ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობას მოსავალი უხმება, სარწყავ არხებში წყალი არ არის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ოკუპირებული წინაგარის ზონის სოფლებში, სადაც სასოფლო სამეურნეო კულტურები სამი კვირაა ვერ ირწყვება. როგორც სააგენტო „რეს"-ს წინაგარის ე.წ გამგებელმა მაირბეგ ხუბულოვმა განუცხადა, მოსავალი ხმება და თუ ცოტა ხანში სოფლებს წყალი არ მიეწოდა, საერთოდ გაფუჭდება პომიდორი.
„იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის წინაგარის ზონამ ტირიფონის არხიდან მიიღოს სარწყავი წყალი, საჭიროა გაიზარდოს მდინარე პატარა ლიახვის წყლის მოცულობა ზონკარის წყალსაცავიდან“, - აღნიშნა მან.
ხუბულოვმა აღნიშნა, რომ ტირიფონის სარწყავი არხი რამდენჯერმე კვეთს სამხრეთ ოსეთ-საქართველოს „საზღვარს“. „წყალი სარწყავი არხით ჩვენამდე მოდის ქართული სოფლების გავლით, რომლებიც ასევე სარგებლობენ, ოღონდ იმ პირობით, რომ ქართული მხარე გარკვეული რაოდენობის წყალს წინაგარის ზონას მიაწვდის".
წინაგარის ე.წ. გამგებელმა ყურადღება გაამახვილა რაიონში სასმელი წყლის ნაკლებობაზე, რაც, მისი აზრით, დაკავშირებულია გვალვასთან და უნალექო ამინდთან. თავის მხრივ, სააგენტო „რეს"-თან საუბარში, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, გეოლოგიის, გეოდეზიის, კარტოგრაფიის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბალა ბესტაუთიმ აღნიშნა, რომ ზონკარის წყალსაცავიდან წყლის გამოშვების და მდინარე ლიახვში წყლის მოცულობის გაზრდა დამოკიდებულია დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ზონკარის წყალსაცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და მას დე ფაქტო ხელისუფლება განკარგავს. ომის შემდეგ წყალსაცავიდან წყლის გამოშვება აკრძალეს და გორის მუნიციპალიტეტის ჩრდილო ნაწილში არსებული სოფლების უმრავლესობა სარწყავი წყლის გარეშე დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ ომის შემდეგ ნიქოზის კაშხალი ააგო და სატუმბი სადგურებით წყლის გადაქაჩვა იმ სოფლებისკენ დაიწყო, რომლებიც ტირიფონის სისტემით სარგებლობდა. თუმცა აქ თავი იჩინა კიდევ ერთმა პრობლემამ, დატვირთვის გამო ძრავები ხშირად ზიანდება და ეს კიდევ დამატებითი ხარჯია. ამჟამად სარწყავი წყლის დეფიციტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიც განიცდის. სისტემის შესავსებად კი ზონკარის წყალსაცავის გახსნაა საჭირო, რომელიც მდინარე პატარა ლიახვს შეავსებს, იქიდან კი ტირიფონის სისტემაში მოხვდება, ტირიფონის არხი, როგორც ქართულ ისე ოსურ სოფლებს ასარწყავებს.
დე ფაქტო ხელისუფლება წყალსაცავს იმ პირობით ხსნის ხოლმე, თუ წყალი ოსურ სოფლებამდეც მიაღწევს. ახლა კი პრობლემა როგორც ქართულ ისე ოსურ სოფლებშია. მხარეები წყლის განაწილების საკითხს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ ხოლმე.