მინიავტობუსში, რომლითაც პოლონეთის საზღვრიდან ლვოვისკენ მივემგზავრებოდით, აშშ-ში განათლებამიღებულმა უკრაინელმა ჩემს ოჯახზე მკითხა. ვუთხარი, რომ ცოლი ციმბირში გაიზარდა, მაგრამ უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში დაიბადა, საბჭოთა პერიოდში.
„ესე იგი უკრაინელია“, - მეუბნება თანამგზავრი.
ის დაახლოებით 20 წლისა იქნებოდა, თავისუფლად ლაპარაკობდა ინგლისურად.
შევხვდი მას „საერთაშორისო ლეგიონის“ ბანაკში, საზღვართან. იქ უცხოელებს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაერთნენ ომში რუსეთთან, როგორც გამოკრული განცხადება გვამცნობდა 12 ენაზე, დახმარებას სთავაზობდნენ. საფიქრებელია, რომ იყო კიდეც რუსი ჯაშუშების სამიზნე.
სახელი და გვარი არ მიკითხავს, არც მეტყოდა.
„არა, ის თავს რუსად თვლის“, - ვუთხარი მას და ვგრძნობდი, რომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება სურდა. „ეს მისი არჩევანია“, - ავუხსენი.
„ძალიან უცნაურია, თავი რუსად რომ მიაჩნია, - მეუბნება ის და მზის სათვალეს ისწორებს, - მათ არაფერი აქვთ საამაყო“.
მან ჩამოთვალა რუსული კულტურის სხვადასხვა ასპექტი, რომლებიც, მისი აზრით, რუსებს სხვებისგან აქვთ გადმოღებული. თვით მატრიოშკა, მიხსნის ის, იაპონური ტრადიციული თოჯინას, „სული სულში“ უხარისხო ასლებია.
ეს რაღაც მახინჯი ფორმა იყო კულტურული უპირატესობისა, რომელსაც შეხვდებით ალბათ ახლო აღმოსავლეთში, ან ასე შეიძლება ვინმე რასისტმა ილაპარაკოს გვიან ღამით, ბარში. ეს საუბარი უცნობ ადამიანებთან მინიავტობუსში, რომელიც უკან იტოვებდა დასავლეთ უკრაინის ლამაზ სოფლებს, შოკის მომგვრელი იყო.
ასეთი ტიპის სიძულვილი უკრაინისთვის სიახლეა და მგონია, მის ამოძირკვას თაობები დასჭირდება.
უკრაინაში დავალებით გამიშვეს. ჩემი მიზანი არ იყო ფოტოების მოგროვება ომის გამო გატანჯულებზე, არც ის მსურდა, უცხოეთის მედიის ტიპური ნაწილი გავმხდარიყავი. ამოცანა იყო მშვიდი ამბების მოყოლა ხელოვნებასა და გამძლეობაზე და ამიტომაც მომცეს ნებართვა, 21 ივნისს სახმელეთო გზებით პრაღიდან უკრაინაში გამგზავრებულიყავი.
კიევის გარეუბნები, რომლებიც რუსეთის არმიამ დაიკავა და მალევე დატოვა, მოაწესრიგეს, მაგრამ იქ კვლავ არის მოუთოკავობის და არაპროგნოზირებადობის განცდა. გზაზე რუსეთის არმიის დამწვარ უნიფორმას წააწყდებით, ყრია დაჟანგული მასრები, ერთ-ერთ კაფეში 30 მმ-იანი ჭურვი მოსართავად გამოუდიათ, სტუმრები ყუმბარის ნამსხვრევებით დაცხრილულ ჭერქვეშ სხედან.
კედლებზე საღებავით მიწერილი ფრაზები, რომლებიც დატოვეს ოკუპანტებმაც და ოკუპირებულებმაც, წარმოდგენას შეგიქმნით ომის საშინელებაზე;
გოსტომელში საცხოვრებელ სახლზე ნარინჯისფერი და მწვანე საღებავით ვიღაცას დაუწერია, „ალაჰუ აქბარ“ და „აჰმატი ძალაა“, ჩანს, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მომხრეები იყვნენ.
გზატკეცილზე, რომელსაც ბელარუსის საზღვრისკენ მიჰყავხართ, ვიღაცას დიდი ასოებით მიუწერია, „წადით უკან, იქ სროლაა!“ და ერთმანეთში არეულია უკრაინული და რუსული ასოები.
ირპენსა და ბუჩაში, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა, ცხოვრება გრძელდება ზაფხულის მზის ქვეშ ისე, ვითომ არაფერი მომხდარიყოს და ვერც ვერაფერი მოხდება.
ბავშვები დაქრიან ორთვალათი მოვლილ პარკებში და მეგობრები ერთმანეთს მოხვევითა და სიცილით ესალმებიან.
როცა უყურებ, რა სწრაფად უბრუნდება ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს, გახსენდება, თუ რა მნიშვნელოვანია წლისთავები და იუბილეები. ვერავისგან მოითხოვ დაუსრულებელ გლოვას და გოდებას, მაგრამ უდანაშაულო ადამიანების დახოცვა არ უნდა იქნეს დავიწყებული. მასობრივი დახვრეტის ადგილებზე დროებითი მემორიალებია აღმართული. ალბათ ოდესმე მათ შეცვლის ქვისა თუ ლითონის კონსტრუქცია, რომელიც შეგვახსენებს, რომ ასეთი ელეგანტური პატარა ქალაქიც კი, როგორიც ბუჩაა, შეიძლება გადაიქცეს კოშმარის ზონად, საიდანაც გარბიან, სადაც კლავენ და სადაც იხოცებიან.
ბენზინი დეფიციტურია და ყველას სჭირდება. მას მერე, რაც რუსეთის რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები და შავიზღვისპირა ნავსადგურები ბლოკირებულია რუსეთის ფლოტის მიერ, ბენზინის წერტები დახურულია და საწვავის ფასი ნულოვან ნიშნულზეა.
ხანდახან გავარდება ხმა, რომ ამა და ამ ბენზინგასამართ სადგურზე იყიდება საწვავი და ყველა იქ მიემართება, დგება გრძელი რიგი. ვისაც ნორმაზე, 20 ლიტრზე მეტი საწვავის ყიდვა სურს, უნდა ჩაასხას ბენზინი და კვლავ რიგში დადგეს. ერთმა მეგობარმა მიამბო, რომ ბენზინის მოძიების და მერე რიგში დგომისთვის გამოყოფილი აქვს სამი საათი.
უკრაინის აღმოსავლეთში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კავშირები, რომლებიც საზოგადოებას ადრე კრავდა, შესუსტდა.
პატარა ქალაქებში განგაშის სირენა თითქმის მთელი დღე ჩართულია. საღამოს რვა საათისთვის ოფიციანტები უკვე საათს უყურებენ, რადგან 9-ზე კეტავენ და თუ თქვენ შეხვალთ და დაჯდებით, გაგაფრთხილებენ, რომ ჭამას უნდა მორჩეთ ადრე, სანამ დაიხურება.
ერთხელ, საღამოს, დნეპროპეტროვსკიდან შევეცადე ქალაქ პეტრიკოვკაში წავსულიყავი. ქალაქი თავისი ფერწერული ტრადიციითაა ცნობილი.
როცა მიკროავტობუსით ქალაქში ჩავედი, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ერთმა იქაურმა ქალმა, შეკითხვაზე, როგორ მივსულიყავი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან, არაერთხელ მკითხა, დნეპროპეტროვსკში როგორ დაბრუნდებით დაღამებამდეო. როცა მისი აღელვება დავინახე, გადავიფიქრე ფოტოების გადაღება და პირდაპირ ავტოსადგურისკენ გავეშურე. ავტობუსები იმ დღეს უკვე აღარ იყო და ტაქსიც აღარ დადიოდა. კომენდანტის საათის დარღვევა არავის სურდა.
როცა მზემ ჩასვლა დაიწყო, ცერა თითი ავწიე და დავდექი ქუჩაზე, ვინმე გამვლელს გავყვები-მეთქი. რა არ ვიფიქრე. განა ვინმეს შეაწუხებდა, თუ ვიღაც უცხოელს გაძარცვავდნენ უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც, იქვე, ქვეყნის საუკეთესო კაცები და ქალები იხოცებიან?
როგორც იქნა, მანქანამ გამიჩერა. ახალ „რენოს“ ქალი, სახელად ანტონინა, მართავდა.
„დნეპროპეტროვსკი?“ - ვეკითხები ფანჯარაში.
„კი, მაგრამ, ვინა ხართ? - მიპასუხა, - ბანდიტი ხომ არ ხართ? პისტოლეტი ან თოფი ხომ არ გაქვთ?“
სიცილით გავხსენი ჩანთა და ფოტოაპარატი ვუჩვენე. ეს ის ქმედება იყო, რომლის გამოც მერე ვინანე.
თითქმის ცარიელ ტრასაზე სვლამ დამამშვიდა, ამაღლებულ თემებზე ვსაუბრობდით რუსულ ენაზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მთავარ ენად რჩება.
უცბად ანტონინამ გადაუხვია მთავარი გზიდან და სამრეწველო ზონისკენ გაემართა.
„ალბათ იკითხავთ, რატომ მივდივართ ამ მიმართულებით“, - მკითხა და უცნაურად გაიცინა.
„დიახ, ასეა“, - დავეთანხმე ნახევრად ღიმილით და თითი გავიშვირე უზარმაზარი შენობისკენ, რომელიც მარცვლეულის საწყობს წააგავდა.
ისე, რომ მანქანა არ გაუჩერებია, ჩემკენ შემოტრიალდა და მეუბნება: „შევიგრძნობ...“
რა უნდა შეეგრძნო, ეს რუსული სიტყვა მაინც არ ვიცოდი. მაგრამ იმის მიხედვით, როგორც მიყურებდა, ვეჭვობ, რომ ვხვდებოდი.
მან თემა შეცვალა და დააკონკრეტა: „სექსი ყველას უყვარს, არა?“
ვერ დავიჯერე, რა ხდებოდა ჩემს თავს. ანტონინა 52 წლისა იყო, ღონიერი დედაკაცი. საქმე საქმეზე რომ მისულიყო, მოვერეოდი, მაგრამ იარაღი რომ ჰქონოდა?
„მე მხოლოდ დნეპროპეტროვსკში მინდა დროზე ჩავიდე“, - ვუპასუხე.
„დნეპროპეტროვსკში მივდივართ“, - მითხრა და ხელსა და თმაზე შემეხო, ეცინებოდა ჩემს აღელვებაზე.
მთელი გზა ერთსა და იმავე შეკითხვებზე პასუხებს ვბურტყუნებდი და რუკას თვალს არ ვაშორებდი. ჩვენ მართლაც მივემართებოდით დნეპროპეტროვსკისკენ, მაგრამ სოფლის გზით, რომელიც მთავარი გზის პარალელურად გადიოდა. შეიძლება ანტონინას სურდა თავი აერიდებინა საგუშაგოებისთვის, რომლებიც მთავარ მაგისტრალზე იყო, მაგრამ მისმა მუდმივმა შეხებამ და უცნაურმა მინიშნებებმა სექსზე, მგზავრობა უკიდურესად არაკომფორტულ გახადა.
როცა ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ ჩრდილოეთის გარეუბანს, გამახსენდა, რომ ბენზინის საფასურს დავპირდი და 200-ჰრივნიანი გავუწოდე.
„შეიძლება კიდევ ერთი?“ - მითხრა მან და მეორე 200-ჰრივნიანი გამომტაცა.
უკრაინაში არასოდეს მიგრძნია თავი უსაფრთხოდ კრიმინალური ვითარების გამო, მაგრამ ამ მგზავრობამ მანქანაში, უცნობ ქალთან ერთად, შემახსენა აზრი, რომელიც ადრე გამიჩნდა: როცა პრაქტიკულად ქვეყნის ყველა რესურსი მიმართულია საკუთარი მიწის დაცვისკენ, საზოგადოების შიგნით კავშირები სუსტდება და ცუდი ადამიანები წამოყოფენ ხოლმე თავს. ანტონინამ იგრძნო თავისუფლება, თავი ისე წარმოეჩინა, როგორიც არის და ეს არ იყო ლამაზი.
მაგრამ, თუ ომის ნატიფი ანარქია ზოგიერთ ადამიანში უარესს წარმოაჩენს, მანქანით ამ მოგზაურობის მეორე დღეს, ვიხილე, რომ მას შეუძლია კარგი ადამიანები თითქმის ანგელოზებად აქციოს.
