რადიო თავისუფლებამ გადახედა რამდენიმე თარიღს და იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელიც გოგაშვილის სახელს უკავშირდება და პროკურატურის ბრალში ნახსენები არაა.
2018 წელს უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი, „ქართული ოცნების“ გავლენიანი მაღალჩინოსანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილის თანამდებობიდან მიზეზების ახსნის გარეშე მიდის.
2020 წელს გოგაშვილი "ქართული ოცნებასაც" ტოვებს. "პარტიის თავმჯდომარე გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა. საზოგადოებისთვის განმარტებებს უახლოეს მომავალში გავაკეთებ", - ამბობს ის „ბატონ ბიძინა ივანიშვილთან" "პირადი საუბრის" შემდეგ. 2021 წელს, TV პირველთან ინტერვიუში გოგაშვილი ამბობს, რომ წინასწარ იცოდა ივანიშვილის "პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება" და ამის გამო მან, როგორც 2012 წელს პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მმართველ პარტიაში ყოფნის 8 წლისთავზე "ოცნება" დატოვა.
"ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც)", - დაწერა გოგაშვილმა 2022 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც 14-15 ივლისს მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილმა სატელევიზიო არხებმა გაავრცელეს ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტების სარედაქციო შეხვედრის, სავარაუდოდ, ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული, ჩანაწერი. ჩანაწერიდან ჩანდა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოპოზიციურ მედიაში მისი ყოფილი სამსახურიდან გაჟონილი დოკუმენტების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 2022 წლის 16 ივლისს, საკუთარ სახლში, მრავალსაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.
"ჩემდამი იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა, ოჯახის წევრების წამება. არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. 4 საათი სასწრაფო არ გამოიძახეს და მომექცნენ, როგორ უკანასკნელ ტერორისტს", - თქვა გოგაშვილმა 18 ივლისს სასამართლო სხდომაზე.
პროკურატურა გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას ედავება. პროკურატურის ბრალის წარდგენის დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მაჩალიკაშვილის, მამალაძისა და ხარშილაძის საქმეებზე.
- პანკისის ხეობის მკვიდრი, მალხაზ მაჩალიკაშვილი, იოსებ გოგაშვილს თავისი 18 წლის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში, ოჯახის წევრების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს.
- გოგაშვილისგან ძმის „წამებისთვის“ ითხოვს პასუხს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.
- შვილის 120-დღიან უსაფუძვლო პატიმრობას იოსებ გოგაშვილის მხრიდან ანგარიშსწორებას უკავშირებს ჟურნალისტი ელისო კილაძე, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი.
შეიძლება ალაპარაკდეს ამ საქმესთან დაკავშირებითაც - მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე
„გოგაშვილმა კარგად იცის, რატომ შემოიყვანეს საქართველოში ახმედ ჩატაევი (2017 წლის ნოემბერში), იცის მთელი ეს სქემა - ვის ჰქონდა მასთან [ჩატაევთან] ბიზნესი და როგორ ურთიერთობდნენ მასთან... ნურას უკაცრავად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ იმ ქეისით არ აშინებდეს გოგაშვილი დღევანდელ ხელისუფლებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ის ვარაუდობს, რომ ტერორისტების საქართველოში თავისუფლად შემოშვებასა და პანკისის ხეობასა თუ თბილისში მათ თავისუფლად მოძრაობას შეეწირა მისი შვილიც და მოელის, რომ, ადრე თუ გვიან, ამაზე გოგაშვილიც ალაპარაკდება.
„ყველამ კარგად იცის, რომ გოგაშვილს ამ საქმეზეც აქვს ზუსტი ინფორმაცია. ის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინოსანი იყო და როგორც ამავე ხელისუფლების ხერხემალი სუს-ში... მე ველოდები, რომ რაღაც ეტაპზე ის ამ საქმეზეც დაიწყებს ლაპარაკს... ბევრჯერ უთქვამს - ყველამ ჩემზე შეიწმინდა ხელიო... ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში აქტუალურია და ესენიც კარგად ხვდებიან, რომ სტრასბურგი ხელახალ გამოძიებას მოითხოვს და დადგინდება ყველაფერი“, - გვეუბნება მაჩალიკაშვილი.
სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი მოკლეს, თავად ჩატაევმა თავი აიფეთქა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. დეკემბრის სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებულები სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო. მათ შორის იყო მაჩალიკაშვილების მეზობელი რამაზ მარგოშვილი.
ასევე ნახეთ პანკისის სპეცოპერაცია: რა (არ) თქვეს მაღალჩინოსნებმა?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) გამოკვლეული მასალების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ჩვენებაში მითითებულია, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს თავად არ იმყოფებოდა სოფელ დუისში და ინფორმაციას იოსებ გოგაშვილისა (მისი იმჟამინდელი მოადგილე) და ირაკლი ჩიმაკაძისგან (კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი) იღებდა. გოგაშვილი უარყოფს პანკისში ყოფნას.
ასევე ნახეთ კობახიძე: გოგაშვილს წლებია შეხება არ აქვს „ქართულ ოცნებასთან"მალხაზ მაჩალიკაშვილს ადრეც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, იოსებ გოგაშვილი მის ოჯახში, სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში, დაახლოებით დილის 9 საათისთვის მივიდა.
„ის მოვიდა მაშინ, როცა თემირლანს ესროლეს, აირია ყველაფერი და საჭირო გახდა ხელყუმბარის ამოტანა და საქმეში ჩადება. ეს მოხდა სწორედ ამ მხეცის [გოგაშვილის] დავალებით“, - უთხრა მაჩალიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.
პანკისის სათემო რადიო სხვადასხვა წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ „თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია“.
ასევე ნახეთ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაბრუნებულ ტელეფონში რამდენიმე აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება
2019 წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაადანაშაულა. ითქვა, რომ ის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების მკვლელობას გეგმავდა.
ჩემი შვილი დააჭერინა - ელისო კილაძე გოგაშვილის შესახებ
"2017 წელს, 120 დღე უკანონოდ ჰყავდათ ჩემი შვილი დაკავებული, სრულიად უდანაშაულოდ და ეს ყველაფერი სწორედ იოსებ გოგაშვილის დაგეგმილი იყო", - ამბობს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და შვილის დაკავებას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.
„გოგაშვილი მაშინ სუს-ის უფროსის გავლენიანი მოადგილე იყო და ფაქტობრივად - უფროსი იყო... მე ვახსენე პირველად მისი სახელი, რადგან ძალიან ბევრი შემაშფოთებელი ინფორმაცია მოდიოდა - მათ შორის, ტერორისტების ხელშეწყობის თუ ირანული ფულის გათეთრების შესახებ...
ამ ყველაფერზე საჯაროდ ვწერდი მუდმივად. ჰქონდა მცდელობა ჩემთან ურთიერთობის დალაგების, მაგრამ, რა თქმა უნდა, უარი მიიღო და ამის შემდეგ, დაიწყო არნახული ზეწოლა ჩემზე - თვალთვალი და ბინძური ჭორების გავრცელება გოგაშვილის აგენტურული ქსელის დახმარებით... დაიწყეს ნიადაგის მომზადება და ავრცელებდნენ ხმებს, რომ ჩემი შვილი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი“, - ამბობს კილაძე.
კილაძის შვილი, 28 წლის დავით ხარშილაძე, 2017 წლის 13 მარტს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ის ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და საქმე უზენაეს სასამართლოში აღარ წასულა.
