ზელენსკი: მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორსაც რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 2022 წლის 14 ივლისი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორისტულ სახელმწიფოდ. ზელენსკის თქმით, მსოფლიოს არცერთი სხვა ქვეყანა არ წარმოადგენს ისეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორსაც რუსეთი.

„ვინმეს დარტყმა რომ მიეყენებინა სამედიცინო ცენტრისთვის დალასში ან დრეზდენში - ღმერთმა არ ქნას - რას დაარქმევდნენ ამას? ტერორიზმს არა?!“, - განაცხადა წუხანდელი ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა რუსული გემის ეკიპაჟს, რომელმაც ვინიცას რაკეტები ესროლა, რომ ციხე საუკეთესოა იქიდან, რაც ელოდებათ.

14 ივლისს, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. 40-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. საავადმყოფოებშია 64, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ინფორმაციით, ვინიცის ცენტრში დანგრეული ან დაზიანებულია საოფისე შენობა, საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო ცენტრი და ოფიცერთა სახლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ვინიცის ცენტრს „კალიბრის“ ტიპის 3 რაკეტა ესროლეს ანექსირებული ყირიმის აკვატორიიდან, ფიოლენტის კონცხის რაიონში მყოფი სარაკეტო გემიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვინიცაზე შეტევის შესახებ ამ დრომდე არაფერი უთქვამს. 14 ივლისს, გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის უფროსმა მრჩეველმა, ევგენი ვარგანოვმა განაცხადა, რომ ვინიცაში იერიში განხორციელდა ოფიცერთა სახლზე, სადაც უკრაინელ სამხედროებს ამზადებდნენ.