მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთავარი არხის” ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და განცხადებას ავრცელებს.
13 ივლისს ტელეკომპანიების, „მაესტროსა“ და „იმედის“ ეთერებით, ტელეწამყვანმა და მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გაავრცელა ფარული მიყურადების ჩანაწერი და განმარტა, რომ ეს ჩანაწერი ტელეკომპანია „მთავარი არხის” გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს, ხოლო „მთავარი არხის” ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.
აღწერის თანახმად, აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა „პოსტ ფაქტუმის" იმდროინდელი წამყვანის, გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის, ეკა სარიას, ჟურნალისტების, გიორგი გვიშიანის და ლაშა კვესელაძის ლაპარაკი.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს:
„ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა. 2022 წლის 13 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნოდეს“, - წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტებსა და არა მხოლოდ მათზე, ფარული მიყურადების შესახებ გასული წლის შემოდგომაზეც გახდა ცნობილი. "საიდუმლო ფაილები" 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში რამდენიმე ეტაპად, სხვადასხვა ფორმით გასაჯაროვდა. მათი ნაწილი, რომელშიც მედიის წარმომადგენლების მოსმენის ჩანაწერები იყო ასახული, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა, ნაწილი, რომელიც ეკლესიის წევრების მოსმენის ჩანაწერებს აერთიანებს, სპეციალურად შექმნილი ვებსაიტის საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი მედიისთვის.
ასევე ნახეთ 2021 წლის "სუსის ფაილების" საქმეზე ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნააღნიშნულ საქმეებზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ("ა" ქვეპუნქტი) ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას გულისხმობს.
თუმცა, მიმდინარე წლის მაისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც აღნიშნეს, რომ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესი ეფექტიანად არ მიმდინარეობს.
მათ საქართველოს პროკურატურას მოუწოდეს, გამოჰკითხოს ყველა პირი, ვინც შესაძლო დანაშაულის ფარგლებში უფლების დარღვევის საჩივრით/განცხადებით მიმართა; დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს ყველა მსხვერპლს, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაციის ფარგლებში ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს; ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, გამოჰკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, ვისაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს სავარაუდო სისტემურ დანაშაულთან; მსხვერპლებს/დაზარალებულებს და საზოგადოებას მიაწოდოს სანდო და სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ასევე ნახეთ ყველაფერი სასულიერო პირების ცხოვრებაზე - რა ირკვევა ათასობით პირატული ჩანაწერიდან