„პუტინი უფსკრულის პირას ასე ახლოს არასოდეს მისულა“

"პუტინ, ჰააგის ტრიბუნალი გელოდება!" პლაკატი ამსტერდამში გამართული საპროტესტო აქციიდან. 2022 წ. 6 მარტი

რუსეთში თითქმის არ დარჩა დამოუკიდებელი ჟურნალისტი ან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი წესით არ იდევნება. კრემლი ყველა პირობას უქმნის განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, დატოვონ სამშობლო და ემიგრაციაში წავიდნენ, რუსეთში დარჩენილებს კი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მიღებული კანონებით სდევნის. ასე აღმოჩნდა ციხეში მოსკოვის მუნიციპალური საბჭოს დეპუტატი ალექსეი გორინოვი, რომლის ბედსაც სავარაუდოდ მალე გაიზიარებენ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ილია იაშინი და რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში.

აშკარაა, რომ კრემლი ამკაცრებს რეპრესიებს, რაც, სავარაუდოდ, პირდაპირ კავშირშია ომის გაჭიანურებასა და ომისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებასთან.

„რეპრესიები უფრო სასტიკი გახდება, რადგან რეჟიმს ახლა სხვა არჩევანი აღარ აქვს. რეჟიმმა წააგო ბრძოლა საზოგადოებრივი აზრისთვის. მხოლოდ მაისიდან ივნისამდე, „ლევადა ცენტრის“ ღია გამოკითხვაში, პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 8 პროცენტული პუნქტით დაეცა. ასევე არსებობს სხვა არაპირდაპირი ინდიკატორებიც. მაგალითად, ВЦИОМ-იდან გაჟონილი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება დამაჯერებლად აგებს ბრძოლას საზოგადოებრივი აზრისთვის“, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი აბას გალიამოვი, რომლის მიერ დასახელებული ВЦИОМ-ი რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სახელმწიფო დაწესებულებაა.

აბას გალიამოვი

ВЦИОМ-ის მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული ოფიციალური ცნობის მიხედვით, ოთხი თვის განმავლობაში უკრაინაში შეჭრისადმი რუსეთის საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა: რუსეთის მოქალაქეების 72% მხარს უჭერს სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას.

ВЦИОМ-ის კვლევების სანდოობას ბევრი ექპერტი აყენებს ეჭვის ქვეშ არა მხოლოდ იმის გამო, რომ სოციოლოგიური გამოკითხვები ტარდება ომისა და რეპრესიების პირობებში. ВЦИОМ-ი სახელმწიფო, საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რაც პუტინის რუსეთში გამორიცხავს დამოუკიდებლობის ნებისმიერ გამოვლინებას. საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებისა და მანიპულაციის ნიმუშად შეიძლება დასახელდეს 2022 წლის ივნისში გაზომილი „საზოგადოებრივი და პირადი საპროტესტო განწყობის“ დონე.

„2022 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 11%-მა (შარშან 24% იყო); მოქალაქეების 83% არ მიიღებს მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, თუ ისინი გაიმართება“, - ნათქვამია ВЦИОМ-ის ცნობაში, რომლის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი.

„რეპრესიები და დაპატიმრებები ხელისუფლების რეაქციაა საზოგადოების განსხვავებულ პოზიციაზე, - მიაჩნია პოლიტოლოგს, - როცა პროტესტი მძაფრდება და უკმაყოფილებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამოხეთქოს ქუჩებში, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, დააპატიმროს ოპოზიციის ლიდერები იმის იმედად, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეები იმოქმედებენ არაეფექტიანად, არაკოორდინირებულად და, შესაბამისად, რეჟიმისთვის მიყენებული ზიანი იქნება მინიმალური“.

რუსეთის ხელისუფლებამ ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჟურნალისტსა და კულტურის სფეროს წარმომადგენელს მისცა სამშობლოს დატოვების საშუალება. ცხადია, ნებისმიერ მათგანზე შეეძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა თუნდაც „ყველაზე მოდური“ 207.3-ე, ე.წ. ჯარის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლით, რაც გააკეთა კიდეც, როცა გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრა გააპროტესტა პირდაპირ ეთერში.

მარინა ოვსიანნიკოვა პლაკატით "არა ომს!" რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. 2022 წ. 14 მარტი

ალექსანდრ ნევზოროვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე მაშინ აღიძრა, როცა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ალექსანდრ ნევზოროვი ომის დაწყების დღიდან მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და მის შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე გენოციდის მოწყობასა და ომის დანაშაულების ჩადენაში ამხელდა.