ასევე ნახეთ ნარკოტიკი - რეპრესიის იარაღი?„ახლა დაკავების ფორმებზე რომ აპროტესტებს მისი [გოგაშვილის] ოჯახი, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცინება... ავტომანქანა დააჯახეს ბოჭორიშვილის ქუჩაზე, ისე დააკავეს ჩემი შვილი... ბორკილებდადებული ეგდო მიწაზე და თავზე ადგა ორი პირი, რომლებმაც ნარკოტიკები ჩაუდეს... სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას ფოტო გადაუღო და გაუგზავნეს სოსო გოგაშვილს“, - კილაძის ინფორმაციით, „გოგაშვილის ბოტებმა და ტროლებმა არნახული სიბინძურის გავრცელება დაკავების შედეგაც გააგრძელეს“; ასეთ პირობებში ზეწოლას ვერ გაუძლო გაზეთის ზოგიერთმა თანამშრომელმა და ისინი სამსახურიდან წავიდნენ.
ელისო კილაძე სხვადასხვა დროს ასევე ხშირად წერდა იოსებ გოგაშვილის სწრაფ კარიერულ წინსვლაზე და ასევე სწრაფად მზარდ ქონებაზე, რომელიც შემოსავლების მიხედვით, ვერ საბუთდებოდა.
ჩემი ძმის წამებისთვის... - თორნიკე მამალაძე გოგაშვილის შესახებ
2017 წელს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე 16 ივლისს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში წერს, რომ "ოცნებისთვის" დისკომფორტის შექმნის გამო მასზე შურისძიება არ არის საკმარისი" და, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გარდა, იოსებ გოგაშვილმა პასუხი უნდა აგოს "ციანიდის საქმის შეკერვისთვის" და "ჩემი ძმის წამებისთვის".
ელისო კილაძე ამბობს, რომ მამალაძის შემთხვევაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ინტერესი მომავალ პატრიარქად მისადმი ლოიალური კანდიდატის - ბოდბელი მთავარეპისკოპოს იაკობის - მხარდაჭერა იყო. გოგაშვილი „ფიქრობდა, რომ თუ პატრიარქად, ასე ვთქვათ, საკუთარ კანდიდატურას გაიყვანდა, ის იქნებოდა მუდმივად ხელშეუხებელი... ეს იყო „ციანიდის სპეცოპერაცია“, სადაც ციანიდის კვალსაც ვერ მიაგნეს“, - ამბობს კილაძე.
ასევე ნახეთ მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ არის მღვდელ გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი
„ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით იოსებ გოგაშვილმა 2021 წელს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა და მის ნაამბობში მედიამ წინააღმდეგობები აღმოაჩინა.
„გოგაშვილმა ერთი სიმართლე რაც თქვა, ის არის, რომ პატრიარქის გადაყენება უნდოდათ და უნდოდათ სასურველი კანდიდატის აყვანა, ზუსტად ამ თემას ხელმძღვანელობდა გოგაშვილი და მოაწყეს ციანიდის სკანდალი, გაწირეს ჩემი ძმა, რადგან კარგად იცოდნენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მეუფე დიმიტრისთან ჩემ ძმას და ამით ყველაზე მთავარი პრეტენდენტი პატრიარქობის ჩამოაშორეს!”, – დაწერა მაშინ გიორგი მამალაძის ძმამ.
ასევე ნახეთ გოგაშვილის საქმე - რა თქვეს მხარეებმა სასამართლოზედაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში იოსებ გოგაშვილი წერს, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების მეთოდებთან დაკავშირებით და რომ შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდა "ყველა შესაბამის ორგანიზაციას". ის ამბობს, რომ ჰქონდა შეხვედრები "დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და ა.შ." და "ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას, ასევე სხვა ორგანიზაციებს".
"ეს დოკუმენტი მაინც იხილავს დღის სინათლეს. არის საზღვარგარეთ, სანდო ხელში და აპირებს რამდენიმე დღეში მის გასაჯაროებას", - უთხრა ჟურნალისტებს გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
ცალკე ვრცელდება ცნობები, რომ გოგაშვილს ასევე შეიძლება ჰქონდეს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ფარული მიყურადების დოკუმენტებიც.
ასევე ნახეთ ადვოკატი: დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სანდო ხელშია