თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი (ცენტრში) აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს (მარჯვნიდან მეორე) შეხვდა თბილისში. 16 ივლისი.

დღეს თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის ორმხრივი შეხვედრა.

მაისში დუშანბეში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა შედგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობით.

დღევანდელ შეხვედრას მასპინძლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

თბილისში გამართული შეხვედრის კომენტირებისას დარჩიაშვილმა ტვიტერში დაწერა: „ძალიან ვამაყობ იმით, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ მიმართული ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“.

მანამდე მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, რომელიც მიმდინარე კვირაში ესტუმრა სომხეთსა და აზერბაიჯანს და ორი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკებები გამართოს თბილისში,“ დაწერა კლაარმა ტვიტერში.

როგორც ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, ის გუშინ ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და ქვეყნის ვიცე-პრემიერს. ამ შეხვედრებში მხარეებმა სამშვიდობო პროცესის მსვლელობაზე იმსჯელეს.

მანამდე კლაარმა „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა ერევანში გამართულ შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.