მამამ მითხრა აფხაზეთიდან ხარო - დევნილი მემკვიდრეობით

ალექსანდრე ლაცუზბაია, ნინიკო ლეკიშვილი, ელენე ჩარგაზია, ნიკა ფარულავა.

ბოლო 10 წელიწადში საქართველოში დევნილთა რიცხვი სულ მცირე 45 ათასით გაიზარდა. როგორ მოხდა ასე, თუკი ეს 10 წელი ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი არ ყოფილა?

"არ ვიცი რამდენად ნორმალურია, მაგრამ ერთი იდენტობა არ მაქვს. როცა მეკითხებიან, საიდან ვარ, უხერხულობის განცდა მაქვს და დანაკლისი მრჩება გულში, თუ არ ვამატებ, რომ აფხაზეთიდან ვარ, რადგან მამაჩემი ყველასთან ასე ამბობს და მეც მისგან მაქვს გადმოცემული მემკვიდრეობით. აფხაზეთზე უფრო ბაბუა მიყვებოდა და ძირითადად, ისტორიები მისი მონათხრობიდან დაილექა ჩემს მეხსიერებაში", - ამბობს 27 წლის ელენე ჩარგაზია, რომლის მშობლები ომამდე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდნენ.

ელენე ჩარგაზია

ის ომის შემდეგ, 1994 წელს ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ბოლომდე ვერც ქუთაისელად იგრძნო თავი და ვერც დევნილად აფხაზეთიდან. სახლში ომზე არ საუბრობდნენ. ელენემ აფხაზეთიდან ჩამოსული ნათესავებისგან იცოდა, რომ არსებობს აფხაზეთი, იყო ომი და დევნილები, ვიღაცებს "საზღვარზე" იჭერდნენ, აფხაზებზეც ხან ცუდი ესმოდა, ხან კარგი.

24 წლის ნიკა ფარულავასაც, როცა ეკითხებიან, საიდან არის, ყოველთვის უპასუხებს, რომ გაგრიდან. ის 1998 წელს დევნილობაში, რუსეთში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდანვე იცის, რომ აფხაზეთიდანაა.

ნიკა ფარულავა

"აფხაზეთზე ძირითადად მამა მიყვებოდა. ასევე, ვათვალიერებდი ფოტოებს და ვეცნობოდი წიგნებიდან. "ფაზლივით" ვაწყობდი რაღაცებს, რომ აღმედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იქაურობა. ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ უკვე ვიდეოების ყურება დავიწყე და ეს ფაზლი თითქოს სრულყოფილი გახდა, მაგრამ სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ შენ თვითონ ვერ შეიგრძნობ, რაც არის იქ რეალურად. უცხოსავით, ტურისტივით ხარ, რომელიც შორიდან უყურებს", - ჰყვება ნიკა.

22 წლის ალექსანდრე ლაცუზბაიასაც როცა ეკითხებიან, საიდან ხარ, პასუხობს, რომ აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ ოქუმიდან. ალექსანდრე, ომიდან 6 წლის შემდეგ, თბილისში დაიბადა.

ალექსანდრე ლაცუზბაია

"ჩემი წინაპრები მინიმუმ 7 თაობა გალის რაიონში ცხოვრობდა. მამა მიყვებოდა, როგორ კარგად ცხოვრობდნენ აფხაზეთში, თუნდაც ეკონომიკურად. აფხაზებთანაც კარგი მოგონებები აკავშირებს, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონიათ, ახლა დაკარგულია ეს ყველაფერი. მე დიდი ემოციური კავშირი არ მაქვს, არ მიცხოვრია იქ", - ამბობს ალექსანდრე.

დევნილობაში დაბადებული თაობის წარმოსახვა აფხაზეთზე აგებულია იმაზე, თუ რას უყვებოდნენ და უყვებიან მშობლები. მათი გონება აფხაზეთზე ფიქრისას თითქოს ნისლით იბინდება. მშობლიურ მხარეში თავის უცხოდ შეგრძნების შიშის მიუხედავად, ცხოვრების მთავარ შეხვედრად მაინც აფხაზეთში დაბრუნებას მიიჩნევენ.

