სააკაშვილის ადვოკატი სასჯელის გადავადებაზე კანონის გაფართოებისთვის პარლამენტს მიმართავს

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისსავე სასამართლო სხდომაზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" იმ მუხლის გაფართოებას ითხოვს, რომლითაც პატიმარს სასჯელი დაავადებების გამო გადაუვადდება. საკანონმდებლო წინადადება 16 ივლისს გაეგზავნა პარლამენტს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძისა და მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის სახელით.

კანონმდებლობის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სასჯელის გადავადება შესაძლებელია თუ "მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე". საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, კი ეს შესაძლებელი უნდა იყოს "სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა თავისუფლების აღკვეთასთან – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე".

"მოქმედი რედაქციის თანახმად, განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას, მოსამართლე ზედმეტად შეზღუდულია ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, მოსამართლეს უფლება არ აქვს გადაავადოს განაჩენის აღსრულება, თუ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ დაავადება, რომლის საფუძველზეც განიხილება გადავადების საკითხი, არის „მძიმე“. ექსპერტი აფასებს ყოველ კონკრეტულ დაავადებას დამოუკიდებლად, მაშინ, როდესაც შესაძლოა, მსჯავრდებული არ იყოს დაავადებული მძიმე ავადმყოფობით, მაგრამ რამდენიმე დაავადება ქმნიდეს თავისუფლების აღკვეთასთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობას. ცვლილება აუქმებს ამ მიდგომას და მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას გადაწყვეტილება მიიღოს ზემოთ განხილული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 18 ივლისის გადაწყვეტილებით ეს საკანონმდებლო წინადადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს.

მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.

ასევე ნახეთ "ემპათიის" კონსილიუმის ექიმი: სააკაშვილის ასეთი მკურნალობა შედეგს არ მოგვცემდა, ვამბობდით

სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული არაერთი სხდომა გადაიდო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გამოსავლად მის საზღვარგართე სამკურნალოდ გადაყვანასთან ერთად სასჯელის გადავადებას ასახელებენ.