აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ერთმანეთს შეხვდებიან

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აეროპორტში დახვდა

საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოვიდნენ. მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან.

შეხვედრის შესახებ მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც განაცხადა.

"ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა მან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.

აზერბაიჯანმა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, აღნიშნა ალიევმა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაისში დუშანბეში სამმხრივი შეხვედრა გამართეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მონაწილეობით.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სამმხრივი დეკლარაციების შეთანხმებების შესრულების პროგრესი, რეგიონული კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის შექმნა და იმ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას უნდა მოემსახუროს.