სოხუმი, 2018 წლის აგვისტო

"ძალიან რთულია გიყვარდეს რაღაც ისე, არც კი გქონდეს არასდროს ნანახი და თითქოს, რომ არ გიყვარდეს, ეს ძალიან დიდი ღალატია შენი თავის, ოჯახის წინაშე", - ამბობს 29 წლის ნინიკო ლეკიშვილი, რომელიც როცა ვინმეს ეცნობა, ეუბნება, რომ სოხუმიდანაა, რუსთავში კი დროებით ცხოვრობს.

ნინიკო ლეკიშვილი

ელენე, ნიკასა და ალექსანდრესგან განსხვავებით ის სოხუმში დაიბადა. 10 თვის იყო, როცა ოჯახი აფხაზეთიდან გამოიქცა. როგორ დაიბადა საავადმყოფოში, რომელიც 3 დღის მერე აფეთქდა, როგორ გადაურჩნენ ჩასხდომას თვითმფრინავში, რომელიც აფრენის შემდეგ აფეთქდა, როგორ გამოიარეს სვანეთის მთები ფეხით - მის მეხსიერებაში ეს მოგონებები სხვების მონაყოლმა დალექა.

საქართველოში დევნილთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს სახელმწიფო მშობლიდან შვილს მემკვიდრეობით ანიჭებს.

დევნილის სტატუსის მისაღებად საჭიროა განცხადების დაწერა დევნილთა სამინისტროს სახელზე და სტანდარტული დოკუმენტების წარდგენა.

"ბავშვობიდან ვიცოდი, რომ დევნილის სტატუსი მქონდა. ამ სტატუსის ე.წ. ბენეფიტი აღმოვაჩინე მაშინ, როცა 18 წლის გავხდი. სოციალური ბარათი მომცეს და 45 ლარი დამერიცხა. დევნილის სტატუსი სხვა რამე მნიშვნელოვანში არ დამხმარებია. მაქსიმუმ, მგონი სტუდენტურ ბანაკში მიმიღეს უპრობლემოდ. პლუს, ბინას ველოდებით უკვე ამდენი ხანია. ბევრს მისცეს, კი, ვაფასებ მაგას, მაგრამ ზოგადად კარგი იქნებოდა, ეს პრობლემა მოგვარებული იყოს, თუნდაც იმ კუთხით, რომ ბინით ან თანხით დაკმაყოფილების შემდეგ დევნილის სტატუსის მოხსნა ხდებოდეს. ვფიქრობ, ეს სწორი იქნებოდა", - ამბობს ალექსანდრე ლაცუზბაია.

ასევე ნახეთ 30 წელი ბინის მოლოდინში - რატომ გვყავს დევნილები, რომლებსაც სახლი დღემდე არ აქვთ

დევნილის სტატუსის პოლიტიკური მნიშვნელობა

იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე მომუშავე მკვლევრების შეფასებით, სტატუსი არის არა მხოლოდ სოციალური სარგებელი, არამედ ეს არის უფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნებაზე.

"დევნილებისთვის სტატუსი ასოცირდება დაბრუნების უფლებასთან. ერთ-ერთი ბენეფიტია ყოველთვიური 45-ლარიანი დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მათგანისთვის. ასევე, არის განსახლების პროგრამაში ჩართულობა, ესეც მეორე მამოტივირებელია, ჩემი აზრით", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" წარმომადგენელი ელიკო ბენდელიანი.

ელიკო ბენდელიანი

ბენდელიანს მიაჩნია, რომ შეიძლება ახალი თაობის დევნილებს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი სოციალური სარგებლების გარეშე მიენიჭოთ. მაგალითად, განსახლების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა პირველი თაობის დევნილებს ჰქონდეთ, დანარჩენებს მიენიჭოთ სტატუსი, მაგრამ ყველა პროგრამაში არ ჩაერთონ.

