კელი დეგნანმა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის შესახებ შეკითხვას უპასუხა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ შეკითხვას. აღსანიშნავია, რომ ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა საქართველოსთან. ზოგჯერ არ ვეთანხმებით [ერთმანეთს]. ჩვენ გვჭირდება, ზოგჯერ შევძლოთ, რომ ვისაუბროთ შეუთანხმებელ საკითხებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვეულებრივ პირისპირ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ვსაუბრობთ საჯაროდ, როდესაც გვაქვს დიდი წუხილი, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა.

საჯაროდ გამოვხატეთ ამერიკის შეერთებული შტატების წუხილი, რომელიც შეეხებოდა დროულობას და ბრალდებებს. მხოლოდ აშშ არ გამოხატავს ამ წუხილს, სახალხო დამცველი და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, ასევე საქართველოს საერთაშორისო მეგობრებსაც ჰქონდათ იგივე პოზიცია. ეს არ არის ის, რაც ჩვენ საიდუმლოდ გავაკეთეთ, ეს იყო საკმაოდ საჯარო, ნორმალური რაღაც. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, - თქვა ელჩმა.

კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ ეს არ არის სკანდალი, არამედ რუტინული პროცესია.

„აშშ-მა დახარჯა დიდი დრო, დიდი ხანია მუშაობს სასამართლო ხელისუფლებასთან, შესაძლებლობების განვითარებისთვის, ცდილობს რომ გააძლიეროს პროფესიონალიზმი, სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის კუთხით. ეს მოიცავს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს საქართველოს მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისთვის და ამერიკის ექსპერტებს შორის. კიდევ ერთხელ, ეს არის რუტინა, რომელიც სულ ხდება“, - თქვა კელი დეგნანმა.

ელჩის ინფორმაციით, საქართველოდან 6000-ზე მეტი მონაწილეა აშშ-ის სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში - საგანმანათლებლო, კულტურულ და მართლმსაჯულების სფეროებში.

„ეს არის ღია და ხელმისაწვდომი, და ღიაა რომ მიიღო სარგებელი ამ პროგრამის მიზნებიდან. ეს არის ამერიკის მხარის მიზანი, რომ გავცვალოთ ხედვები, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ცოდნა ჩამოვიტანოთ უკან საქართველოში. ამიტომაც გაცვლითი პროგრამები არის წარმატებული და ძალიან პოპულარული წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება“, - განაცხადა ელჩმა.

ლაშა ჩხიკვაძე „რუსთავი 2"-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ წერილში დაწერა: „მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".

15 ივლისს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე ნახეთ დეგნანი: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ შეესაბამება სიმართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.