სწრაფი და უძვირესი - ყველაფერი, რაც ვიცით ილონ მასკის Starlink-ზე

ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტი საქართველოში 2023 წელს ამუშავდება. მისი ჩართვა შეიძლება ყველგან და ის ქვეყანაში ყველაზე სწრაფი კავშირი იქნება. მაგრამ, ამასთანავე, ყველაზე ძვირიც.

14 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მუშაობის უფლება მისცა კომპანია Starlink Georgia-ს, რომელიც ილონ მასკის Starlink-ის შვილობილია. ამჟამად ის უკვე 34 ქვეყანას ამარაგებს სატელიტური ინტერნეტით. მათ შორის, აშშ-ს, კანადასა და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას. კომპანიის საიტის თანახმად, საქართველო მათ 2023 წელს შეუერთდება. აი, რუსეთში, ჩინეთში, ირანში, სირიასა და ჩრდილო კორეაში შესვლას კი ილონ მასკი არ აპირებს.

როგორ მუშაობს?

მასკმა დედამიწის დაბალ ორბიტაზე (პლანეტიდან დაახლოებით 550 კილომეტრში) უკვე თითქმის 3 ათასი თანამგზავრი გაუშვა. თითო პატარა მაცივრის ხელაა. მათთან დასაკავშირებლად აუცილებელია „სტარლინკის“ სატელიტური თეფში და როუტერი.

ერთადერთი პირობაა, რომ თეფში იჭერს მხოლოდ ღია ცისქვეშ. Starlink-ი ამტკიცებს, რომ მის დაყენებას 5 წუთზე მეტი არ სჭირდება, უძლებს ძლიერ წვიმას, ყინვასა და სიცხეს.

კომპანია თვლის, რომ Starlink-ის კავშირი ყველაზე მეტად გამოადგება მათ, ვინც ცხოვრობს სოფლებსა და მთაში, ანუ ძნელად მისასვლელ ადგილებში, სადაც ვერ ხერხდება ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა და ცუდად იჭერს მობილური ქსელი.

2021 წლის ბოლოს, დედამიწაზე ინტერნეტი არ ჰქონდა 2.9 მილიარდ ადამიანს, ანუ მოსახლეობის დაახლოებით 37%-ს.

საქართველოში კი, კვლევითი კომპანია Kepios-ის თანახმად, სახლის როუტერის გარეშე ქვეყნის მოსახლეობის 27 პროცენტი რჩება.

სიჩქარე

კომპანია Ookla-ს მონაცემებით, 2022 წლის პირველ მეოთხედში „სტარლინკის“ სიჩქარე გაიზარდა და საშუალოდ შეადგინა 90.55 მეგაბიტი წამში. ეს ოდნავ ნაკლებია, ვიდრე სახლის ინტერნეტის საშუალო სისწრაფე მსოფლიოში - 113 მეგაბიტი წამში.

მაგრამ, ამასთანავე, Starlink-ი გაცილებით სწრაფია, ვიდრე ის საშუალო სიჩქარე, რომლითაც საქართველოში სახლის ინტერნეტს იღებენ - 28.6 მეგაბიტი წამში. საქართველო ამ მხრივ მსოფლიოში 112-ეა. ბოლო, 181-ე ადგილზე კუბაა.

ფასი

„სტარლინკი“ სწრაფი და მოსახერხებელი კია, მაგრამ იმაზე ძვირია, ვიდრე საშუალო თვიური ხელფასი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ფიზიკური პირებისთვის სააბონენტო გადასახადი 110$-ია, ამასთანავე, ერთჯერადად 599$ უნდა გადაიხადონ Starlink-ის თეფშში. კომპანიებისთვის გადასახადი გაცილებით მაღალია - 500$ თვეში, 2500$ კი - თეფშის სანაცვლოდ.

შედარებისთვის, კუბაში, სადაც მსოფლიოს ყველაზე ნელი ინტერნეტია, საშუალო თვიური ხელფასი 2021 წელს 30 დოლარი იყო.

ყველაზე იაფი სახლის ინტერნეტი სირიაში ღირს - თვეში საშუალოდ 2 დოლარი, ყველაზე ძვირი კი, ბურუნდიში - საშუალოდ, 429.

დაცული რუსი ჰაკერებისგან

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ Starlink-ისგან 10 ათასზე მეტი თეფში მიიღო. როგორც შემდეგ გაირკვა, თეფშების უმეტესობა აშშ-ის ხელისუფლებამ დააფინანსა.

უკრაინაში სატელიტურ ინტერნეტს ძირითადად სამხედროები ხმარობენ, მაგრამ ამასთანავე Starlink-ის ინტერნეტი უკრაინისთვის დაზღვევაცაა. თუკი რუსული ჯარი რომელიმე ქალაქს კავშირს გამოურთავს, თეფშის გაშლას სულ რაღაც 10 წუთი დასჭირდება.

ილონ მასკი წერდა, რომ ომის დროს რუსმა ჰაკერებმა „სტარლინკის“ გატეხვა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები განმარტავენ - Starlink-ს შეუძლია, საკუთარი პროგრამა დღეში რამდენჯერმე განაახლოს, რაც ჰაკერებს სისტემაში შეღწევის დროს არ აძლევს.

კოსმოსური ნაგავი

თებერვლის დასაწყისში მაგნიტურმა შტორმმა 40-მდე თანამგზავრი მწყობრიდან გამოიყვანა. მაგრამ SpaceX-ი ორბიტაზე კიდევ 10 ათასზე მეტი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

ილონ მასკს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ ამდენი თანამგზავრის გაშვებით ის ორბიტის დაბინძურებას შეუწყობს ხელს. დედამიწის ორბიტაზე ახლა დაახლოებით 3 ათასი მწყობრიდან გამოსული თანამგზავრი ბრუნავს. მეცნიერებმა დაითვალეს, რომ ასულ დედამიწის ორბიტაზე 128 მილიონი ერთეული ნარჩენია.

ასტრონომები ამბობენ, რომ მათ გამო დედამიწიდან გაცილებით რთული დასანახია, კოსმოსში რა ხდება. ამასთანავე, კოსმოსური ნარჩენების უტილიზაციის ტექნოლოგია ჯერ ბოლომდე დახვეწილი არ არის.