რატომ შეიძლება ვეღარ მივიღოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება - რა უჭირთ კლინიკებს?

ივნისის ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრისთვის მიწერილ წერილში აღწერილ პრობლემებსა და მოთხოვნებზე მიღებული უარის მიუხედავად, „ჯანდაცვის ასოციაცია“, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ 100-მდე კლინიკასა და 23 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს კიდევ ერთ ღია წერილს უგზავნის. „ჯანდაცვის ასოციაცია“ 13 ივლისს გავრცელებული ღია წერილით, კიდევ ერთხელ ცდილობს დაარწმუნოს ჯანდაცვის მინისტრი, რომ თუკი სამინისტრო კლინიკებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრულ სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფებს არ გადახედავს, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და მომსახურების ხარისხი, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მიუხედავად გაძვირებული იმპორტირებული პროდუქტისა, გაძვირებული კომუნალური გადასახადებისა თუ ინფლაციისა, უკანასკნელი ცხრა წელია, სამინისტროს კლინიკებში სხვადასხვა მომსახურებაზე დადგენილი ფასებისთვის არ გადაუხედავს და კლინიკები კვლავ 2013 წელს დადგენილი ტარიფებით ოპერირებენ, რაც მათი თქმით, „დღეს თუ არა ხვალ“, აუცილებლად აისახება პაციენტთა მომსახურების ხარისხზე. არ არის გამორიცხული, რომ დღის წესრიგში დადგეს კლინიკების ნაწილის მუშაობის შეჩერების საკითხიც.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როგორც სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელები ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, შესაძლოა, კლინიკებმა მაგალითად, ვეღარ მოახერხონ საჭირო და მაღალხარისხიანი მედიკამენტების, ინსტრუმენტების, აღჭურვილობის შეძენა. მაგალითად, ვეღარ მოახერხონ კომუნალური გადასახადების დაფარვა. მედ-პერსონალისთვის ხელფასების გადახდა და ა.შ. ამის შესახებ ისინი 13 ივლისის ღია წერილშიც პირდაპირ წერენ:

„მოგეხსენებათ, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალის საქმიანობას, კლინიკების ფინანსური მდგრადობა განაპირობებს, რისი შენარჩუნებაც არარენტაბელური ტარიფების და გაზრდილი ხარჯების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელი გახდა“.

რა უპასუხა „ჯანდაცვის ასოციაციის“ პირველ ღია წერილს ჯანდაცვის მინისტრმა?

„ჯანდაცვის ასოციაციის“ პირველ ღია წერილს, სადაც კლინიკების ხელმძღვანელები შეეცადნენ, რომ მათ სისტემაში არსებული პრობლემები დაენახვებინათ მინისტრისთვის, 11 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა და თქვა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს სამინისტრო ე.წ. DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე არ გადახედავს.

მინისტრის თქმით, სამედიცინო მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია 2030 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო ხარჯების 90-95%-იანი დაფარვა. ამჟამად, ეს მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია. მინისტრი ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის სახელმწიფო მზად იქნება სამედიცინო საჭიროების მქონე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაუწიოს დახმარება.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებითვე, DRG სისტემა აპრილიდან საპილოტე რეჟიმში მოქმედებს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ეს კი მისი თქმით, „ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო [კლინიკას] გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე“. მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინდექსაცია არ იქნება, ვინაიდან ინდექსაციის შემთხვევაში „არ ვიცით, საიდან უნდა გამოვიდეთ - ინფლაციას უნდა მივებათ, არ მივებათ, კონკრეტულ ნოზოლოგიებზე მივებათ?“

ასევე ნახეთ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების ინდექსაციას არ აპირებს

13 ივლისს, „ჯანდაცვის ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ მართალია კლინიკები მიესალმებიან DRG სისტემით დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, მაგრამ მათი განცხადებით, ეს პროცესი სწორი მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს, რასაც წლები დასჭირდება და ეს პერიოდი კი კლინიკების ფუნქციონირებასა და მომსახურების ხარისხზე დადებითად ვერ აისახება:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვის პროცესამდე, მთელი რიგი ეტაპებია განსახორციელებელი, რაც დიდ ადამიანურ რესურსს და დროს მოითხოვს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით“.

რა უჭირთ კლინიკებს?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები დღეს 2013 წელს დადგენილი ტარიფებით ოპერირებენ. უკეთ რომ განვმარტოთ, ტარიფი ეს არის კონკრეტული ნოზოლოგიების ღირებულების ანაზღაურება, მაგალითად, კონკრეტული სერვისის, ოპერაციის, საწოლ დღის, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის დადგენილი ღირებულება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო უხდის კლინიკებს.

აი სწორედ ამ ტარიფების გადახედვას ითხოვენ კლინიკები, რადგან თუკი მაგალითად, ცხრა წლის წინ, ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი დღე-ღამის ასანაზღაურებლად დადგენილი 240 ლარი საკმარისი იყო, დღეს ეს ტარიფი ექიმების თქმით, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დღეს 730 ლარს შეადგენს.

მაია ჩხაიძე, ევექს ჰოსპიტლების ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ რატომ არის მაგალითად, მათი კლინიკისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს არსებული ტარიფების გადახედვა და გაზრდა:

მაია ჩხაიძე

„გაძვირდა როგორც მოხმარების საგნები, ისე მედიკამენტები, ელექტროენერგია, წყალი. იმისათვის, რომ კლინიკამ იარსებოს და გვყავდეს კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლები, მათ შესაბამისი ხელფასიც უნდა გადავუხადოთ. გარდა კვალიფიციური და მოტივირებული პერსონალისა, პაციენტებს სჭირდებათ მოხმარების საგნები და მედიკამენტები. გარდა ამისა, კლინიკას აქვს დიდი რაოდენობით არაპირდაპირი დანახარჯი - კომუნალური დანახარჯები. ჯანდაცვის სექტორის მიზანია, რომ პაციენტს არა მხოლოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ჰქონდეს, არამედ მაღალი ხარისხის და მისთვის უსაფრთხო ჯანდაცვის სფერო არსებობდეს ქვეყანაში. თუკი ეს პროცესი ასე გაგრძელდება, უკვე კლინიკების არსებობის საკითხიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და შესაძლოა, ზოგმა კლინიკამ საერთოდ ვეღარ მოახერხოს მუშაობა, რადგან თუკი მას არ ექნება სახელმწიფოზე დამოკიდებული ადეკვატური შემოსავალი, კლინიკა ვერ იყიდის ვერც მაღალი ხარისხის მედიკამენტებს, ვერც ერთჯერად სახარჯ მასალას და ვერც თანამშრომლის ხელფასს გადაიხდის“.

მაია ჩხაიძე ამბობს, რომ ის ტარიფი, რასაც დღეს სახელმწიფო კლინიკას მაგალითად, რეანიმაციული განყოფილებისთვის უხდის, რეალური დანახარჯის მესამედიც კი არ არის. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო სრულად ანაზღაურებდეს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის ხარჯს, მკურნალობის თანხის დაფარვა კლინიკას და პაციენტს უწევს:

„ორჯერ და სამჯერ ძვირი ჯდება პაციენტის კვლევა, მედიკამენტი, მკურნალობა და ა.შ. თუკი ჩვენ პაციენტს ამას არ გავუკეთებთ, მას ვერ გადავარჩენთ. ამიტომ თანაგადახდა უწევს როგორც მოსახლეობას, ისე კლინიკას. მაგალითად, რეანიმაციაში ჩასატარებელი კვლევებისთვის რაც გვჭირდება პირველი სამი დღის განმავლობაში, ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო გვიხდის, მესამედიც კი არ არის, რომ პაციენტი სრულყოფილად გამოვიკვლიოთ, ვუმკურნალოთ და სწორი დიაგნოზი დავუსვათ. ჩვენ პაციენტს ვერაფერს დავაკლებთ და ამიტომ ხდება თვითდაფინანსება. რომ საუბრობენ, ჯანდაცვა მომგებიანიაო, ეს ასე არ არის. აქ უკვე მოგებაზე აღარ არის ლაპარაკი. ის შემოსავალი, რაც გვაქვს, ხმარდება პრაქტიკულად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. შემოსავლების მიხედვით ხდება ამ თანხების გადათამაშება აუცილებელი ხარჯვის მასალებსა და მედიკამენტებზე. კლინიკის მოგებაზე აღარ არის ლაპარაკი. პირიქით, თავისი საკუთარი რესურსით ცდილობენ უმეტესი კლინიკები თვითგადარჩენას. მაგრამ შეიძლება ცოტა ხანში საკუთარი რესურსებითაც ვეღარ მოახერხოს ხარჯების დაფარვა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ, რასაკვირველია, დააზარალებს პაციენტებს“.

