვლად, რუსეთის ძალისხმევა მიმართული იქნება ტექნოლოგიური მიღწევების გადაღებაზე, რაც უნდა უზრუნველყოს სამრეწველო შპიონაჟმა, ტექნოლოგიების კოპირებამ და მობილიზაციურმა ეკონომიკამ. ეს იქნება 30 წლის წინ ჩინეთის გამოცდილების გამეორების ერთგვარი მცდელობა, თუმცა მისი წარმატებით განხორციელებისთვის რუსეთს ერთი „წვრილმანი“ აკლია: მილიარდი ჩინელი, რომლებსაც „კულტურული რევოლუციის“ საშინელებების გადატანის შემდეგ ფულის შოვნის საშუალება მისცეს“, - ამბობს მაქსიმ ბლანტი, რომლის თქმითაც, „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის“ მიღწევა ასევე არ გამოვა საბჭოთა ინდუსტრიალიზაციის გამოცდილებაზე დაყრდნობითაც. მთავარი მიზეზი აქაც იგივეა - რადიკალურად განსხვავებული დემოგრაფიული მდგომარეობა. საუკეთესო შემთხვევაში, მანტუროვი და მისი ამხანაგები შეძლებენ „მომწიფებული სოციალიზმის“ ტექნოლოგიების რეპროდუცირებას და თანამედროვე დასავლური შეიარაღების რამდენიმე ნიმუშის კოპირებას. ცხოვრების ჩვეული ხარისხის შესანარჩუნებლად, ეს აშკარად არაა საკმარისი, რომ არაფერი ითქვას რაიმე სახის განვითარებაზე.
„როსკოსმოსისა“ და მისი დირექტორის დამიწება
დენის მანტუროვამდე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ზედამხედველობა ებარა ვიცე-პრემიერ იური ბორისოვს, რომელმაც, პუტინისავე გადაწყვეტილებით, კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაციის ("როსკოსმოსი") გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2022 წლის 15 ივლისამდე „როსკოსმოსს“ ხელმძღვანელობდა დმიტრი როგოზინი, რომელმაც ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას თავი დაამახსოვრა მყვირალა ქსენოფობიური განცხადებებით, კორუფციასთან „ბრძოლით“, მთვარის პროგრამის ამბიციური გეგმებითა და ილონ მასკთან გამართული პაექრობით.
საკადრო და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა შუა ზაფხულში, ე.წ. არდადეგების პერიოდში განახორციელა ნაჩქარევად (რისთვისაც საგანგებოდ შეკრიბა მთავრობა და საშემოდგომო სესიამდე დათხოვნილი სახელმწიფო სათათბირო), ნათელს ჰფენს ვლადიმირ პუტინის ძალისხმევას, ყველა რესურსი, მათ შორის ადამიანური, ტექნიკური თუ მატერიალური, მიმართოს უკრაინაში წარმოებული ომისკენ და ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდება, დაუქვემდებაროს დასავლეთისგან იზოლირებული მთავრობის საჭიროებას. სწორედ ამგვარმა საჭიროებამ განაპირობა საკადრო ცვლილება რუსეთის კოსმოსური საქმიანობის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსში“, რომლის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი 2011-2018 წლებში რუსეთის ფედერაციის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომისიის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2018 წლიდან კი „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორი იყო.
დმიტრი როგოზინის გენდირექტორობისას განიცადა კატასტროფა (2018 წლის 11 ოქტომბერი) რუსულმა რაკეტა-მატარებელმა, რომელმაც ვერ გაიყვანა ორბიტაზე ხომალდი Союз МС-10, რომლის კოსმონავტები კატაპულტირდნენ მაშველი კაფსულის დახმარებით.
დმიტრი როგოზინის დირექტორობის დროს დაკარგა „როსკოსმოსმა“ ლიდერობა ორბიტაზე გაყვანილი სამოქალაქო დანიშნულების კოსმოსური ხომალდების რაოდენობის მიხედვით:
2011-2016 წლებში „როსკოსმოსზე“ მოდიოდა კოსმოსური სტარტების 35-40%, 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი 22%-მდე ჩამოვიდა, 2018-ში კი 18%-მდე დაეცა. რუსეთმა პირველობა დაუთმო ჩინეთსა და ამერიკას.
დმიტრი როგოზინს გრანდიოზული, მაგრამ განუხორციელებელი გეგმები ჰქონდა „მთვარის ათვისების“ მიმართულებითაც:
2015 წლისათვის იგეგმებოდა პლანეტათაშორისი ავტომატური სადგურის (Луна-25) გაშვება, რასაც უნდა მოჰყოლოდა პილოტირებული პროგრამა - Луна-25 იქნებოდა პირველი რუსული აპარატი, რომელიც დაჯდებოდა მთვარეზე, თუმცა, არათუ 2015 წელს, არამედ 2022 წელსაც კი არ დაწყებულა „მთვარის პროგრამის“ პირველი ეტაპი. არადა, როგოზინის პროგრამა ასევე ითვალისწინებდა პილოტირებული მისიების გაშვებას მთვარის გარშემო (2028 წ.), ექსპედიციას მთვარეზე (2030 წ.) და ბაზის მშენებლობას დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე (2035 წ.), თუმცა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ და გაჭიანურებულმა ომმა, ბოლო მოუღო როგორც როგოზინის კარიერას, ასევე მის „ამბიციურ გეგმებსაც“.
