„ისინი დამწყვდეული ჰყავთ გარაჟში, რომელიც გარედან ჩარაზულია. კვებავენ დღეში ერთხელ რაღაც სალაფავით, ხვალ საგამოძიებო იზოლატორში გაგზავნიან“, - ამის შესახებ მეთაურების მიერ უკანონოდ დასჯილი ჯარისკაცების თანამებრძოლმა, ეფრეიტორმა ილია კამინსკიმ უამბო „ნასტოაიშჩეე ვრემიას“ (რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან პროექტს).
მანამდე ამავე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცებმა თქვეს, რომ მათ არ აძლევენ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის უფლებას. მეთაურები მათზე ახდენენ ზეწოლას, კერძოდ, ბრძანების შეუსრულებლობისთვის საპატიმროთი ემუქრებიან. ბრიგადის 78 ჯარისკაცი მზად იყო იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორია დაეტოვებინა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულიყო, მაგრამ მეთაურების ზეწოლის გამო 50-მა სამხედრომ ამის გაკეთება გადაიფიქრა.
მაგრამ სხვებს მყარად აქვთ გადაწყვეტილი რუსეთის არმიის დატოვება და საგამოძიებო იზოლატორში წასვლისთვისაც კი მზად არიან.
„ვინ არის თანახმა მეთაურის წინადადებაზე?“
„ამბობენ, რომ გადაგვიყვანენ სადღაც ლუგანსკთან ახლომდებარე საგამოძიებო იზოლატორში. ეს არის რაღაც ცენტრი ნომერ 1 საგამოძიებო იზოლატორის ტერიტორიაზე. ჩამოვიდნენ ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის სამხედრო-საგამოძიებო განყოფილების წარმომადგენლები, გვაიძულებდნენ დაგვეწერა ახსნა-განმარტება, რომ მზად ვართ ამოცანის შესასრულებლად. ჩვენი პატაკები იხეოდა, არ იღებდნენ, ჩვენ დავწერეთ დაახლოებით... საკუთარ თავზე ვილაპარაკებ, მე დავწერე დაახლოებით 40 პატაკი. არცერთი არ განხილულა“, - გვითხრა სატელეფონო საუბარში ქალაქ ულან-უდეში განლაგებული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცმა ილია კამინსკიმ.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ განკარგულებაში აღმოჩნდა აღმზრდელობით-პოლიტიკურ საკითხებში სადესანტო-საშტურმო ბრიგადის მეთაურის მოადგილის, აგაფონოვის საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც იგი ომში მონაწილეობაში უარის მთქმელ სამხედროებს სხვა უფრო იოლი სამხედრო სამსახურის ფორმას სთავაზობს.
ამ 8 კაცს ძალიან სურს მწყობრში ჩადგომა. ძალიან ძლიერ. მთელი დღე მირეკავენ. უკვე მზად არიან, ტყვიამფრქვევიან მოტოციკლს მოასხდნენ. არ ვიცი, რა უქნეს იქ, რა უთხრეს იმ ლუგანსკში, როგორ აუწერეს ის მუხლი, რაც მათ ბრძანების შეუსრულებლობისთვის ემუქრებათ.აგაფონოვი
„სამეთაურო პუნქტის დაცვა, არტილერისტების დაცვა. არავის არ უნდა? ბრიგადის მეთაურმა გვითხრა, ჰკითხე, ვინმეს არ სურს არტილერისტების მეორე გათვლას უყარაულოსო. არიან მსურველები? ბიჭებო, გაფრთხილებთ, ეს ბოლო წინადადებაა. თუ თქვენ შორის არ არიან მსურველები ბრიგადის მეთაურის წინადადებაზე, მე არ გაკავებთ. დრო მოსაფიქრებლად 18 საათი გაქვთ. 18 საათის შემდეგ არანაირ განაცხადს აღარ მივიღებ“, - ამბობს რუსი ოფიცერი.
ეფრეიტორი კამინსკი ამბობს, რომ უკრაინაში ბრძოლაზე უარის მთქმელი ჯარისკაცები ორ ჯგუფად გაყვეს და ერთი მათგანი, რომელშიც 8 კაცია, წინა დღით უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ვიცე-პოლკოვნიკი აგაფონოვი ხსენებულ ჩანაწერში ამბობს, რომ ისინი ლუგანსკში ქალაქის კომენდატურაში იმყოფებიან და უარი თქვეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნაზე.
