სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან რამდენიმეწლიანი უარის შემდეგ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის კუთვნილი ნივთები და ფულადი თანხა მის ოჯახს დაუბრუნეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრეს. ის კლინიკაში გარდაიცვალა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის პირადი მობილური ტელეფონის გადმოცემის შემდეგ, მისი სრულყოფილად დათვალიერება ვერ შეძლეს, „რადგან მის Facebook და WhatsApp აპლიკაციაზე წვდომა ვერ ხერხდება“. გამოძიების ოფიციალური ვერსიის გადასამოწმებლად, ამ აპლიკაციებზე წვდომა მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს უდანაშაულო მსვერპლად მიიჩნევდა და გამოძიების მხრიდან ამის აღიარების მოთხოვნით, წლების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდა.
„დავათვალიერეთ ტელეფონში შენახული სხვა მონაცემები, მათ შორის, ფოტომასალა და მასში ახალი შინაარსის მონაცემები და ინფორმაცია, მით უფრო, რაც ოფიციალური გამოძიების ნარატივებთან იქნებოდა კავშირში, ვერ აღმოვაჩინეთ“, - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".
მათივე განმარტებით, წლების განმავლობაში, სუსი და პროკურატურა ნივთებისა და ამოღებული ფულადი თანხის დაბრუნებაზე უარს იმით ხსნიდნენ, რომ უწყებებს უნდა შეესწავლათ თანხის წარმომავლობა და მისი შესაძლო კავშირი ჩატაევის დაჯგუფებასთან, რა ბრალდებითაც სპეცოპერაცია ჩატარდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წარვუდგინეთ არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ ამოღებული თანხა ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, უწყებები მაინც ცდილობდნენ ის ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან დაეკავშირებინათ. თუმცა, საქმის ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად მიუთითებდა, რომ მაჩალიკაშვილს შემხებლობა ჩატაევთან არ ჰქონია და შესაბამისად, არც ფინანსური რესურსებით უსარგებლია. ამას ადასტურებს სუსის და გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებაც და ამ ფულისა და სხვა ნივთების ოჯახისთვის დაბრუნება“, - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".
თბილისის პროკურატურაში მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება 2020 წლის იანვარში შეწყდა. ამავე პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეწყვიტა გამოძიება მაჩალიკაშვილის მიმართ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე. ამის მიუხედავად, ორივე უწყებაში უარს აცხადებდნენ 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთების დაბრუნებაზე.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციითვე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიახლეა ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც.
საქმეზე, რომელშიც მაჩალიკაშვილის მშობლები სუსის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, 2022 წელს მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფციის აშკარა ნიშნების მიუხედავად, სასამართლოებმა მაჩალიკაშვილების სარჩელი არ დააკმაყოფილეს. ცენტრში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ დონეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის და ამის გამო მაჩალიკაშვილების ოჯახის ღირსების შელახვის საქმეზე უფლების აღდგენა ვერ მოხერხდა, ამ ნაწილში დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფისა და "აშკარად არაეფექტიანი გამოძიების საქმეზე" განაცხადი 2019 წლის ივნისში გაიგზავნა. ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაჩქარებული განხილვა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ევროპულმა სასამართლომ დაასრულა კომუნიკაცია მთავრობასთან და მათ შორის, მიიღო მოსაზრებები სამართლიანი დაკმაყოფილების (just satisfaction) საკითხებზე. ახლა უფლებადამცველები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.