რუსული ინტერნეტგამოცემა rbc.ru-ს ცნობით, 2022 წლის 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „როსკოსმოსმა“ შეაჩერა მთვარეზე პილოტირებადი სამუშაოები და კონცენტრირდა მიწიერ საკითხებზე, ორი დღის შემდეგ, 15 ივლისს კი თანამდებობა დაატოვებინეს თვითონ „როსკოსმოსის“ გენერალურ დირექტორსაც.
დმიტრი როგოზინი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა 2015 წელსაც, როცა რიხიანად განაცხადა, რუსული „კოსმოსური მატარებლების“ გარეშე ამერიკელები თავიანთ ხომალდებსა და ასტრონავტებს მხოლოდ ბატუტის დახმარებით თუ გაიყვანენ კოსმოსშიო.
5 წლის შემდეგ, 2020 წელს, SpaceX-ის წარმატებული პილოტირებული სტარტის (ხომალდმა Crew Dragon-მა ორბიტალურ სადგურზე გაიყვანა 2 ასტრონავტი) შემდეგ, ილონ მასკმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გაიხსენა როგოზინის ეს განცხადება და ნიშნის მოგებით თქვა: "The trampoline is working" („ბატუტი მუშაობს“).
„აღმოჩნდა რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან კვლავ ამუშავდა ბატუტი და პირველი, რაც გააკეთეს, სამარის ჭაში ჩაფურთხებაა. ნაადრევი ხომ არ არის, კოლეგებო? - იკითხა დმიტრი როგოზინმა ამერიკელი მილიარდერის პასუხად, - ვაი და, ხვალ კვლავ დაზიანდა თქვენი ბატუტი და კვლავ მოგინდათ ჩვენი ჭიდან თქვენი კოსმოსური წყურვილის დაკმაყოფილება?“
თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. 2020 წელს აშშ-მა „როსკოსმოსსა“ და მის პარტნიორ კვლევით ინსტიტუტებს სანქციები დაუწესა, რამაც რუსეთის კოსმოსური ინდუსტრია ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალტექნოლოგიური მიკროსქემების გარეშე დატოვა, 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა და რუსეთისათვის დაწესებულმა ახალმა სანქციებმა კი, რუსული კოსმოსური ინდუსტრიის ნამდვილი დამიწება გამოიწვია. ამ სფეროსთვის გამოყოფილი სახსრები, სავარაუდოდ, ომის დაფინანსებას მოხმარდება, ისევე როგორც დმიტრი როგოზინს უწინასწარმეტყველებენ კარიერულ გადანაცვლებას ომის მიმართულებით. საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსობაზე ან კურატორობაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის სტატუსით.
მობილიზაცია გამოუცხადებლად
ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებული საკადრო თუ საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს არა გრძელვადიანი სტრატეგიის ცვლილებას, არამედ ომთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების გადაჭრას, - ასეთია რუსეთის პოლიტიკით დაინტერესებული ექსპერტების ვარაუდი. დენის მანტუროვის დანიშვნამაც უნდა გადაჭრას ომში ჩაბმული არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი და არა ზოგადად რუსეთის ეკონომიკისა.
რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფო სათათბიროს შეკრების ფონზე ბევრმა ყურადღება არ მიაქცია რუსეთის პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა და, რომლის დღის წესრიგში იყო ერთადერთი საკითხი - „რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ“, რაც რუსმა გამოცდილმა პოლიტიკურმა მიმომხილველებმა ასე გაშიფრეს: ფრონტისთვის ახალი „ცოცხალი ძალის“ შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფის შესახებ.
რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ცნობით, რუსეთის ჯარები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან უკრაინაში, ვლადიმირ პუტინი კი უარს ამბობს მობილიზაციის გამოცხადებაზე. სამაგიეროდ, თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის მოსკოვში, იქმნება მოხალისეთა რაზმები. სწორედ ამ მოხალისეებს შორის, რომლებსაც, როგორც წესი, არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება, ყველაზე სერიოზული დანაკარგები ფიქსირდება. ასე რომ, დახურულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილეს, რომელ რეგიონს რამდენი ადამიანის გაწვევა შეუძლია სოციალური აფეთქების რისკის გარეშე, თუ დანაკარგები ძალიან დიდი იქნება.