გაირკვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატი

რიშ სუნაკი (მარცხნივ) და ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორებმა გამართეს საბოლოო კენჭისყრა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ორი პრეტენდენტი დატოვეს. ხმების უმრავლესობა მოაგროვა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა: მას თემთა პალატის 137-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 113 ხმით მეორე ადგილზეა საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

ზაფხულის მიწურულს ეროვნულ დონეზე გაიმართება კენჭისყრა, რომელშიც გაირკვევა კონსერვატორების მომავალი ლიდერი. მასში მონაწილეობას მიიღებს ყველა ბრიტანელი, ვინც კონსერვატიული პარტიის წევრია. მათი რაოდენობა 200 ათასამდეა. კენჭისყრის შედეგები 5 სექტემბერს გამოქვეყნდება. პარტიის ახალი ლიდერი მემკვიდრეობით მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობას და ამასთან ერთად - პრემიერ-მინისტრობას.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც 7 ივლისს გამოაცხადა გადადგომის შესახებ, დღეს პრემიერ-მინისტრის რანგში უკანასკნელად უპასუხა პარლამენტარების შეკითხვებს და მათ გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა. თავის მომავალ მემკვიდრეს მას უსურვა „ამერიკელებთან ახლოს ყოფნა, უკრაინელების დახმარება და ყოველთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარეზე ყოფნა“.