"რამდენად სამართლიანია და მორალურად სწორი, არ ვიცი. ვთვლი, რომ ჩემ შემთხვევაში არ არის მთლად უსამართლო დევნილის სტატუსის ქონა, რადგან გავიზარდე ტრავმირებულ ადამიანებთან, მეც, ჩემი აზრით, მაქვს რაღაც ტრავმა, მაგრამ ჩემი შვილის შემთხვევაში არ ვიცი. ალბათ, თვითონ უნდა აირჩიოს, თუ მისცემს სახელმწიფო ამის საშუალებას", - ამბობს ელენე ჩარგაზია.

"მე რომ შვილი მყავდეს, მივანიჭებდი დევნილის სტატუსს, რადგან ვთვლი, რომ აფხაზეთიდან არის. ერთი მხრივ, ამით ჩაბღაუჭებული ხარ იდეას, რომ ოდესმე დაბრუნდები. სანამ ეს ნარატივი იქნება, რომ ჩვენ გაერთიანებისთვის ვიბრძვით, ჩემი აზრით, სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ზოგადად, ეს არის სიმბოლო იმის, რომ დევნილებს ეკუთვნით იქ დაბრუნება", - ამბობს ნინიკო ლეკიშვილი.

მაგალითად, უკრაინაში დევნილთა შვილებზე სტატუსი მემკვიდრეობით არ გადადის. თუმცა მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თუ საქართველო დევნილის სტატუსის მემკვიდრეობით გადაცემის პრაქტიკას შეცვლის, დროსთან ერთად ქვეყანაში აღარ დარჩება ისეთი მოსახლეობა, რომელსაც აფხაზეთში დარჩენილ ქონებაზე ექნება პრეტენზია. მით უმეტეს, რომ საქართველოს კონფლიქტები გაჭიანურებული კონფლიქტების რიგს მიეკუთვნება.

"ჩვენ გვქონდა კვლევები და სტატუსი ძალიან ბევრი დევნილისთვის არის გარკვეულწილად იმედი იმისა, რომ ისინი ოდესმე დაბრუნდებიან. რეალურად იურიდიულად ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს დევნილის სტატუსი, მაგრამ მას მის რეალურ საკუთრებაში დაბრუნების უფლება ისედაც აქვს. თუმცა დევნილებისთვის სტატუსი პირდაპირ ასოცირდება დაბრუნებასთან", - ამბობს ელიკო ბენდელიანი.

1992 წლის ზაფხულში დაწყებულ ომს აფხაზეთის 300 000-მდე მცხოვრების იძულებითი გადაადგილება მოჰყვა. მათი უმრავლესობა, 240 000-ზე მეტი ადამიანი, ეთნიკურად ქართველი იყო, რომლებიც თავიანთ სახლებში დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებენ, რადგან ამას აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბრძანების საფუძველზე, რეგიონში დაბრუნების უფლება გალის რაიონის მხოლოდ იმ ქართველებს მისცეს, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ. რეგიონში ვითარების შედარებით დასტაბილურების შემდეგ დევნილმა გალელებმა სახლებში დაბრუნება 1999 წლიდან დაიწყეს.

Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, გალის რაიონში სპონტანურად, სავარაუდოდ, 45 000 ან 47 000 ქართველი დაბრუნდა. თუმცა საქართველოს მთავრობა მათ უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას არ აღიარებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები დევნილების მსგავსად გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს და მათ შვილებსაც იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ენიჭებათ. თუმცა გალის რაიონში მცხოვრები ქართველები დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართულნი არ არიან.

ნინიკოს ხანდახან ჰგონია, რომ ბედნიერი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა დაბრუნდება სოხუმში.

"ჩემს ცხოვრებას თან სდევს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: რა მოხდებოდა, ომი რომ არ დაწყებულიყო, როგორი ვიქნებოდი, რა ინტერესები მექნებოდა, როგორი მეგობრები მეყოლებოდა, და მეორე კითხვა: რა მოხდება, თუკი ერთ დღეს მართლა დავბრუნდი სოხუმში: რას ვიგრძნობ, როცა სოხუმის ქუჩებში გავივლი, როგორ შემომხედავენ აფხაზები, რას ვიგრძნობ, როცა ჩემს დანგრეულ სახლს ვნახავ, იქნება ეს ძალიან უცხო, თუ მართლა აღმოვაჩენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, რომ მე სახლში ვარ".