სწორედ მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას საჩხერის სამედიცინო ცენტრიც. რადიო თავისუფლება მის დირექტორს, მიხეილ ქამუშაძეს ელაპარაკა.

როგორც ის გვეუბნება, არის თვეები, როდესაც კლინიკა ვერ ახერხებს მედპერსონალისთვის ხელფასების დროულ გადახდას, კომუნალური ხარჯების დაფარვას, მედიკამენტების შეძენას. მისი თქმით, კლინიკას უმძიმეს ტვირთად აწევს კლინიკის ოპერირებისთვის აუცილებელი პირობების შესრულებაც. ეს პრობლემები კი განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდ-პანდემიის შემდეგ:

„მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებთან აქვს კონკრეტული მოთხოვნები, როგორ უნდა იყოს მოწყობილი რეანიმაციული საწოლები, რა ფართობში, როგორი უნდა იყოს შესასვლელები, გასასვლელები, "ემერჯენსი" და ამისთვის კონკრეტული ამოცანებია, რომლებიც კლინიკებმა უნდა შეასრულონ, ეს ყველაფერი რომ შეძლოს კლინიკამ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ფულადი სახსრები, სარემონტო სამუშაოები იქნება და აპარატურის შეძენა თუ სპეციალისტების აყვანა. როცა რეგიონზეა ლაპარაკი, განსაკუთრებით ჭირს სპეციალისტების მობილიზება. კოვიდის პირობებში გადატვირთულმა მუშაობამ, თავის მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ცვეთა გამოიწვია, აპარატურა იქნება ეს თუ სხვა სამედიცინო ინვენტარი, ესეც საჭიროებს განახლებას. ამ პირობებში რეგულირების სააგენტო და აუდიტი იყო შესული ბევრ კლინიკაში, გამოწერა ჯარიმები და მარტივი ტექნიკური გადაცდომების გამო დაადეს ისეთი ჯარიმები, რისი ანაზღაურებაც კლინიკებს ამ პირობებში არ შეუძლიათ. გარდა ამისა, კლინიკების მიმართ არსებობს მოთხოვნა, რომ ჰაერმოდინებითი დანადგარები უნდა მუშაობდეს, დადებითი და უარყოფითი წნევა უნდა იყოს განსაკუთრებით ისეთ პალატებში, როგორიცაა რეანიმაცია. ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს ჰეპა-ფილტრები, რომლებიც ჰაერის ფილტრაციას ახდენს, რათა არ მოხდეს დაბინძურებული ჰაერის მასების არევა. ამისთვის ხარჯებია საჭირო. თუ გვინდა, რომ ხარისხი გავზარდოთ, გვქონდეს ლამინირებული ჰაერი, ჟანგბადი, კარგი ხარისხის წამალი, ექიმი იყოს კმაყოფილი, ამას ყველაფერს სჭირდება შესაბამისი ანაზღაურება, რაც დღეს კლინიკებს აღარ აქვს იმიტომ, რომ ტარიფები, რომელსაც ჩვენ დღეს სახელმწიფოსგან ვიღებთ, მიზერულია“.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

ამ თვალსაზრისით, მიხეილ ქამუშაძე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მედ-პერსონალსა და მათთვის გადახდილ ანაზღაურებაზე:

„ხელფასებს ხშირად ვაგვიანებთ. მედ-პერსონალიც მოგეხსენებათ როგორ მუშაობს. ერთი კლინიკიდან მეორეში, რადგან ყოფა-ცხოვრების პირობებისთვის არ ჰყოფნით ის ანაზღაურება, რაც მხოლოდ ერთ კლინიკაში შეიძლება აიღონ. ეს შემდეგ, თავის მხრივ, ქმნის შრომის პირობების დარღვევას. მაგალითად, გადაბმული მორიგეობების დროს დაღლილი ექიმი თუ ექთანი, მესამე დღეს აღარ არის ადეკვატური. ეს ხომ უკვე მომსახურების ხარისხზეც მოქმედებს“.

რაც შეეხება DRG სისტემაზე გადასვლას, მიხეილ ქამუშაძე რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ რატომ არის გაუმართლებელი დღეს მოქმედი ტარიფებით ამ სისტემაზე გადასვლა:

“DRG – ეს არის დიაგნოზთა ერთობლიობა და ამ ერთობლიობიდან გამოყვანილი საშუალო ტარიფი. კონკრეტული დიაგნოზები ითვლება კონკრეტულ სირთულედ, ენიჭება კონკრეტული კოდი და განესაზღვრება ტარიფი. თუმცა, არსებულ დაბალ ტარიფებს თუ შევაჯამებთ და საშუალოს გამოვიყვანთ, ეს ტარიფიც დაბალი იქნება. ამიტომ DRG-სისტემა ვერ უპასუხებს ტარიფის ზრდას, თუ პარალელურად არ გაიზარდა ტარიფები და ამ სისტემაში უკვე გაზრდილი ტარიფები არ ჩაიდო. ამ პრობლემებზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობთ. რაც უფრო მეტი დრო გადის, პრობლემები კიდევ უფრო მეტად მსხვილდება”.

პრობლემის დროულ მოგვარებასა და დროის სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში კახა გზობავა, კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორი.

„დღეს დრო აღარ გვრჩება“, - ამბობს ის, რომლის თქმითაც, რიგ შემთხვევაში, ახლა უკვე დღის წესრიგში დგება თავად კლინიკების არსებობის საკითხიც:

„2013 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, ფასები, მოთხოვნები...პერსონალის ხელფასები დღეს ვერანაირად ვეღარ იქნება დამაკმაყოფილებელი. ჯერჯერობით, შეიძლება ეს პროცესი არ ასახულა მომსახურების, მკურნალობის ხარისხზე, მაგრამ აქამდე რომ არ მივიდეს საქმე, ამიტომ ვითხოვთ ტარიფის დროულ ინდექსაციას, რათა ეს ყველაფერი მოსახლეობის მომსახურების ხარისხზე არ აისახოს. ეს ყველაფერი ჯერჯერობით აისახება კლინიკების ოპერირების სიძნელეებზე, რომლებიც უკვე მალე აუცილებლად ტრანსფორმირდება იმაში, რომ გაფუჭდება მომსახურების საკითხი, ან დაწესებულება იძულებული გახდება, რომ გაჩერდეს, რადგან ვერ გადაიხდის ხელფასებს, ვერ შეიძენს მედიკამენტებს, სახარჯებს, აღჭურვილობას ვერ განაახლებს, კომუნალურებს ვერ გადაიხდის და ა.შ. ფაქტია, რომ ამ პირობებში ოპერირების გაგრძელება ცოტა ხანში შეუძლებელი იქნება. ამ ტარიფების ინდექსაცია აუცილებლად უნდა მოხდეს, ან ინფლაციას უნდა მიებას, ან საარსებო მინიმუმს, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა მოხდეს“.

საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. ამ პერიოდში, ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე დარტყმა მიაყენა 2019 წელს, მთავრობის 520-ე დადგენილებამ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობდა და როგორც კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის. კლინიკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ 2020-2021 წლებიდან ისინი პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებენ, „ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლების საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს“.

„ჯანდაცვის ასოციაცია“ მოუწოდებს ჯანდაცვის მინისტრს, 20 ივლისამდე გამართოს მათთან შეხვედრა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, რიგმა დაწესებულებებმა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს შექმნის.