მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.
„ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო, ეს ერთი. მეორე, არავითარი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს და იმეორებს იმას, რაც დაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა, ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები, არის უბრალოდ დამარცვლული სიტყვები. ეს, მერწმუნეთ, საქართველოში არავის სჭირდება. საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს, ბუნებრივია, ყველაფერს. როდესაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ჩართულობაზე პოლიტიკაში, გვქონია ჩვენ ერთი-ერთზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, ფაქტი არ გაქვთ, ხომ? არავითარი ფაქტი არ აქვთ. ვერცერთი ფაქტი ვერასდროს, ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს, - თქვა კობახიძემ და განაგრძო, - კარგი, ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ შეიძლება ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი], რა ფორმით იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, როგორც ამტკიცებენ. ანუ ეს რომ ამტკიცო (არ ვიცი რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ), მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. არც ამას აღიარებენ და ჯიუტად იმეორებენ იგივეს“.
კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეადარა ევროპარლამენტის წევრებს. „ჩემთვის არავითარი განსხვავება არ არის, მაგალითად, სალომე სამადაშვილსა და რასა იუკნევიჩიენეს შორის. ერთიც არის პარლამენტარი, მეორეც არის პარლამენტარი საქართველოში. არც ერთს ენდობიან საქართველოში და არც მეორეს - ლიტვაში. ეს არის რეალობა. არ აქვთ მათ ის ნდობა, რომელიც რაღაც განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებდა მათ განცხადებებს“, - თქვა კობახიძემ.
13 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წლიური ანგარიშის განხილვისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თქვა: „თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს - ეს ნიშნავს საქართველოს „დებიძინიზაციას“ ან „დეივანიშვილიზაციას“.
ასევე ნახეთ “დებიძინიზაცია” - უახლოვდება თუ არა სანქციები ბიძინა ივანიშვილს?