ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი (EPP, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სლოვაკეთი). კომიტეტი ისმენდა მოხსენებას, თუ როგორ გაართვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ თავი ვალდებულებებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრება.
„საქართველო იყო ლიდერი და ახლა ვხედავთ ბევრ უარყოფით ტრენდს, რაც ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე. ერთ დროს ლიდერმა საქართველომ ახლა ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ამას აქვს კონკრეტული მიზეზები და მათზე ანგარიშში მკაფიოდ უნდა მივუთითოთ, რადგან ეს არის სასარგებლო ქვეყნის მომავლისთვის", - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
ევროპარლამენტარმა ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც, მისი რწმენით, საჭიროებს გადაწყვეტას:
- საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ღრმად ყოფს არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც;
- მმართველი პარტია აგრძელებს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების უგულებელყოფას;
- ამ პარლამენტის სურვილისა და ნების მიუხედავად, ჟან მონეს დიალოგი კვლავაც შეჩერებულია;
- ერთი ოლიგარქი კვლავაც ახორციელებს მზარდ ზეგავლენას პოლიტიკურ ლანდშაფტზე;
- შეჩერებულია აუცილებელი სასამართლო რეფორმაც;
- ვხედავთ ჟურნალისტებზე მრავალრიცხოვან თავდასხმას;
- და ვხედავთ დე ფაქტო პოლიტიკურ პატიმრებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ტელევიზიის დირექტორის ჩათვლით.
ლექსმანს მიაჩნია, რომ საჭიროა ამ პროცესების აღნიშვნა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული სწრაფვის დანახვა. „ჩვენ მათ მხარეს უნდა დავდგეთ", - თქვა მან.
ევროპარლამენტარის განცხადებით, პროდემოკრატიული რეფორმები არ იქნება სასარგებლო მხოლოდ ამ სწრაფვისთვის, არამედ ევროპარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიას, როგორც მედეგობის ფაქტორს იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებთ, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას.
ასევე ნახეთ "არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია" - მიხაელ როპიევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.
ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. იქამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოს პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადსაქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.