ოლენა ზელენსკა კონგრესში: "დაგვეხმარეთ უკრაინელების წინააღმდეგ ამ ტერორის შეჩერებაში"

ოლენა ზელენსკა კონგრესში გამოსვლისას. 20 ივლისი.

აშშ-ის კონგრესში გაიმართა შეხვედრა უკრაინის პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან, რომელიც რამდენიმე დღეა ვაშინგტონში იმყოფება.

ოლენა ზელენსკა კონგრესის წევრებს წარუდგინა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ. უკრაინის პირველ ლედის მან უთხრა, რომ აშშ-ის კონგრესის წევრები „უკრაინელი ხალხის დიდი მხარდამჭერები და თქვენი და თქვენი ქმრის მხურვალე თაყვანისმცემლები არიან“.

თავის გამოსვლაში ოლენა ზელენსკამ დიდი მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის. „რუსეთი გვკლავს, ამერიკა კი გვიფარავს,“ თქვა მან.

მაგრამ, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან უკრაინას მეტი შეიარაღება სჭირდება აგრესორთან გასამკლავებლად.

„დაგვეხმარეთ უკრაინელების წინააღმდეგ ამ ტერორის შეჩერებაში და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი დიდი გამარჯვება...“ - თქვა ოლენა ზელენსკამ.

კონგრესში გამოსვლამდე ოლენა ზელენსკა თეთრ სახლში მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა.

18 ივლისს უკრაინის პირველი ლედი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს.