რუსეთი ამზადებს საფუძველს უკრაინის ტერიტორიის კიდევ უფრო მეტი ნაწილის ანექსიისათვის და უკანონო ნდობით აღჭურვილ ლიდერებს ნიშნავს მის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, - ამის შესახებ 19 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად რუსეთმა დაიწყო "ანექსიის სცენარის" განვითარება, ანალოგიური იმისა, რომელიც კრემლმა, ყირიმში ინტერვენციის შემდეგ აამოქმედა და ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. რუსეთმა უკვე დანიშნა "უკანონო რეგიონულ ლიდერების" მის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, მათ შორის ხერსონში, ზაპოროჟიესა და დონეცკსა და ლუგანსკში.
"ძალისმიერ ანექსია წარმოადგენს გაეროს წესდების უხეშ დარღვევას, და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქმედება დაუსჯელი დარჩეს", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
გარდა ამისა, როგორც კირბიმ აღნიშნა, კრემლი აპირებს დაპყრობილ ტერიტორიებზე "ფიქციური რეფერენდუმების" ორგანიზებას, ემზადება რუსული რუბლის მიმოქცევაში შეტანისათვის და აიძულებს ადგილობრივ მცხოვრებლებს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.
თეთრის სახლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში აშშ-ი გამოაცხადებს უკრაინისათვის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ. მოსალოდნელია, რომ პაკეტში იქნება HIMARS-ის კლასის მაღალი მობილურობის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები. ამ სახის შეიარაღების რამდენიმე ერთეულის გადაცემამ კიევისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის თავდაცვითი პოტენციალი.