ცოტა ხნის წინ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც 43 წლისაა, დედა გახდა. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ ბავშვი არ უნდოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ვფიქრობდი, თავს მწერლობას, კარიერას, მოგზაურობას, მოკლედ, მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნიდა.
თან დედობაზე, როგორც არჩევანზე და არა ვალდებულებაზე ბოლო დროს წაკითხულ ერთ საინტერესო სტატიაზეც ვფიქრობდი. იქ გადავეყარე ბრიტანელი ნობელიანტი მწერლის, დორის ლესინგის ციტატას : „ბავშვებთან ერთად ვერავინ წერს... ეს არ არის კარგი. ეს ჩვენი ჯვარიაო“. ამაზე დაფიქრებულმაც ვკითხე, შვილი რატომ გააჩინე, ნამდვილად გინდოდა-მეთქი?
არ ვიცი, - მიპასუხა, - ბოლოს რაღაცნაირად მომეწყინა, მინდოდა რაღაც მიკუთვნებულობის გრძნობა გამჩენოდა, თითქოს ჰაერში ვიყავი გამოკიდებულიო.
ზუსტად ვიცი, ჩემი მეგობარიც ფიქრობს, რომ დედობა - ქალის არჩევანია და არა საზოგადოებისგან ნაკარნახევი ვალდებულება, მაგრამ ამ დიალოგის მერე, მაინც დიდხანს გამყვა ფიქრი - იქნებ მისი ეს მოწყენა საზოგადოების წნეხის ბრალიც იყო? ისევე, როგორც თავის დროზე, სხვა არაერთი ქალის შემთხვევაში მომხდარა, ვისგანაც დედობას ელოდნენ და მეტიც, მოითხოვდნენ?
ეს კითხვა: ყველა ქალი უნდა გახდეს თუ არა დედა, დიდი ხანია უკვე დისკუსიის საგანია ბევრ ქვეყანაში.
ამ ტედთოქში, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა, ქრისტენ რეიტერი, რომელსაც არასოდეს სურდა დედა გამხდარიყო, ამბობს, რომ აშშ-ში ხუთიდან ერთ ქალს არ სურს ჰყავდეს ბიოლოგიური შვილი.
თავის გამოცდილებაზე საუბრისას, ის ჰყვება, როგორ მოითხოვს საზოგადოება ქალებისგან მხოლოდ შვილის ყოლას კი არა, იმასაც, რომ მათ უნდა სურდეთ კიდეც დედობა.
გაუთავებელ კითხვებზე - ქორწინების და შვილის გაჩენის შესახებ მის პასუხს, რომ საერთოდ არ სურდა შვილი, მუდმივად უპასუხებდნენ ღიმილით: ეგ არაფერი, აზრს შეიცვლი.
მაგრამ ქრისტენს აზრი არ შეუცვლია.
მსოფლიოში მრავალი ნებაყოფლობით უშვილო ე.წ. Childfree ადამიანი არსებობს. არა მხოლოდ ქალები, არამედ, კაცებიც, რომლებსაც შეგნებულად არ სურთ შვილები.
ასევე ნახეთ ვინ არიან ნებაყოფლობით უშვილოები (Childfree) და როგორ ცხოვრობენ ისინი უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაშირადიო თავისუფლების ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ მომზადებულ სტატიაში წერია, რომ „ჩაილდფრის“ ფენომენის კვლევა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო კანადელმა სოციოლოგმა ჯინ ვივერსმა, რომელმაც ასეთი ადამიანები ორ ჯგუფად გაყო. პირველ ჯგუფს მიაკუთვნა „უარმყოფელები“ (rejectors), ანუ ის ადამიანები, ვისაც ბავშვები სიყვარულის გრძნობას არ აღუძრავენ, ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება კი მათში უსიამოვნო ემოციებს იწვევს.
მეორე ჯგუფში შეიყვანა „დამფასებლები“ (aficionados). ამ ადამიანებს შეიძლება უყვარდეთ ბავშვები, მაგრამ არ არიან მზად იმისათვის, რომ შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და საკუთარი თავისუფლება შეიზღუდონ ბავშვის გამო.
საქართველოშიც უკვე არაერთი ქალი აღიარებს, რომ მათ არ სურთ შვილის გაჩენა. საამისოდ ყველას თავისი განსხვავებული მიზეზი აქვს.
