როგორ მოიყვანა კახელმა ფერმერმა “ხინკალა” ატამი და მოგებაც ნახა

ნიკა გეთიაშვილი და მისი ატმის ბაღი

5 წლის წინ გურჯაანელმა ნიკა გეთიაშვილმა მდინარე ალაზნის გაყოლებაზე თავისი 30 ჰექტრიდან, რომელზეც რამდენიმე სახეობის ატამი, ქლიავი, ბალი, ალუბალი, ალუჩა და გარგარი მოჰყავს, დაახლოებით ერთი ჰექტარი გამოათავისუფლა. ამერიკიდან, თურქეთიდან და იტალიიდან ატმის ევროპული ჯიშის ნერგები გამოიწერა და ხეხილი გამოთავისუფლებულ ნაკვეთში ჩაყარა. 3 წელიწადში პირველი მოსავალი აიღო.

„ჩვეულებრივი ატამი, რომელიც საქართველოში მასობრივად მოჰყავთ, ერთმანეთს ჰგავს ფორმითაც და გემოთიც, ეს კი განსხვავებულია როგორც ფორმით, ასევე გემოვნური თვისებებით. ზოგ სახეობას კანფეტის გემოც კი აქვს… მინდა ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლო და ეს სეგმენტი ავითვისო”, - ამბობს ნიკა გეთიაშვილი. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც კახეთში ატმის ევროპული ჯიშის მოყვანა დაიწყო.

ნიკა გეთიაშვილი "ხინკალა" ატმით ხელში

ფორმისა და ზომის გამო ამ ატამს ევროპაში თუ "დონატს" და "სატურნს” ეძახიან, საქართველოში მას "ხინკალა" და "ლეღვატამა" შეარქვეს.

ფერმერს “ლეღვატამა” თბილისში, “დეზერტირების” და “ნავთლუღის ბაზრებზე” თავისი მანქანით ჩააქვს და საბითუმო ფასად აბარებს. დაახლოებით 7 ლარად ერთ კილოს. იქიდან ხილი მთელ საქართველოში ნაწილდება და კილო 10-15 ლარი ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკას ევროპული ატამი ექსპორტზე არ გააქვს და მთლიანი მეურნეობის შენახვა 200 ათასამდე ლარი უჯდება წელიწადში, წაგებული მაინც არ არის. მართალია, წელს ბაღები დაესეტყვა, მაგრამ მოსავალი მაინც კარგია. მეხილე ფერმერმა 7-8 ტონა “ლეღვატამა” უკვე აიღო. ცოტა, კიდევ დაიკრიფება.

"საქართველოში ატმის ფასი ყოველთვის იმაზე იყო დამოკიდებული, რუსეთში როგორ ხასიათზე გაიღვიძებდნენ. ახალი ჯიშების გაშენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო. ახლა არ ვარ დამოკიდებული ექსპორტზე. ხილის ფასიც სტაბილურია”, - ამბობს ნიკა.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ მოჰყავს ნიკა გეთიაშვილი „ხინკალა“ ატამი

ატამი და გარგარი მთელ კახეთში მოჰყავთ, თუმცა უმეტესწილად გურჯაანში. სეზონი ზაფხულის პირველი 2 თვე გრძელდება და ბევრი ოჯახისთვის მთელი წლის სარჩო ამ მოსავალზეა დამოკიდებული.

საბითუმო ბაზრების გარდა, გურჯაანის სოფლებში, ყიტაანსა და ჩუმლაყში ათეულობით სამაცივრე მეურნეობაა. აქ გლეხებისგან უმეტესწილად საუკეთესო, ნარჩევ ხილს იბარებენ ექსპორტზე გასატანად. სამაცივრე მეურნეობები ამ პერიოდში ერთ კილოგრამ ვაშლატამაში 80 თეთრიდან 1 ლარამდე იხდიან.

"ხინკალა" ატამი

„რამდენიმე წელია ამ ბიზნესში ვარ და რუსეთი საქართველოსთვის სტაბილური ბაზარი იყო. გლეხებიც კმაყოფილი იყვნენ, იმიტომ რომ ადრე [4-5 წლის წინ] ერთ ყუთ ატამს [დაახლოებით 20-25 კილოგრამი - რ.თ.] 3 ლარად ყიდიდნენ. ამ წლის სეზონის დასაწყისში კილოგრამი 4-4.50 თეთრი ღირდა. გლეხი ამ ფასს მიეჩვია და ახლა დაბალი ფასი აღარ უნდა. ჩემი აზრით, ეს გამოიწვია იმან, რომ ნახევარი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზეა გადმოსული. ამიტომ ახლა საქართველოს ბაზარი უფრო მუშაობს, ვიდრე რუსეთისა. განსხვავება ისაა, რომ ატამს აქ დაბალი ფასი აქვს. ამ ვითარების გამო, ჩემი აზრით, ფასი კიდევ უფრო დაეცემა“, - ამბობს თამარ ცნობილაძე, ერთ-ერთი სამაცივრე მეურნეობის მფლობელი.

Your browser doesn’t support HTML5

სამაცივრე მეურნეობის შესახებ, სადაც ატამს იბარებენ და ექსპორტზე აგზავნიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, წელს 1 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტზე 6.4 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გაიტანეს, ჯამში - 7.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების.

ქართული ატმისა და ვაშლის ექსპორტის რუკა

ჩუმლაყელი ამირან მთივლიშვილი დილის 6 საათზე უკვე ყიტაანის საბითუმო ბაზარზე იყო. სოფლის შესასვლელში სახელდახელოდ მოწყობილი ატმის ბაზრობა ყველაზე დიდია მთელ კახეთში. ფერმერს ვაშლატამა აქვს გასაყიდად ჩამოტანილი. მართალია, რამდენიმე კვირის წინ ერთი კილო ატამი 3-4 ლარი ღირდა, დღეს ის, დიდი ალბათობით, კილოს ლარზე ძვირად ვერ გაყიდის.

"წელს ისეთი ძვირი იყო საწვავი, შხამქიმიკატები და მექანიზაციის მომსახურება, რომ ერთი კილოგრამი 2 ლარიც რომ ღირდეს, მაინც დაბალი ფასია. 10 ცალი „სპიჩკა“ ღირს ერთი ლარი. ჩვენი შრომა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე შემოსავალი“, - ამბობს მეხილე ფერმერი.

"ხინკალა" ატმის მოსავალი

ევროპული ჯიშის ატმის მოყვანის იდეას, ერთი შეხედვით, ცუდი თვალით არ უყურებს, მაგრამ ამ წამოწყების ბოლომდე მაინც არ სჯერა: „კარგია, თუ ატმის ახალ ჯიშებს გავაშენებთ, მაგრამ მგონია, რომ ყურძენი უფრო ჯობია”, - ამბობს იგი.

არადა, ყურძენის მოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან სუბსიდირდება, უმრავლესობისთვის მომგებიანი მაინც არ არის. იგივე შეღავათი არ ეხება ატამს, არადა, ყველაზე წარმატებით ექსპორტზე სწორედ ეს ხილი გადის.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ და რა ფასად ჰყიდიან ატამს კახელი გლეხები

„ძალიან საწყენია, როცა ფერმერთა უმრავლესობა არ ცდილობს საკუთარი მეურნეობა განავითაროს. ასაკოვან ფერმერებს სიახლეების მიღება უჭირთ. მაგალითად, ავიღოთ რქაწითელი, რომელიც მასობრივად არის გაშენებული. ეს ადგილები [სადაც ყურძენი მოჰყავთ] არის ძალიან ნაყოფიერი. აქ რომ განსხვავებული ატმის ჯიშები გაშენდეს, ჩვენ საექსპორტო მოსავალი გვექნება იმაზე მეტი, ვიდრე ყურძენია… რამდენიმე მეგობარს პირადად ვთხოვე, რომ ატმის ახალ ჯიშებზე გადასულიყვნენ, რაც ნიშნავს ფინანსურად უკეთეს მდგომარეობას, მაგრამ რატომღაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება”, - ამბობს ნიკა გეთიაშვილი.

მხოლოდ კახეთში ყოველ წელს 35-დან 45 ათას ტონამდე ატამი იკრიფება.