დნეპროპეტროვსკის მახლობლად მდებარეობს ცხოველთა თავშესაფარი სახელწოდებით Shelter Friend. მისმა მფლობელმა უარი არ მითხრა მივსულიყავი და გადამეღო მათი საქმიანობა და მენახა, როგორ ახერხებენ ისინი ამ ვითარებაში, ომს გაქცეული ადამიანების მიერ მიტოვებული შინაური ცხოველების უპრეცედენტო ტალღასთან გამკლავებას.
დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ ამ თავშესაფრით და თანხას ვწირავდი მას, ახლა კი ვხედავ, რომ ის მართლაც ისეთია, როგორ წარმომედგინა: თანამშრომლები - რომელთაგან ზოგიერთს აშკარად რთული წარსული ჰქონდა - იხუტებდნენ, ასუფთავებდნენ და აჭმევდნენ ცხოველებს, რომლები ამ ადამიანების გარეშე ვერ გადარჩებოდნენ.
მერე გავიცანი ალინა. დაუჯერებელია, მაგრამ გაახსენდა, მიცნო, რომ 2021 წლის დეკემბერში პოპასნაიაში მაღაზიაში მნახა, როცა თებერვალში ომის დაწყებამდე ვიყავი იქ.
ალინას შეეძლო დასავლეთში გაქცეულიყო წლების წინ, მაგრამ დარჩა - ავადმყოფ ბებიას ზრუნვა სჭირდებოდა, მაღაზიის გამყიდველად მუშაობდა მაშინაც კი, როცა გარეთ ისროდნენ. თებერვალში ომის დაწყების შემდეგაც არ წასულა, ბებიასთან ერთად იმალებოდა, სანამ რუსული არტილერია მათ ქალაქს დაბომბავდა.
ალინა ბებიის გვერდით დარჩა მაშინაც, როცა უთხრეს, რომ ხანდაზმული ნათესავის ასაკის გამო, ევაკუაციის უფლება არ ჰქონდათ. გადაწყვიტეს მაინც გაქცეულიყვნენ და დნეპროპეტროვსკში ჩააღწიეს, როგორც ალინამ მითხრა, სადამდეც შეძლეს.
დღეს ალინა ცხოველებს უვლის - ზოგი მძიმედაა დაავადებული, ზოგიც ომისგან ტრავმირებული - თანამშრომლებსა და მოხალისეებთან ერთად, რომლებიც დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ ხოლმე ქალაქის თავზე და ხანდახან რაკეტები ფეთქდება.
ისე მოხდა, შევძელი მცირე შფოთის ხილვა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინას ვტოვებდი და სარკინიგზო სადგურში, დნეპროპეტროვსკში, ლვოვის მატარებელს ველოდი. საჰაერო თავდასხმის სირენები ისე ხშირად ისმის, რომ დიდწილად მათ ყურადღებას არ აქცევენ. 28 ივნისის ადრეულ საღამოს, გამგზავრებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და მოსაცდელში წავუძინე. ათი წუთის შემდეგ ჯარისკაცმა გამაღვიძა:
„უცხოელო, ადექი, - თქვა მან, - საჰაერო განგაშია“.
თანამშრომლებმა და ჯარისკაცებმა ხალხი რკინიგზის პლატფორმების ქვეშ მიწისქვეშა გადასასვლელში შეიყვანეს. სულ უფრო მეტი ხალხი იყრიდა თავს გვირაბში და საათს უყურებდა: ლვოვის მატარებლის გამგზავრების დრო ახლოვდებოდა. მერე, შორს აფეთქებების ხმა გაისმა. იმ დღეს ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა მოხვდა ქალაქს. ეს მოვლენა სხვა დროს ყველაზე დიდი ახალი ამბავი იქნებოდა დედამიწაზე. იმ სასტიკ ახალ რეალობაში, რომელიც კრემლმა შექმნა, რაკეტებით ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მსოფლიო მედიაში თითქმის არ უხსენებიათ.
გვირაბში ატმოსფერო განიმუხტა: რაკეტები ჩამოვარდა და ჩვენ აგვცდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოგვიშვეს, რათა მატარებელში ჩავმსხდარიყავით.
უკრაინელები ისე არიან მიჩვეულები უკიდურეს ძალადობას, რომ სარაკეტო თავდასხმა მათთვის ავტოკატასტროფასავითაა, საშინელი მოვლენაა, რომელსაც შეესწრებით ან ჩაუვლით, მაგრამ ახალ უკრაინაში ცხოვრება უბრალოდ წინ მიდის.