„ყველაფერზე ვშფოთავ, რაც ჩემს შვილს ეხება, ეს უზარმაზარ ძალას მართმევს, თითქოს მე აღარ ვარსებობ“, - მითხრა 35 წლის ნათია ამირიძემ, როცა დედობაზე ლაპარაკი დავიწყეთ: „ხშირად მეფიქრება, ნეტა, მხოლოდ ჩემი თავი მყოლოდა მოსავლელი! იქნებ ყველას არ უნდა ჰყავდეს შვილები?“
ნათიას შვილი დღეს 17 წლისაა და დედის ამ კითხვას ერთ დღეს მანვე გასცა პასუხი, როცა წინ დაუდგა და უთხრა:
დედა, მგონი, მე არ მინდა შვილის გაჩენა.
რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, ნათიამ შვილს უპასუხა: ეს შენი არჩევანია, მაგრამ.... იცი რა, მომავალში მაინც მინდა შვილი გყავდეს.
მე არ მინდა ვიყო დედა, რატომ არის ეს ასე რთული გასაგებად?
არც 31 წლის მარი ყანჩაველს სდომებია ოდესმე დედობა. როცა ამ თემაზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ჩამოვარდება სიტყვა, დიალოგი მაშინვე წყდება. მისი პოზიცია დღემდე უცვლელია. მარის სჯერა, ქალს აქვს სრული უფლება, თქვას: მე არ მინდა ვიყო დედა. არ მინდა მყავდეს შვილი.
„წესით, 21-ე საუკუნეში ამაში არაფერი განსაკუთრებული აღარ უნდა იყოს. აღარ შეიძლება ქალების აღქმა, როგორც ინკუბატორების. ეს არ არის „მხევლის დღიურები“ და არც დეიდა ლიდია უნდა მადგეს თავზე ზარით. ეს სრულიად წარმოუდგენელია“.
ამ ვიდეოში მარი ღიად ლაპარაკობს დედობაზე, როგორც არჩევანზე და იმაზე, რა გემართება, თუ გაბედავ და „არას“ იტყვი.
Your browser doesn’t support HTML5
„არ მაქვს სიმამაცე, რომ იმ ყველაფერს გავუმკლავდე, რასაც შვილის ყოლა, ახალი სიცოცხლის ამ სამყაროში შემოყვანა გულისხმობს“, - ახლა უკვე ღიად შეუძლია ამ თემაზე ლაპარაკი თათია მთვარელიძესაც.
Your browser doesn’t support HTML5
- იცი, რომ ამ სიტყვების და პოზიციის გამო ძალიან გაგაკრიტიკებენ? - ვკითხეთ თათიას.
- ვიცი. გამაკრიტიკონ. ისედაც მაკრიტიკებენ, მაგრამ ჯობს ვილაპარაკო, რადგან ასეთი ქალები ვარსებობთ.
თუ დედა არ გავხდი, არასრულყოფილი ქალი ვარ?
მარის და თათიას მსგავსად, ბოლო დროს, საქართველოში ქალები სულ უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ საკუთარ შეგრძნებებზე სოციალურ ქსელებში - ოღონდ ქალთა დახურულ ჯგუფებში. ღიად ლაპარაკს ამ საკითხზე უმრავლესობა ჯერ ისევ ერიდება, რადგან იციან, რომ დედობა მათ ქვეყანაში - ქალის უმთავრესი როლი და მოვალეობაა. ხოლო იმაზე დაეჭვებას, ყველა ქალი უნდა გახდეს თუ არა დედა, დასაწყისშივე კრიტიკა მოჰყვება, თან, პირველ რიგში, მათივე ოჯახის წევრების მხრიდან.
ჩვენ ახლაც უამრავი წერილი მივიღეთ - მათ შორის, არა მხოლოდ მათგან, ვისაც დედობა ვერ გადაუწყვეტია ან მტკიცედ იცის, რომ შვილები არ უნდა, მათგანაც, ვინც უკვე დედაა. მათი უმრავლესობა გვწერს, რომ დედობა - ეს ქალის არჩევანი უნდა იყოს.
ქეთი: საზოგადოება თითქოს არ აღმიქვავს სრულყოფილ ადამიანად, თუ დედა არ გავხდები. არც ჩემი ცხოვრება აღიქმება სრულფასოვნად, თუ ოჯახი არ მეყოლება. და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, როდესაც ზრდასრულ, მოაზროვნე ადამიანს გადაწყვეტილი გაქვს, რომ არ გინდა შვილი, ამაზე გპასუხობენ, რომ „გამოჩნდება ვიღაც კაცი, რომელიც გადაგაფიქრებინებს“.
