უკრაინის ომში დაიღუპა ვოლგოგრადის მე-20 გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მეთაური პოლკოვნიკი ალექსეი გორობეცი. ამის შესახებ გამოცემა "ვოლგოგრად დნევნიკი" იუწყება მის ქვრივზე, ანა გორობეცზე დაყრდნობით.
"სარდლობიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს. დაკრძალვის თარიღი და ადგილი ჯერ არჩეული არ არის", - განაცხადა ანა გორობეცმა. გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტი გახდა საჭირო.
პოლკოვნიკი გორობეცი 49 წლის იყო. გასულ წელს მან პირადად მოამზადა ფორუმი "არმია -2021", რომელიც აგვისტოში მოსკოვში და მის მახლობლად, ერთბაშად რამდენიმე ადგილზე გაიმართა.
უკრაინაში ასევე დაიღუპა მე-20 გვარდიის მოტორიზებული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ალექსეი ავრამენკო. ამის შესახებ 13 ივლისს ვოლგოგრადის გამოცემა V1.ru-ს მისმა კოლეგამ, გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა სერგეი ჩენიკმა უთხრა.
მანამდე ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა გაავრცელა ცნობა, რომ ხერსონის რეგიონში უკრაინის არმიის ამასწინანდელი იერიშის შედეგად, რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის - 5 მაღალი რანგის ოფიცერი და ასევე ვოლგოგრადში დისლოცირებული მე-20 ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის მეთაური ალექსეი გორობეცი.