მიუხედავად არაერთი საჯარო მოწოდებისა, რომ ვიდეო ძალადობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული შინაარსის იყო და შეიცავდა გაუპატიურების მოწოდებას, ექთნის თანაშემწემ ვიდეო მხოლოდ მას შემდეგ წაშალა, რაც 18 ივლისს, ალადაშვილის კლინიკის ადმინისტრაციას მოქალაქეებმა მიმართეს.
რატომ გააფრთხილა ალადაშვილის კლინიკამ ექთნის ტიკ-ტოკერი თანაშემწე?
ექთნის თანაშემწის უშუალო ხელმძღვანელი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მან თანამშრომელს გაფრთხილება გამოუცხადა არა ვიდეოს შინაარსის, არამედ იმის გამო, რომ „სამუშაო საათებში გამონახა დრო და ვიდეო გადაიღო“.
„რაც შეეხება ტიკ-ტოკს, საღლაბუცო პლატფორმას, მის გადაღებულ ვიდეოს, შინაარსს, სისულელეა თავიდან ბოლომდე და აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს და უყურებს ამ ყველაფერს სერიოზული თვალით, ვფიქრობ, რომ საქმე არ აქვს, უბრალოდ უსაქმურია ... ტიკ-ტოკზე თუ ვინმე შედის როდესმე, [ნახავს] მსგავსი ტიპის ვიდეოებს და ბევრად უარეს ვიდეოებს, ძალადობრივ ვიდეოებს და არა მხოლოდ ძალადობრივ ვიდეოებს, გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს ამას... დიდი ვარაუდით, მან ეს სხვა ვიდეოსგან გადაიღო და არა მისი ინიციატივით მოიფიქრა... მან ძალიან მძიმე საყვედური მიიღო იმის გამო, რომ ამ გაცხოველებული მუშაობის პირობებში, მოახერხა, გამონახა დრო და გადაიღო ვიდეო და ამის გამო უზარმაზარი საყვედური მიიღო და ამ ეტაპზე, კლინიკაში დატოვებულია მხოლოდ დაკვირვების ქვეშ გამოსაცდელი ვადით“.
She: I’ll never sleep with you - რა საფრთხე დაინახეს უფლებადამცველებმა ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში?
ტიკ-ტოკისათვის დამახასიათებელ რამდენიმე წამიან ვიდეოს, რომელსაც მედ-პერსონალის ლურჯ ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი იღებს, თან ახლავს წარწერა: She: I’ll never sleep with you (ის ქალი:მე არასოდეს დავწვები შენთან). ამის შემდეგ ვიდეოს ავტორი აღწერს და აჩვენებს თუ როგორ უნდა „დააძინო ქალი“ მოტყუებით.
ამ ვიდეოს შინაარსი ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი გამოდგა ქალთა უფლებადამცველებისთვის. მათ შორის იურისტი ანა არგანაშვილისთვის, ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.
ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მედმუშაკი ახალისებს და წარმოსახავს სცენას, თუ როგორ უნდა დაამყარო სქესობრივი კავშირი უგონოდ მყოფ ადამიანთან, რომელიც შესაძლოა იყოს ანესთეზიის ქვეშ, რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედებაა და დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს.
„აქ ძალიან საშიში ფაქტი არის ის, რომ მას, როგორც სამედიცინო პერსონალს, აქვს ამ დანაშაულის ჩადენის ძალიან დიდი შესაძლებლობა. შესაბამისად, ბუნებრივად გვიჩნდება შიში, რომ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია თუ რეალურად შეიძლება ეს ფაქტი დადგეს. ამ ქმედებით ის უდიდეს ზიანს აყენებს თავად კლინიკას. ვერასდროს ვურჩევ ადამიანს იმ კლინიკაში მისვლას, რომლის მედპერსონალი მსგავსი ტიპის მოდელირებას სთავაზობს მომხმარებელს სოციალურ ქსელში. ეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, შესაძლოა კლინიკაში დაწყებულიყო საგამოძიებო მოქმედებები. ამ ტიპის ვიდეო არის მტკიცებულება, რომ კლინიკის მედპერსონალი წაახალისებს არა მარტო პაციენტის უფლების დარღვევას, არამედ შესაძლო დანაშაულს. გარდა ამისა, რისკენ უბიძგებს ის სხვა დამწყებ მედ-პერსონალს?“
ანა არგანაშვილს მიაჩნია, რომ პროცესი მხოლოდ ერთი ადამიანის გაფრთხილებით არ უნდა დასრულდეს:
„პირველ რიგში, კლინიკას განცხადება უნდა გამოექვეყნებინა, რომ ისინი ემიჯნებიან მსგავს მოწოდებას. ამგვარ ფაქტებზე წაყრუება არ შეიძლება. ეს ფაქტი მხოლოდ გაფრთხილებით არ უნდა სრულდებოდეს, რადგან კითხვის ნიშნები ჩნდება უკვე კლინიკასთანაც. მიგვაჩნია, რომ კლინიკის მიმართ უნდა დაიწყოს მოკვლევა რეგულირების სააგენტომ, რადგან კლინიკებში მოხვედრილი, მოწყვლადი ჯგუფის უსაფრთხოება ჩვენი მხრიდან ფხიზლად ყოფნას მოითხოვს“.
უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად აფასებს კლინიკის რეაქციას “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ წარმომადგენელი, იდა ბახტურიძე. ის თვლის, რომ კლინიკის მენეჯმენტმა პრობლემა სათანადოდ ვერ გაიაზრა.
მისი აზრით ვიდეოს შინაარსი საგანგაშოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის არა მხოლოდ კლინიკის კედლებში ჩადენილ დანაშაულთან შეიძლება იყოს ასოცირებული, არამედ მოიცავს გაუპატიურების ღია მოწოდებას და ამის „რეცეპტსაც“ სთავაზობს სოციალური ქსელის მომხმარებელს:
„გარდა იმისა, რომ ძალადობისა და გაუპატიურების კულტურის დანერგვას და წახალისებას უწყობს ხელს ეს ვიდეო, ამგვარი მოწოდება და ინსტრუქცია შეიძლება ადამიანისათვის ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს, რადგან, არავინ იცის, „ქალი დაძინების“ მიზნით, ვინ, რას და რა დოზით გამოიყენებს, ეს ხომ კონტროლს მიღმა რჩება. ის სწორედ ამ მეთოდს გვთავაზობს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში, სივრცეში, სადაც უამრავი მოზარდი, თინეიჯერი იყრის თავს“.
აბსოლუტურად მიუღებელ შინაარსს შეიცავს ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ვიდეო ექიმ-ანესთეზიოლოგ ანი ქავთარაძისთვის. მისი თქმით, ვიდეო სრულადაა აცდენილი სამედიცინო ეთიკის ნორმებს, რომელსაც მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს კლინიკის ადმინისტრაცია. მისი თქმით, ეს ვიდეო პირდაპირ აზიანებს, როგორც მედპერსონალის რეპუტაციას, ისე პაციენტების ინტერესებს.
„სამედიცინო ეთიკა ისწავლება ყველა სამედიცინო უნივერსიტეტში და ის წარმოადგენს ჩვენი პროფესიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული რგოლების მიერ. ჩემთვის, როგორც ექიმ-ანესთეზიოლოგისთვის, მსგავსი ტიპის ვიდეოს გავრცელება პროფესიული თვალსაზრისით არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია ჩვენს ვიწრო მიმართულებაში. თავად პრეპარატები, რომელიც ამ სფეროში გამოიყენება, არ უნდა ხდებოდეს ფართო განხილვის საგანი, არ უნდა ხდებოდეს მათი პოპულარიზაცია, ვინაიდან თითოეულ მედიკამენტს თავისი დანიშნულება, დრო, მოხმარების წესი და ადგილი აქვს. გარდა იმისა, რაზეც უფლებადამცველები ამახვილებენ ყურადღებას და ეს შესაძლოა განხილულ იქნას როგორც დანაშაულებრივი ქმედების წახალისება, ეს პირდაპირ არის სამედიცინო ეთიკის დარღვევა“.
ალადაშვილის სახელობის კლინიკას ოფიციალური წერილით მიმართავს ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი“. როგორც ორგანიზაციის იურისტი, ცირა ჯგერენაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ისინი კლინიკის ადმინისტრაციისგან ოფიციალურ პასუხს გამოითხოვენ, თუ რა რეაგირება მოახდინეს მათი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ძალადობრივი შინაარსის ვიდეოზე:
„გარდა ამისა, ჩვენს წერილში შევეცდებით კლინიკის ადმინისტრაციას ავუხსნათ, თუ რატომ არის ეს ვიდეო ძალადობის მოწოდების შემცველი. მართალია, ექთნის თანაშემწე 19 წლისაა, მას არ აქვს არც ექთნის და არც ექიმის ლიცენზია, რომლის შეჩერებაც შეგვიძლია მოვითხოვოთ, მაგრამ ის დასაქმებულია და მასთან არსებობს შრომითი ხელშეკრულება. ამ ადამიანს ადმინისტრაციამ უნდა აუხსნას, თუ რატომ არის ამგვარი ქმედება გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია“.
„საფარის“ იურისტის თქმით, არ არის გამორიცხული, ორგანიზაციამ მიმართოს სახალხო დამცველსაც და ითხოვოს ომბუდსმენის ოფისმა მოიკვლევა დაიწყოს. და თუკი დადგინდება დისკრიმინაცია, მისცეს რეკომენდაცი როგორც ვიდეოს ავტორს, ასევე დამსაქმებელს რომლის მოვალეობაცაა დისკრიმინაციიაზე სათანადო რეაგირება.