ანა: შვილის ყოლა არასდროს მდომებია, მით უმეტეს ბიოლოგიურის. ორსულობა ჩემთვის არასასურველი მდგომარეობაა და ვერც საკუთარი თავი წარმომიდგენია ორსული. ბავშვობაშიც კი არ მიყვარდა „დედაშვილობანას“ თამაში. კარიერისტი არ ვარ, მაგრამ თავისუფალი დრო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და არ ვარ მზად ის დავთმო. არ გამოვრიცხავ, რომ როცა ამისთვის მზად ვიქნები, როცა ასე თუ ისე ამას გავაკეთებ, რაც გეგმა/ოცნება მაქვს, ვიფიქრო ბავშვის აყვანაზე. უკვე დაბადებული ადამიანისთვის სახლის და ოჯახის მიცემა ბევრად მეტად ჯდება მშობლობის საჩემო ვერსიაში.
ნინო: ერთია, მე რა შეთანხმება მაქვს ჩემს თავთან და მეორე - როგორი არათანასწორი დამოკიდებულება არსებობს საქართველოში იმ ქალებს შორის, ვინც დედაა (ან უნდა დედობა) და ვინც დედა არ არის - დედობა ცალსახად უპირატესობაა. და თუ შვილები გყავს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უკვე გაცილებით მეტი გაქვს გაკეთებული იმ ქალზე, ვინც, შესაძლოა, კარიერაში მწვერვალები დაიპყრო. თითქოს რეპროდუქციული მანქანა იყო, საზოგადოება პირდაპირ მოითხოვს შენგან, იყო დედა.
თუ წლების შემდეგ ვინანე, რომ შვილი არ გავაჩინე, ესეც ჩემი გადაწყვეტილება იქნება და არავის დავაბრალებ. მაგრამ ის მაინც მეცოდინება, რომ საზოგადოების წნეხზე ვიქნები გამარჯვებული. დედობა - ეს ადამიანის ერთ-ერთი როლია, მაგრამ არა უპირატესობა.
ლია: დედა ვარ, მაგრამ მე რომ 21 წლის ასაკში ის გონება მქონოდა, რაც დღეს, 32 წლისას მაქვს, არავითარ შემთხვევაში შვილს არ გავაჩენდი.
დედაჩემისგან მაქვს უდიდესი წნეხი, რადგან შვილი გყავს, არსად არ უნდა იარო, გართობა შენთვის აღარ არის და მხოლოდ ბავშვზე უნდა იზრუნოო.
ირგვლივ არის უამრავი გოგო, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვთ, რომლებიც არც იკლებენ რამეს და არც ეტყობათ, რომ დაბმულები იყვნენ. მე სამგან ვმუშაობ, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს ხელნაკეთი ნივთების, ასევე ახალი წამოწყება ქალების გასაძლიერებლად, დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად, საცხოვრებელიც მაქვს ჩემი და არავის ველოდები დახმარების ხელის გამოსაწვდენად, მაგრამ მაინც ვერ ვარ დამოუკიდებელი, რადგან "ბავშვი მყავს და არ მაქვს უფლება“.
„არც ერთი საშვილოსნო არ უნდა გაცდეს“ - ეს რეპროდუქციული ძალადობაა
რეპროდუქციული ძალადობა, როგორც ფემინისტი აქტივისტი, ნინო ბაისონაშვილი გვეუბნება, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წნეხია, რომელსაც ქალი სწორედ ქალობის გამო განიცდის და ეს წნეხი, როგორც წესი, პირველ რიგში, სწორედ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან მოდის.
ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე დამალული ფორმაცაა.
„ჩვენი საზოგადოება 1%-თაც კი არ უშვებს, რომ დედობაზე უარის თქმა, შესაძლოა, ქალის აბსოლუტურად გაცნობიერებული და თავისუფალი არჩევანი იყოს“, - გვეუბნება ნინო ბაისონაშვილი.
ამ წნეხს ხან აგრესიული ფორმა აქვს, ხან კი ვითომ კეთილმეგობრული, მზრუნველი რჩევებით შემოიფარგლება: „შვილი აუცილებლად უნდა გააჩინო, სიბერეში წყლის მიმწოდებელი დაგჭირდება“.
ქალების ნაწილს ხშირად უწევს თავის მართლება იმის გამო, რომ არა აქვთ სურვილი თავიანთი რეპროდუქციული სისტემა აუცილებლად დედობისთვის გამოიყენონ. მათ ხშირად აბულინგებენ. როგორც ნინო ამბობს, „ცუდი ქალობის“ გამო არცხვენენ.
„არასდროს სვამენ კითხვას, რატომ არ ჰყავს შვილები, მაგალითად, რომელიმე წარმატებულ კაცს. მას არასოდეს იბრალებენ ამის გამო - როგორც ქალებს, გარკვეულ ასაკში... ქალებს კი პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი აუცილებლად შეიცვლიან აზრს. ესეც ჩვენი კულტურით ნასაზრდოები მოსაზრებაა, რომლისგან დაშორება ძალიან ხანგრძლივი პროცესია - ამიტომ სულ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენს სასარგებლოდ არც დრო მუშაობს, არც პოლიტიკური სისტემა, არც ეკლესია. და უნდა ვთქვათ ხმამაღლა, არასწორია საზოგადოების დამოკიდებულება, რომ "არც ერთი საშვილოსნო არ უნდა გაცდეს“.
ნინო ბაისონაშვილი ამბობს, რომ რეპროდუქცია ქალის სექსუალური ცხოვრების ერთადერთ გამართლებად მიიჩნევა და ეს არის კიდეც ქალთა სექსუალობის რეპრესირებულობის მიზეზი.
2021 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევამაც აჩვენა, რომ ქალები არ იღებდნენ საკუთარ სხეულთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
„ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ქალების თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ არ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, ჰქონდეს თუ არა სქესობრივი კავშირი, გამოიყენოს თუ არა კონტრაცეფცია, ან სამედიცინო დახმარება მოიძიოს“, - წერს UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ნატალია კანემი. „ასობით მილიონ ქალს და გოგონას საკუთარი სხეული თავად არ ეკუთვნის. მათ ცხოვრებას სხვები მართავენ“.
ქალის სექსუალობა - ამაზე ლაპარაკი აკრძალულია
სწორედ ამ უარყოფილი სექსუალობის აღქმით დაიწყო ჩვენთან დედობის არჩევანზე საუბარი ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.
„ერთადერთი, რისთვისაც ქალს დაუტოვეს მისი რეპროდუქციული სისტემა, არის ის, რომ ის უნდა გახდეს დედა. სინამდვილეში კი, ქალი, თავისი არსით, ბევრად მეტია, ვიდრე დედა, რისი გაგება ძალიან უჭირს საზოგადოებას".
მაია ცირამუას ახსენდება ერთი ქართული ანდაზაც „16 წლის ქალი ან ქმრის, ან ქვის ქვეშო“, რომელშიც ფსიქოლოგი დამალულ, მავნებლურ შინაარსს ხედავს - ეს შინაარსი კი, მისი შეფასებით, ამბობს, რომ 16 წლის ქალი ან უნდა გაათხოვო (და ამ გზით აღვირი ამოსდო), ან უნდა მოკვდეს:
„თუ დაუკვირდებით, ეს ანდაზა მავნეა როგორც ნაადრევი ქორწინების, ისე ფემიციდის თვალსაზრისითაც“.
დედობას, ამბობს მაია ცირამუა, მძიმე ტვირთიც მოსდევს. ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური ცვლილებები. ძუძუთი კვება. ორსულობის შემდგომ დეპრესია. შიში, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდება:
„ეს სრულიად ლეგიტიმური შიშია. და მერე, რომ დაფიქრდე, შვილს რისთვის აჩენ, დედობა რისთვის გინდა, ეს ეგზისტენციალური კითხვაა და ამ კითხვაზე ვინ როგორ პასუხს გასცემს, ეს არის პირადად მისი საქმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ქალის არჩევანი“.
მაია ცირამუას, რომელსაც თავადაც 4 შვილი ჰყავს, ვკითხეთ, თუ უგრძვნია თავი ამ ნიშნით პრივილეგირებულ ქალად:
„მიგრძვნია დამოკიდებულება - ააა, ყველაფერთან ერთად კიდევ ოთხი შვილიც გყავს? და, მეორე მხრივ, დაუცინიათ კიდეც, რაო, იმ 90-იანების მიწურულს, შენ და შენს ქმარს ტელევიზორი არ გქონდათო? ან თუ დაღლილს დამიწუწუნია, რომ რაღაცას ვერ მოვერიე, ნიშნისმოგებით უთქვამთ, აბა, რა გეგონაო... სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქალებს უნდა შეგვეშვან. ჩვენ გადავწყვეტთ, რას გავაკეთებთ და როგორ დავგეგმავთ ჩვენს ცხოვრებას“.
მიშელ მოროლო კი, ზემოთ ნახსენებ სტატიას, იმ ქალების მიმართ, ვისაც არ ესმის, რატომ არ შეიძლება სხვა ქალებს არ ჰყავდეთ შვილები, მაგრამ იყვნენ ბედნიერები, ასრულებს სიტყვებით:
„ქალები, რომლებსაც დედობის სურვილი არ აქვთ, არ არიან „უცნაურები“. ჩვენც ისევე ვვითარდებით სულიერად და ემოციურად, როგორც თქვენ. შესაძლოა თქვენგან განსხვავებულად, მაგრამ არანაკლებ შესანიშნავად“...