რუსეთში „გეი პროპაგანდის“ საქმეზე იუთუბერი იური დუდი დააჯარიმეს

იური დუდი, ჟურნალისტი

მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონის მოსამართლემ 120 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმა ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი, მის წინააღმდეგ გეი პროპაგანდის ადმინისტრაციული მუხლით აღძრულ საქმეზე. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურმა "მედიაზონას" აცნობა.

ადმინისტრაციული საქმის მასალების თანახმად, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 7 ივლისს გამოიტანა. ჟურნალისტი დამნაშავედ ცნეს "ინტერნეტის გამოყენებით არასრულწლოვანებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის".

სასამართლო არ აზუსტებს, თუ რა გახდა ადმინისტრაციული საქმის აღძვრის მიზეზი. მაგრამ ინტერნეტის უსაფრთხოების ლიგის თავმჯდომარე ეკატერინა მიზულინა ამტკიცებს, რომ დუდის წინააღმდეგ ოქმი შეადგინეს ღიად გეი მხატვრის, ფიოდორ პავლოვ-ანდრეევიჩთან ინტერვიუს გამო, რომელიც 2021 წლის აპრილში გამოქვეყნდა ბლოგერის იუტუბის არხზე ("вДудь").

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "აგორას" ხელმძღვანელმა, პაველ ჩიკოვმა, დაადასტურა, რომ დუდი სწორედ ამ ინტერვიუსთვის დააჯარიმეს. ჩიკოვის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

გასული წლის ოქტომბერში, დუდი ინტერნეტში ნარკოტიკების პროპაგანდის პროტოკოლის მიხედვით, 100 ათასი რუბლით დააჯარიმეს.

აპრილში იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტი "უცხოეთის აგენტად" ცნო.

  • 2013 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს გეი პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კანონი დისკრიმინაციულად მიიჩნია.
  • მუხლი - "არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა" - სასჯელის სახით მაღალ ჯარიმებსა და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
  • 2022 წლის ივლისში სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტი გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთში "ასაკის მიუხედავად აიკრძალოს არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდა".