პროკურორ მაია სილაგაძის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის თანახმად, საქმეში მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, მოსამართლემ სხდომა დახურა.
ბრალდებულმა მისი დაკავების დეტალებზე სხდომის დახურვამდე ისაუბრა.
სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს 3 ბრალდება აქვს წარდგენილი:
- მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია;
- პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელება;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
გოგაშვილის დაცვის მხარე სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
რას ამბობს დაცვის მხარე ბრალდებებზე?
1. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება
სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის მოქალაქის კონსტანტინ რომანოვსკის საჩივარია. იგი ამტკიცებს, რომ გოგაშვილმა მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა.
"არ არსებობს საქმეში მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სოსო გოგაშვილმა რომანოვსკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური დოკუმენტაცია მოიპოვა. თუმცა არის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც სოსო გოგაშვილი ერთ-ერთ პიროვნებას ეკითხება, ნამდვილად გადმოკვეთა თუ არა საზღვარი ამა და ამ პირმა. რომანოვსკი საკმაოდ საინტერესო ფიგურა ჩანს, ვინაიდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სუს-ის 18 მოქმედ თანამშრომელს შემოწმებული აქვს მისი პირადი ინფორმაცია, 54-ჯერ არის ეს პირი გადამოწმებული. ამ 54-დან შესაძლებელია სოსო გოგაშვილმა ვიღაცას ჰკითხა, მითხარით, არის თუ არა ნამდვილად შემოსული საქართველოში, რაც დანაშაულს არ წარმოადგენს", - ამბობს ჩინჩალაძე.
კონსტანტინ რომანოვსკი ამბობს, რომ მისი პირადი მონაცემების გაჟღერებით მორალური ზიანი მიადგა. ადვოკატის თქმით, გოგაშვილის საქმეში სხვა დაზარალებული არ არსებობს.
2. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებასთან დაკავშირებით დაცვის მხარე ამბობს, რომ ჯამში 5 იარაღზეა საუბარი. ჩინჩალაძის მტკიცებით, აქედან 2 ცეცხლსასროლი იარაღი სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუდეს, 3 კი გოგაშვილის დაცვის წევრს ეკუთვნის და მათზე ოფიციალური დოკუმენტაცია არსებობს.
"ამის მასალები საქმეში დევს და ინახებოდა სოსო გოგაშვილის სახლში. მისი [სოსო გოგაშვილის] ნათესავისა და, ამავდროულად, დაცვის უფროსის იარაღები ხვდება საქმეში როგორც ნივთმტკიცება და როგორც კანონსაწინააღმდეგო ფაქტი", - ირწმუნება ჩინჩალაძე.
3. პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელება
ადვოკატს გრიფირებული დოკუმენტების შინაარსზე საუბრის უფლება არ აქვს, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს დოკუმენტი არ შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას.
"რაიმე დანაშაულის შემცველი ისეთი სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველი ინფორმაცია ამ დოკუმენტში მე ვერ ამოვიკითხე. არანაირად ეს არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი. არ არის მოსმენები, არ არის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. ერთადერთი თემა, რაც ჩემთვის ცნობილია, რაღაც საკითხები და კვლევა უკავშირდება არჩევნებს, მეტი დეტალები ჩემთვის უცნობია", - განმარტავს ადვოკატი.
რას ამბობს პროკურატურა?
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. გარდა ამისა, არის მოპოვებული ინფორმაცია როგორც დოკუმენტები, ასევე ელექტრონული მოწყობილობები, სადაც არსებობს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია. ეს მასალები დაკავშირებულია სუს-ის საქმიანობასთან და ეხება ქვეყნის უსაფრთხოების ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, როგორიცაა ტერორიზმი და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო მონაცემები.