2020 წელს რუსეთის ხელისუფლებამ უცხოეთში დარჩენის შანსი მისცა რუსული ოპოზიციის ყველაზე რეიტინგულ ლიდერს, ალექსეი ნავალნისაც, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურმა მოწამლა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გაუშვეს მკურნალობის კურსის გასავლელად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც შეეძლო კიდეც დარჩენა, მაგრამ 2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი დაბრუნდა რუსეთში, სადაც აეროპორტშივე დააპატიმრეს.

ალექსეი ნავალნი

რუსეთის ხელისუფლება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ოპონენტების გასანეიტრალებლად იყენებს ორ საშუალებას, რომელთაგან ერთი ემიგრაციით მთავრდება, მეორე კი - პატიმრობით, ამასთან, ისიც აშკარაა, რომ კრემლი უპირატესობას ანიჭებს ოპონენტის ემიგრაციაში გაშვებას. როგორც ცნობილი რუსი დრამატურგი და უკრაინაში შეჭრის შემდეგ ემიგრაციაში წასული ვიქტორ შედნდეროვიჩი ამბობს „დოიჩე ველესთან“ საუბარში, ემიგრანტი, თუ ის თომას მანივით მნიშვნელოვანი ფიგურაა, შეიძლება იყოს კულტურული ან მორალური წინააღმდეგობის სიმბოლო, მაგრამ ემიგრანტები ვერასოდეს შეცვლიან ხელისუფლებას.

„ეს შეუძლებელია შესაბამისი ბერკეტების არარსებობის გამო. აი, ალექსეი ნავალნი [რომელიც რუსეთის ციხეში იმყოფება] დღევანდელ რუსულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო მიხაილ ხოდორკოვსკი [რომელიც ლონდონში ცხოვრობს] - არა. ეს უნდა გვესმოდეს ცხადად. თუ რუსეთის შიდა პოლიტიკა ისე შეიცვლება, რომ გაჩნდება მოთხოვნილება ემიგრაციაში მყოფ რუს ინტელექტუალებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული და მარგინალიზებული, ეს უთუოდ წაადგება რუსეთს, მაგრამ გარედან შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლა“, - ამბობს ვიქტორ შენდეროვიჩი.

ვიქტორ შენდეროვიჩი

პოლიტოლოგ აბას გალიამოვის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის საზოგადოებას არ მოსწონს რეპრესიების გამკაცრება და ამ დამოკიდებულებას ხელისუფლებაც გრძნობს:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხელისუფლების მხარდამჭერებიც კი უკმაყოფილონი არიან რეპრესიების გაძლიერებით. გორინოვის საქმეს თუ გადახედავთ [„სპეცოპერაციის“ ნაცვლად გამოიყენა სიტყვა „ომი“, რის გამოც 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს], ნახავთ, რომ ამის შესახებ ფედერალურ ტელეარხებზე სიუჟეტები არ გასულა. ყველაფრით ტრაბახობენ ეს პროპაგანდისტული არხები, მაგრამ გორინოვის ციხეში ჩასმით არ უტრაბახიათ. ხელისუფლებამ იცის, რომ მის ამომრჩეველს ეს არ მოსწონს“.

რუსი პოლიტოლოგის თქმით, პუტინის რუსეთში გადაწყვეტილებას, დაიჭირონ თუ არა ესა თუ ის ადამიანი, იღებენ პოლიტიკური და არა იურიდიული მიზანშეწონილობით:

„თუმცა კარგად ესმით, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტის ან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, ხელს უწყობს ამ ჟურნალისტისა თუ პოლიტიკოსის ცნობადობის ამაღლებასა და აუდიტორიის ზრდას“.

ილია იაშინის დაპატიმრებას აბას გალიამოვი იმით ხსნის, რომ ოპოზიციის იმ ლიდერებიდან, რომლებიც ახლა რუსეთში იმყოფებიან, იაშინი, ალბათ, ყველაზე ეფექტური კომუნიკატორია.

