ბაიდენი და ლაპიდი პირობას დებენ, რომ არ დაუშვებენ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივ დეკლარაციაში პირობა დადეს, რომ ხელს შეუშლიან ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, მიუხედავად იმისა, რომ ორი მოკავშირე ვერ თანხმდება თეირანთან ბრძოლის კონკრეტული გზების თაობაზე.

"ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მოიპოვოს", - განაცხადა ბაიდენმა მისი ახლო აღმოსავლეთში პირველი მოგზაურობის დროს, 14 ივლისს, იერუსალიმის დეკლარაციის ერთობლივი ხელმოწერის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ისრაელის, როგორც რეგიონული სამხედრო ლიდერის მიმართ, რომელსაც შესწევს უნარი, "თავად დაიცვას საკუთარი თავი."

ლაპიდმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნა, რომ "ბირთვული ირანის შეჩერების ერთადერთი გზა არის ის, თუ ირანმა იცის, რომ თავისუფალი სამყარო ძალას გამოიყენებს."

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა, რომ ირანი "მკაცრად უპასუხებს და ძვირად დაუსვამს" ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს ნებისმიერ "შეცდომას".

ისრაელი და შეერთებული შტატები კვლავ არ ეთანხმებიან ერთმანეთს ირანის მიმართ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების თაობაზე. ბაიდენმა განაცხადა, რომ მას სურს, რათა ამერიკის შეერთებული შტატები დაუბრუნდეს 2015 წლის საეტაპო ბირთვულ გარიგებას. 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-მა დატოვა საერთაშორისო შეთანხმება. ისრაელი ეწინააღმდეგება გარიგებას, იმის შიშით, რომ შესაძლოა, თეირანმა საბოლოოდ მიაღწიოს ბირთვული იარაღის შექმნას.