საქმის პროკურორ მაია სილაგაძის თქმით, გამოძიება დაახლოებით ერთი წლის წინ, 2021 წელს დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"[საქმეში] არის პირადი მონაცემების შესახებ მასალები. ბრალდების მხარისათვის საქმეში წარმოდგენილი ყველა მოწმე და ყველა მტკიცებულება არის უმნიშვნელოვანესი. მოწმეები არიან როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეებიც", - განაცხადა სილაგაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გაირკვევა, რომ დანაშაულში გოგაშვილთან ერთად სხვებიც მონაწილეობდნენ, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების შემდგომ უკვე შეგვიძლია ამაზეც გავაკეთოთ კომენტარი", - თქვა პროკურორმა.
რა თქვა თავად გოგაშვილმა?
სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მას არაადამიანურად მოეპყრნენ, თითქოს "უკანასკნელი ტერორისტი" ყოფილიყოს.
"ჩემდამი იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა, ოჯახის წევრების წამება. არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა. 4 საათი სასწრაფო არ გამოიძახეს და მომექცნენ, როგორ უკანასკნელ ტერორისტს. ადვოკატის უფლებაც არ მომცეს, არც ადვოკატთან დამარეკინეს და აბსოლუტურად ყველა ტელეფონი ჩამომართვეს და ბოლო შეურაცხყოფა, რაც მე ვიგრძენი, იყო აქ, როდესაც მე მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა კრიმინალებთან ერთად, რაღაც სოროში შემიყვანეს, სადაც არც ჰაერი იყო და კედლებზე ეწერა "ჟიზნ ვარამ" [ქურდებს სიცოცხლე] და რაღაც უბედურებები. ასე არ უნდა ხდებოდეს და სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცოდნენ", - თქვა სოსო გოგაშვილმა და ბრალდების მხარეს მიმართა: "თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა", - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილი: მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტსდაკავებისას სოსო გოგაშვილისთვის მიყენებულ დაზიანებაზე პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.
რას ამბობს ოჯახი?
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სხდომის დაწყებამდე სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ, მათი ინფორმაციით, მათ სახლებსა და ავტომანქანებზე სხვადასხვა ჩამწერი აპარატურაა დამონტაჟებული და შიშობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"შესაძლებელია განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდაცია და იმედი გვაქვს, რომ ყველა გვერდში დაგვიდგება. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ სისტემის წინააღმდეგ. 2012 წელს როგორც ვიბრძოდით, რომ მათ გაემარჯვათ, ახლა ასმაგად ვიბრძოლებთ", - ამბობს ნინი გოგაშვილი, დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი.
"ეს არის უბრალოდ ანგარიშსწორება მამაჩემის მიმართ იმის გამო, რომ პოსტში დაწერა, რომ ამხელს ხელისუფლებას მიტაცებულ არჩევნებზე", - თქვა მისმა შვილმა ნიკა გოგაშვილმა.
ასევე ნახეთ ჩემი ოჯახის და შვილების მიმართ მუქარები მოდის - გოგაშვილის ცოლიგოგაშვილის დაკავება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს, საკუთარ სახლში დააკავეს.
ასევე ნახეთ სუს-ის პირველი კომენტარი: სოსო გოგაშვილის დაკავება გარდაუვალი იყოსაგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სოსო გოგაშვილის შვილების საცხოვრებელ სახლებში. ნინო გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს ლეპტოპი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
დაკავებამდე
საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას წინ უსწრებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" მიერ ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი მედიასაშუალებებით, სავარაუდო, ფარული ჩანაწერების გასაჯაროება.
ორწუთიან საუბარში 4 ადამიანის ხმა ისმის, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა "ქართული ოცნება" მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ.
ჩანაწერების მიხედვით, გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია, ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს. ჟურნალისტებმა ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურეს.
რაც შეეხება სოსო გოგაშვილს, მისი საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. გოგაშვილი 2017 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.
თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილს შვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ მიიჩნევს. ამ საქმეზე გოგაშვილი პროკურატურაში 2019 წლის ოქტომბერში გამოკითხეს. 2020 წლის 25 იანვარს, საქართველოს პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
გოგაშვილმა მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა.