ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე გააფრთხილა მთავრობის ოპონენტების მიმართ ძალადობის თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი სამეფო სასახლეში. 15 ივლისი, 2022 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ჩავიდა.

ტახტის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრის ოფიციალურმა ნაწილმა, როგორც დასავლეთის მედია იტყობინება, ცივად ჩაიარა. ჯიდას სამეფო სასახლეში მისვლისას, ბაიდენი და მასპინძელი, ტახტის მემკვიდრე მოჰამედი, ერთმანეთს მხოლოდ მუშტების შეხებით მიესალმნენ და საუბრის გარეშე გააგრძელეს გზა.

ჯო ბაიდენი პრინც მოჰამედთან საუბრისას შეეხო ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემას და გაფრთხილება გამოთქვა მთავრობის ოპონენტების მიმართ ძალადობრივი აქტების თაობაზე. ბაიდენმა, სანავსადგურო ქალაქ ჯიდაში განაცხადა, რომ ტახტის მემკვიდრე, მოჰამედ ბინ სალმანია პირადად პასუხისმგებელი ხაშოგის მკვლელობისთვის. ბაიდენმა იქვე აღნიშნა, რომ პრინცი ყოველგვარ პასუხისმგებლობას უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებას მომავალში აშშ-ისგან რეაქცია მოჰყვება. აშშ-ის პრეზიდენტს ადრე არაერთხელ გაუკრიტიკებია ერ-რიადი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

The Washington Post-ის ჟურნალისტი, ხაშოგი, 2018 წელს მოკლეს საუდის არაბეთის საკონსულოში, სტამბოლში. ის გამოდიოდა ტახტის მემკვიდრის მიმართ კრიტიკით.

საუდის არაბეთში ჟურნალისტის მკვლელობისთვის ხუთ პირს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. განაჩენი შემდგომ პატიმრობით შეიცვალა. შეხვედრის თემა იყო ნავთობის მოპოვება და აშშ-ის მომარაგება. საუდის არაბეთის მხარემ განახადა, რომ ნავთობის მოპოვების თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ისტერიის და პოლიტიკის საფუძველზე.