სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს მისი ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით ბრალი ოფიციალურად წაუყენეს სამი მუხლით. მათ შორისაა 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვა.
„მას ედავებიან, რომ 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი“ - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი.
ადვოკატის ცნობით, მეორე ეპიზოდი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, პერსონალურ მონაცემებს და ამ მონაცემების სამსახურიდან უკანონოდ გამოიტანას.
მესამე ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაა. ადვოკატის თქმით, ლაპარაკია 5 ცეცხლსასროლი იარაღზე. აქედან „2 არის სწორედ ის იარაღი, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
სოსო გოგაშვილი მის სახლში 16 ივლისის დილას დააკავეს. ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ შედიან ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილის სახლში, მისმა ცოლმა გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეს ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილს ფიზიკურად შენობაში შესვლის პირველსავე წამებში აკავებენ. სუს-მა განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება "ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა".