ღარიბაშვილი საუბრობს იმ ეჭვებზე, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობაზე მიუთითებდა

ფოტო არქივიდან: ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ობიექტური დამკვირვებლისთვის, გარკვეულ საკვანძო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, შეიძლება არსებობდეს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობის ეჭვები. განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე მისივე სახელით გავრცელდა, საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ეს მის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ "აგორებული კამპანიაა".

"შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ.

ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა", - აღნიშნავს ღარიბაშვილი და დასძენს, რომ "ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება".

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახებს პერიოდული კომუნიკაცია აქვთ.

"პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი", - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ივანიშვილზე: ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველომ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. მათ შორისაა, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ოლიგარქია და მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციის ლიდერებს შორის არიან.