საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ მიუერთდა საქართველო ჰააგაში უკრაინის სარჩელს

40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა, 13 ივლისს მხარი დაუჭირეს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

გავრცელებულ განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მარტში, 38 ქვეყანასთან ერთად მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რადიო თავისუფლებას განუმარტავს, თუ რატომ არ მოაწერა საქართველომ ხელი 13 ივლისს უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

უწყების განცხადებით, საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში და ასეთი ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე:

„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. 13 ივლისის განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო, კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, - წერია რადიო თავისუფლებისათვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

რაც შეეხება საქართველოს საქმეებს საერთაშორისო სასამართლოებში, მეექვსე წელია მიმდინარეობს გამოძიება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) აგვისტოს ომის საქმეზე. პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიების დაწყების უფლება 2016 წლის იანვარში მოიპოვა. გამოძიების პროცესი მოიცავს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 2008 წლის 12 აგვისტოს. თუმცა, სასამართლომ 2011 წელს საქმის არსებით განხილვაში მიღებაზე უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ ქართულ მხარეს არ ამოუწურავს CERD-ის (რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ) კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს “არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი”.

2021 წელს ამოიწურა ათწლიანი ვადა, რა პერიოდშიც საქართველოს ჰქონდა საშუალება, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მიემართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICJ) რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საქმის განახლებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს საჩივარი შეიტანა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება.

სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა. საქართველოს საჩივრის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი); განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); გადაადგილების თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

2022 წლის თებერვალში დაიწყო ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საჩივრების არსებითი განხილვა.