ილია იაშინი სასამართლოში, 2022 წ. 13 ივლისი

„საჯარო სივრცეში ნავალნის არარსებობის პირობებში, იაშინი გახდა რუსეთის ოპოზიციის ყველაზე გამორჩეული ფიგურა. როგორც სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, იაშინი ცნობადია მთელი რუსეთის მასშტაბით. ფაქტობრივად, ამიტომაც არ სურდა ხელისუფლებას მისი დაპატიმრება დიდი ხნის განმავლობაში, არ სურდა მისი ციხეში ჩასმა. ხელისუფლებას ესმის: ეს ხელს შეუწყობს მის შემდგომ პოპულარობასა და კაპიტალიზაციას, მაგრამ ახლა სხვა გზა აღარ დარჩა. ხელისუფლება ახორციელებს არა რაიმე იდეალურ სტრატეგიას, არამედ უბრალოდ დაკავებულია ხვრელების ამოვსებით. ხელისუფლება ასე მოქმედებს: ჩვენ აქ და ახლა უნდა მოვკვეთოთ თავი ოპოზიციას. დაე, გაიზარდოს მისი პოპულარობა, მაგრამ ახლა ის უნდა გაქრეს საინფორმაციო სივრციდან“, - უთხრა აბას გალიამოვმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

რევოლუცია რევოლუციონერების გარეშე?

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა ალექსეი ვენედიქტოვმა (რომელსაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭა) განაცხადა, რომ უკრაინასთან ომის დაწყებამ რუსეთი 40 წლით მაინც დახია უკან:

„რუსეთი გადასროლილია უკან 40 წლით, 1983 წელში, თუ ორუელის მიხედვით ვიმსჯელებთ, 1984 წელში. როგორი იყო საბჭოთა კავშირი 1983 წელს? ანდროპოვის წელია. ავღანეთის ომია, მოქმედებს დასავლეთის სანქციები, ეკონომიკური კრიზისია და მძვინვარებს შიდა რეპრესიები. ბევრი დისიდენტი სწორედ ანდროპოვის დროს იქნა დაჭერილი. ასეთი სურათია: იღებთ დღევანდელ რუსეთს და გადაგაქვთ 40 წლით წინ“.

ალექსეი ვენედიქტოვი და ვლადიმირ პუტინი, 2012 წ. 13 იანვარი

დღევანდელ რუსეთშიც ომი, სანქციები და კრიზისია, იზრდება უმუშევრობა, მაგრამ ჯერჯერობით არა კატასტროფულად. ეკონომიკური მდგომარეობა, ასე თუ ისე, ინარჩუნებს სტაბილურობას. ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით საავტომობილო ინდუსტრიაში, დიდი პრობლემებია, მაგრამ სხვა დარგები განაგრძობენ არსებობას. რადიოტექნიკა, კვების მრეწველობა, სამშენებლო მასალები - ამ დარგების მიხედვით რუსეთის ეკონომიკა სიცოცხლის ნიშნებს ავლენს. ინფლაცია მაღალია, მაგრამ ხალხი პანიკაში არ არის. მიუხედავად ამგვარი არარევოლუციური ვითარებისა და თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერის განეიტრალებისა, აბას გალიამოვი ვარაუდობს, რომ რუსეთში რევოლუციის წინაპირობები მაინც იზრდება:

„რევოლუცია წარმოიქმნება წინააღმდეგობებისგან. სულაც არ არის აუცილებელი, რომ რევოლუცია მოამზადონ პროფესიონალმა რევოლუციონერებმა. გაიხსენეთ სინხაის რევოლუცია ჩინეთში, მექსიკის რევოლუცია, თუნდაც დიდწილად საფრანგეთის რევოლუცია - ეს რევოლუციები არავის მოუმზადებია, ყველა მათგანი დიდწილად სპონტანურად დაიწყო და წარმოიშვა დიდ სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული წინააღმდეგობების შედეგად. ზოგიერთმა ჯგუფმა იგრძნო, რომ არ იყო წარმოდგენილი ხელისუფლებაში და პოლიტიზირდა, შეეცადა ხელისუფლებისგან აღიარების მოპოვებას. რუსეთში ამგვარი წინააღმდეგობები ობიექტურად არსებობს. ამიტომ, როგორც არ უნდა მოასუფთაო პოლიტიკური ველი ან მოაშორო იაშინი, ნავალნი და ა. შ. გაიზრდება ახალი და ახალი თაობები და რაღაც მომენტში რეჟიმი ვეღარ გაუძლებს“.

პოლიცია აკავებს ომის მოწინააღდეგეს. ნოვოსიბირსკი

პოლიტოლოგს დიდ პრობლემად არ მიაჩნია ის, რომ რუსეთში ე.წ. სიღრმული ხალხი არ გამოდის საპროტესტო აქციებზე. მისი თქმით, საკმარისია „სიღრმულმა ხალხმა“ უბრალოდ არ დაიჭიროს ხელისუფლების მხარე.