"ამ 8 კაცს ძალიან სურს მწყობრში ჩადგომა. ძალიან ძლიერ. მთელი დღე მირეკავენ. უკვე მზად არიან, ტყვიამფრქვევიან მოტოციკლს მოასხდნენ. არ ვიცი, რა უქნეს იქ, რა უთხრეს იმ ლუგანსკში, როგორ აუწერეს ის მუხლი, რაც მათ ბრძანების შეუსრულებლობისთვის ემუქრებათ. მე უკვე დავიღალე თქვენთან საუბრით და თქვენი ღირსების დაცვით. ეს ადამიანები, როგორც კი ლუგანსკში მიდიან, შემდეგ უკვე ერთმნიშვნელოვნად მწყობრში დგებიან. მე მზად ვარ ერთ-ერთი თქვენგანი წავიყვანო ლუგანსკში და მოვასმენინო, თუ რა უთხრეს მათ და რა ემუქრებათ ისეთი, რის გამოც ამ რვა კაცმა ძალიან მოინდომა ისევ მწყობრში ჩადგომა“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი აგაფონოვი.
„იმიტომ, რომ სიცოცხლე მომინდა“
მორალურად დავიღალე. აბსოლუტურად არავითარი ნდობა აღარ არსებობს უფროსობისა და ზემდგომი მეთაურების მიმართ...ილია კამინსკი
ახლა მე-11 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცები, რომლებიც უარს ამბობენ ე.წ. სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, არ ასახელებენ თავიანთ ადგილმდებარეობას, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე არიან. მათივე ინფორმაციით, "სპეცოპერაციის" დაწყებიდან ბრიგადამ პირადი შემადგენლობის დაახლოებით ნახევარი დაკარგა - დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ამ სათვალავში არიან ისინი, ვინც სამსახურის გაგრძელებაზე უარი თქვეს. მაგრამ, ამასთან, ბრიგადა უკვე დაკომპლექტებულია ახალწვეულებით.
რაც შეეხება ჯარისკაც ილია კამინსკის, იგი ამბობს, რომ არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას და მეთაურობის დაშინების მიუხედავად მყარად აქვს გადაწყვეტილი შინ დაბრუნება.
„მორალურად დავიღალე. აბსოლუტურად არავითარი ნდობა აღარ არსებობს უფროსობისა და ზემდგომი მეთაურების მიმართ. აბსოლუტურად არავითარი, რადგან ისინი ყველაფერს უგულებელყოფენ. ისინი უგულებელყოფენ თხოვნას. ისინი აწრიალდნენ, გადავიდნენ თხოვნაზე, როდესაც ხალხმა კონკრეტულად თქვა "არა". მათ უკვე დაიწყეს სხვადასხვა წინადადების შემოთავაზება. დავიღალეთ! სახლში მინდა. სამი თვის წინ ჩემი ქალიშვილი დაიბადა. ჯერ არ მინახავს. პირველი პატაკი დავწერე აპრილის ბოლოს, არ განხილულა, არ იყო ხელმოწერილი, მეთაურებმა უგულებელყვეს. შემდეგ უკვე მაისიდან დავიწყე პატაკების წერა უარის თქმის შესახებ, რადგან ისინი დიდხანს იკვებებოდნენ დაპირებებით“, - ჩივის ილია კამინსკი.
სულ ახლახან ილიას თანაპოლკელმა, რომელიც უკრაინაში უარის მთქმელ ჯარისკაცებთან შესახვედრად გაემგზავრა, მას უამბო, თუ რა ვითარებაში ნახა სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის 10 სამხედრო მოსამსახურე. ისინი დამწყვდეული ჰყავთ გარაჟში, რათა შემდეგ ლუგანსკში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანონო.
ახლახან ფონდმა „სვობოდნაია ბურიატიამ“ გაავრცელა ცნობა ბურიატიიდან გაგზავნილი 150 სამხედროს შესახებ, რომლებმაც უარი თქვეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე და სახლში დაბრუნდნენ.
ასევე ნახეთ ბურიატები - რუსეთის არმიის საზარბაზნე ხორცი?ასევე არ მოისურვა უკრაინაში ბრძოლა კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული 205-ე მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის ბევრმა სამხედრო მოსამსახურემ. გაზაფხულზე ამ ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღეს მარიუპოლში გამართულ ბრძოლებში და ნიკოლაევს უტევდნენ, ზოგი კი "აზოვსტალის" ფონზე პოზირებდა.
გასულ კვირას სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მეთაურობამ „სამარცხვინო დაფა“ განათავსა: ეს არის 300-ზე მეტი იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის სია (თავისივე ფოტოებით), რომლებმაც უარი თქვეს ომში მონაწილეობაზე. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტებმა შეძლეს „სამარცხვინო დაფაზე“ გაკრული რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება და ანონიმურობის პირობით მათთან საუბარიც მოახერხეს. ბევრს არ სურდა თავიანთი სახელების გამჟღავნება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაასრულეს სამსახური ან იქიდან დაითხოვეს.
ერთ-ერთი მათგანია ანტონ გუბანოვი (სახელ-გვარი შეცვლილია), რომელმაც 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის შემადგენლობაში მოასწრო უკრაინაში ბრძოლა, მაგრამ მალევე დატოვა სამხედრო სამსახური. შეკითხვაზე, რა იყო ამის მიზეზი, ყოფილი ჯარისკაცი მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „იმიტომ, რომ სიცოცხლე მომინდა“.