ვის არ რცხვენია რუსეთში დარჩენის?

გარიკ სუკაჩოვი

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ბევრმა რუსმა როკმომღერალმა დატოვა სამშობლო, დარჩენილებიდან თითო-ოროლამ თუ გააპროტესტა ომი, უმეტესობამ რუსეთის მთავრობასა და ვლადიმირ პუტინს დაუჭირა მხარი. „მე ვრჩები!“ - ასე ჰქვია ცნობილი როკმომღერლის, გარიკ სუკაჩოვის მიერ გაკეთებულ კლიპს, რომელშიც სერგეი შნუროვი და 20-მდე სხვა რუსი როკმუსიკოსი მონაწილეობს.

30 წლის წინ, 1992 წელს, ჯგუფ „ჩორნი ობელისკის“ („შავი ობელისკი“) დამფუძნებელმა და ლიდერმა, ანატოლი კრუპნოვმა დაწერა სიმღერა „Я остаюсь“ ("მე ვრჩები"), რომელიც მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გამორჩეულ სიმღერად როგორც შემსრულებლის შემოქმედებაში, ასევე 90-იანი წლების რუსეთში. სამი ათეული წლის შემდეგ გარიკ სუკაჩოვმა შეკრიბა 20-ზე მეტი რუსი მომღერალი - ე.წ. რუსული როკმუსიკის მთავარი სახელები, რომლებმაც შეასრულეს და ჩაწერეს იგივე კომპოზიცია.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სუკაჩოვის პროექტმა ბუნებრივად შეიძინა პოლიტიკური შინაარსი. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთი არაერთმა როკ- და პოპვარსკვლავმა (ანდრეი მაკარევიჩი, ბორის გრებენშიკოვი, ალა პუგაჩოვა და სხვ.) დატოვა. შესაბამისად, „მე ვრჩები!“ - ეს ფრაზა, მეხუთე თვეა, კრუპნოვის სიმღერისა და სუკაჩოვის პროექტის გარეშეც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლებისა და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა, სიმღერის ტექსტი კი ისეთია, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არც იძლევა. შემთხვევით არ არის, რომ თინა კანდელაკმაც, „გაზპრომ მედიის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ და რუსული პროპაგანდისტული მედიის ვარსკვლავმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა როგორც სიმღერის, ასევე შემსრულებელბის მისამართით.

„სწორედ ამ სიმღერამ, რომელიც შესთავაზა გარიკ სუკაჩოვმა ჩვენი დროის ყველაზე ცნობილ როკერებს, შეიძინა ისეთი ზუსტი მეორე სუნთქვა, რომ მგონია, არ არსებობს სიმღერა, რომელიც უკეთესად გადმოსცემს იმათ მდგომარეობას, ვინც ქვეყანაში დარჩა. დიახ, ჩვენ ვრჩებით!“, - დაწერა თინა კანდელაკმა Telegram-ში.

თვითონ გარიკ სუკაჩოვის გარდა, პროექტში მონაწილეობენ როკმუსიკოსები:

სერგეი შნუროვი („ლენინგრად“), ვლადიმერ შახრინი („ჩაიფ“), ალექსანდრ ფ. სკლიარი („ვა-ბანკ“), ოლეგ გარკუშა („აუქციონ“), სერგეი გალანინი („სერიოგა“) , სერგეი „ჩიჟ“ ჩიგრაკოვი ("ჩიჟ&Co"), ალექსეი რომანოვი ("ვოსკრესენიე", "მაშინა ვრემენი"), ნიკოლაი დევლეტ-კილდეევი ("მორალნი კოდექს"), ევგენი მარგულისი ("ვოსკრესენიე", "მაშინა ვრემენი"), ანდრეი ბლედნი და ანტონ ზავიალოვი ("25/17"), ანდრეი კნიაზევი ("კნიაზ", "კაროლ ი შუტ"), ნასტია პოლევა ("ნასტია"), სვეტლანა სურგანოვა ("სურგანოვა ი ორკესტრ"), აია („გოროდ 312“), ანტონ „პუხ“ პავლოვი („F.P.G“), მაშა მაკაროვა („მაშა ი მედვედ“), ვლადიმირ და სერგეი კრისტოვსკები („Uma2rmaH“), ტატიანა ლიტვინენკო („კვარტალ“), მაქსიმ კუჩერენკო ("უნდერვუდ") და ВГТРК-ს ("სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია") ბავშვთა გუნდი.

ჯგუფ "ლენინგრადის" სოლისტი სერგეი შნუროვი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

„გახმაურებულ კლიპში "მე ვრჩები" საინტერესოა არა მხოლოდ ის, თუ ვინ მონაწილეობს, არამედ ისიც, ვინც არ მონაწილეობს მასში“, - დაწერა რუსმა მწერალმა და პოლიტიკოსმა, ევროკავშირის პერსონალურ სანქციებში მოყოლილმა ზახარ პრილეპინმა, რომელსაც არ გაჰკვირვებია, რომ სუკაჩოვის ამ არაორაზროვან პროექტში მონაწილეობა არ მიიღო ჯგუფ „ДДТ“-ს სოლისტმა და ანტისაომარი განცხადებებით ცნობილმა იური შევჩუკმა.

„რა თქმა უნდა, არ არის შევჩუკი, - თქვა პრილეპინმა, - გარკუშა არის, მაგრამ არ არის ლენია ფეოდოროვა „აუქციონიდან“. შეუძლებელიცაა, რომ ყოფილიყო ისევე, როგორც ხავტანი „ბრავოდან“. არ არის არმენ გრიგორიანი „კრემატორიუმიდან“, რომელსაც მშვიდი რეაქცია ჰქონდა „ყირიმი ჩვენია“-ზე, მაგრამ მას შემდეგ მისთვის აღარ მისმენია და არ ვიცი, დღეს როგორი პოზიცია აქვს. სამაგიეროდ კლიპში მონაწილეობს მარგულისი „მაშინა ვრემენიდან“ და ბევრი გაოცებულია ამის გამო, თუმცა მარგულისმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიკავა მაკარევიჩისგან განსხვავებული პოზიცია. პროექტში მონაწილეობს ერთადერთი რეპჯგუფი „25/17“ და, როგორც ჩანს, რუსეთში არც არიან პირველი ხაზის ისეთი რეპერები, რომლებიც თუნდაც ასეთი ნაბიჯის გადადგმას გაბედავდნენ. კლიპში არ მონაწილეობენ ნიკოლსკი და ბუტუსოვი „ნაუტილუს პომპილუსიდან“. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ნიკოლსკისა და ბუტუსოვის შეხედულებებზე ბევრი არაფერი ვიცით. არ მონაწილეობს ვასილიევი „სპლინიდან“, როგორც ჩანს, შეგნებულად. ვასილიევი ჰარი პოტერს სწერს წერილებს იმაზე, თუ რა შავ დღეშია რუსეთი“.

ზახარ პრილეპინი

ზახარ პრილეპინის აზრით, კლიპმა „მე ვრჩები!“ აჩვენა, რომ რუსეთის საზოგადოებაში გამყოფი ხაზი გადის არა იმაზე, თუ ვინ უჭერს ან არ უჭერს მხარს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, არამედ იმაზე, რცხვენია რუსეთში ცხოვრებისა თუ არ რცხვენია:

„ბიჭები შეიკრიბნენ და თქვეს: ჩვენ არ გვრცხვენია. ნიშანდობლივია, რომ ყველაფერი ეს მოიფიქრა გარიკ სუკაჩოვმა, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს მიესალმა დონბასს კლიპით "მოდი, მოვწიოთ!" („Давай закурим!“), სადაც კადრში მუდმივად ჩანან სკლიარი და გალანინი, რაც ყველაფერს გასაგებს ხდის. ისევე, როგორც შნუროვი, რომელმაც „სპეცოპერაციის“ დაწყებისთანავე ჩაწერა ერთდროულად სამი სატირული სიმღერა იმათზე, ვისაც "რცხვენია". მოკლედ, დიდებული ნაბიჯია“.

ზახარ პრილეპინისგან განსხვავებით, ბევრმა გაიხსენა, რომ 1992 წელს, როცა „მე ვრჩები“ დაიწერა, სულ სხვა ვითარება იყო. რადიოწამყვანისა და მუსიკის კრიტიკოსის მიშა კოზირევის თქმით, სიმღერა დაიწერა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, როცა პუტჩები ხდებოდა, როცა ხალხი მასობრივად გარბოდა ქვეყნიდან ახალი ცხოვრების დაწყების იმედით, გაზეთები კი ყოველდღე წერდნენ უძრაობის იმ უიმედო და ბლანტ კოშმარზე, რომელშიც ჩაძირული იყო მთელი რუსეთი.

მიხაილ კოზირევი

„ეს სიმღერა სწორედაც რომ იმედზე იყო, - ამბობს მიშა კოზირევი, - 1994 წელს გამოვიდა „ჩორნი ობელისკის“ ალბომი „მე ვრჩები!“, სწორედ 1994 წელს მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნებულიყავი რუსეთში კალიფორნიიდან, სადაც კოლეჯი დავამთავრე. დღეს კი არანაირი იმედი აღარ არის. არანაირი, რადგან გადალახულია საშინელი ზღვარი, საიდანაც უკან მობრუნების არანაირი იმედი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ დღეს ასეთი ტრეკის გამოშვება მკრეხელობაა. ჩემი ქვეყანა ანადგურებს უკრაინას. ნგრევისა და მხეცობის კადრები, რასაც ვხედავთ, ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან დარჩება. ყველას მოუწევს პასუხი გასცეს ბავშვურ კითხვას: „შენ რას აკეთებდი? შენ სად იყავი?“, სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, როგორ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას ამ ახალი ჯემ-სეიშენის მონაწილეები. იქნებ არ იციან, რას იქმან? სამწუხაროდ, იციან, უბრალოდ ამას სხვაგვარად უყურებენ. დღეს რომ სიმართლე ვერ შეიტყო, ძალიან უნდა მოინდომო“.

ანატოლი კრუპნოვი და "ჩორნი ობელისკ"-ი, 1994 წ. "მე ვრჩები!"

გარიკ სუკაჩოვის პროექტმა დათრგუნა და საფიქრალი გაუჩინა ანდრეი ლოშაკს - ცნობილ რუს ჟურნალისტს, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე დატოვა სამშობლო.

„არ მესმის, რატომ არიან ასე ბედნიერები ეს იდიოტები და მათ რიგებში გადასული გარკუშა? - იკითხა ლოშაკმა, - რაღაც ისტერიაა, რამაც გამახსენა ბოლო სატელეფონო საუბარი მწერალ ნიკონოვსა და გაკრეჭილ ივან ოხლობისტინს [მსახიობი, მომღერალი, მწერალი, ყოფილი მღვდელი] შორის:

- არ გვჭირდება ისეთი სამყარო, რომელშიც ჩვენი გამარჯვებები არ იქნება, ტყუილად კი არ თქვა პუტინმა. იცი, ამით ძალიან გახარებული ვარ! ეს ისეთი აღმაფრენაა!

- თქვენც დაიღუპებით, თუ ბირთვულ რაკეტებს გაუშვებთ...

- თანახმა ვართ!.. ახლა ასეთი აღმაფრენა გვაქვს ყველას! ეს ისეთი ბედნიერებაა! ღვთის შემწეობით... ომი წარმართებთან... ჩვენ ავაფეთქებთ ამ სამყაროს! ყველას დავხოცავთ!“

ანდრეი ლოშაკი

რუსეთში ასევე ბევრმა შენიშნა ირონიულად, რომ სიმღერის - „მე ვრჩები!“ ავტორი ანატოლი კრუპნოვი „დარჩენიდან“ სულ რაღაც 5 წელიწადში გარდაიცვალა, 1997 წელს, 32 წლის ასაკში.