„ახლა კი ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ხელისუფლების რეიტინგი ასევე ეცემა ამ ხალხში. ანუ საკმარისია ის უბრალოდ განზე გადგეს, შემდეგ ძალაუფლებას ჩამოშლიან ელიტები, ქალაქის ინტელიგენცია და სტუდენტობა. ყველა რევოლუცია არ ხდება მარქსიზმის სახელმძღვანელოების მიხედვით პროლეტარიატისა და გლეხობის მონაწილეობით, - ამბობს აბას გალიამოვი, - თუმცა არ ვამბობ, რომ ქუჩის ამბოხი ხვალ მოხდება. ჩემი ვარაუდით, რეჟიმის გამძლეობის მარაგი 2024 წლამდე მაინც გასტანს. ეს არის პუტინის ხელახლა არჩევისა თუ მმართველობის გაგრძელების წელი. რეჟიმისთვის უაღრესად სახიფათო მომენტი დადგება. ცხადია, შეიძლება გაძვრეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია ფეხი დაუცდეს. ამ დრომდე ეკონომიკა გააგრძელებს გაუარესებას, რასაც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსა და ცენტრალურ ბანკშიც კი არ უარყოფენ. ყველაზე ლოიალური ეკონომისტები ამბობენ, რომ კლება გაგრძელდება. შესაბამისად, იქნება ინფლაცია, ფასების მატება და დეფიციტი, მაგალითად, სანქციებთან ასოცირებულ წამლების ბაზარზე; იქნება საწარმოების გათიშვა, უმუშევრობა, რაც ნელ-ნელა გაანადგურებს ხელისუფლების ელექტორალურ საყრდენს. 2024 წლისთვის, როცა ნახევრად ლეგიტიმურ პუტინს ხელახლა მოუნდება არჩევა, ეს ყველაფერი - ეკონომიკური პრობლემები, დეგრადირებადი სოციალური გარემო და პოლიტიკური უკმაყოფილება, შეიკრიბება“.

რუსი პოლიტოლოგების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოების მხრიდან ომის მხარდაჭერაც ლიმიტირებულია. თუ არაფერი შეიცვალა, გაჭიანურებული ომი და ეკონომიკური პრობლემები დააჩქარებს რეჟიმის სოციალური ბაზის ეროზიას. ჯერჯერობით ომის მხარდამჭერთა რაოდენობა დიდად არ შემცირებულა, ისევე როგორც უმნიშვნელოდ გაიზარდა ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვი, მაგრამ ომის მომხრეების შიგნით ეროზია, რა თქმა უნდა, გაღრმავდება, რადგან ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები არ ჩანს, რუსეთის ხელისუფლება კი არ იძლევა პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზეც კი: თუ ასეთი მართლები ვართ, რატომ არავინ გვიჭერს მხარს? თუ ჩვენი ჯარი ასეთი ძლიერია, რატომ არ ვართ კიევში? რატომ ვხარობთ, როცა რომელიღაც სევეროდონეცკში შევდივართ მაშინ, როცა ომის დაწყებიდან სამ კვირაში ჰრეშჩატიკზე თეთრი ცხენებით უნდა გვესეირნა? და ა.შ.

„ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს დემორალიზაციას, დემორალიზებიდან ომის დაგმობამდე კი სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ამ მიმართულებით სვლა უკვე დაწყებულია, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო დაჩქარდება ეს პროცესი. ომის მხარდამჭერთა რაოდენობა განუხრელად დაიკლებს, ომის მოწინააღმდეგეთა ბანაკის პოზიციები კი გაძლიერდება“, - მიაჩნია აბას გალიამოვს, რომლის აზრითაც, მსგავსი პროცესები დაიწყება პუტინის გარემოცვაშიც, რომელიც აუცილებლად გაიხლიჩება ლიდერის დასუსტების კვალად. გამოცდა ელის თავად პუტინსაც, რომელსაც აქამდე არ სჩვეოდა უკან დახევა და, რომელიც ამჯერადაც ფსონების გაზრდის ტაქტიკას მიმართავს, თუმცა, როგორც გალიამოვი ამბობს, ანგარიშგასაწევია შექმნილი გარემოების უნიკალურობა: „პუტინი უფსკრულის პირას ასე ახლოს არასოდეს მისულა და შესაძლოა, რაღაც მომენტში შედრკეს და წააგოს“.