სომხეთში მთაზე დგამენ იესო ქრისტეს ქანდაკებას, რომელიც მთელი სომხეთიდან უნდა გამოჩნდეს

ჰათისის მთაზევ მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.

სომხეთში იესო ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკების აგება დაიწყეს. ჰათისის მთაზე, კოტაიქის რაიონში, მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა. სომხურ საზოგადოებაში მოსწონთ იდეა, მაგრამ მას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც.

პროექტის ინიციატორი, პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარე, გაგიკ წარუკიანი ამტკიცებს, რომ 77-მეტრიანი ნაგებობა, რომელიც მთის წვერზე, ზღვის დონიდან 2528 მეტრზე აღიმართება, სომხეთის ყველა კუთხიდან გამოჩნდება. პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, მნახველებს უშუალოდ 33-მეტრიან ძეგლთან მისვლა, რომელიც 44-მეტრიან პოსტამენტზე დაიდგმება, საბაგირო გზის საშუალებით შეეძლებათ.

გაგიკ წარუკიანის დედამ, როზა წარუკიანმა, მომავალი ქანდაკების საძირკველში საზეიმოდ ჩაუშვა კაფსულა, რომელშიც მოთავსებულია პროექტის დაწყების შესახებ დოკუმენტის ასლი. მას, სიტყვებით - „ღვთის შეწევნით“, ხელს აწერენ წარუკიანი და ქერობიანი, და ასევე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი.

გაგიკ წარუკიანმა 2022 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ იესო ქრისტეს ძეგლის დადგმა სურს და კონკურსიც გამოცხადდა.

მაცხოვრის დიდი ქანდაკებები დგას მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში. პროექტთან დაკავშირებული პირები ამტკიცებენ, რომ სომხური „მეგა იესო“ სხვებისგან, მსგავსი ძეგლებისგან, სრულიად განსხვავებული იქნება. წარუკიანი ჰყვება, რომ ქანდაკება დაფარული იქნება ფოსფორით და ის ღამით გაანათებს.

იესოს ქანდაკების მაკეტი

„იესოს ძეგლების უმეტესობა ბეტონისგანაა გაკეთებული, ჩვენი კი არ იქნება ბეტონისა. ის ყველაზე ლამაზი იქნება, ღამით გაანათებს“, - უკვე აქებს ქანდაკებას გაგიგ წარუკიანი, რომელიც ამბობს, რომ იქვე იქნება "მუზეუმი, რომელიც ქრისტეს, ისტორიას, დედამიწაზე მის მოსვლას, ამაღლებას მიეძღვნება“.

სომხეთის მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დადებითი შეფასება მისცა იესოს ქანდაკების დადგმის ინიციატივას და განაცხადა, რომ ეს სომხეთში სტუმრებს მიიზიდავს და ტურიზმს განავითარებს.

9 ივლისის ცერემონიაზე ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა მშენებლობას ხელშეწყობა აღუთქვა. „ეს მართლაც მასშტაბური, ალბათ ყველაზე მასშტაბური ტურისტული პროექტია სომხეთში და ბუნებრივია, როგორც სხვა ინვესტიციების შემთხვევაში, ამ საქმეშიც, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის რაც შეიძლება სწრაფად, შეუფერხებლად განხორციელდეს“, თქვა მინისტრმა.

თავისთავად იესო ქრისტეს მონუმენტური ძეგლი მისაღებად მიაჩნია კულტურის სამინისტროს, მაგრამ, ამავე დროს, უწყება მოითხოვს ისტორიული ძეგლის, ციხესიმაგრის, ტერიტორიაზე ნებისმიერი საქმიანობის აკრძალვას, სანამ დადგენილი წესით არ იქნება წარდგენილი პროექტი და პროფესიონალები კვლევას არ ჩაატარებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო წერილი „გაგიკ წარუქიანის“ ფონდიდან ქანდაკების დადგმის შესახებ და უპასუხა მას, რომ ზემოთ აღნიშნული ძეგლის დასადგმელი ადგილისთვის ტერიტორიის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის შესახებ სომხეთის კანონის მოთხოვნა და ის არ უნდა დაიდგას ისტორიის და კულტურის ძეგლების ტერიტორიაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ ფონდს მისთვის პროექტი არ წარუდგენია.

სამინისტრომ ძეგლის და ისტორიული გარემოს დაცვის უწყების თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ჰათისის მთის მწვერვალისკენ გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს.

სამინისტრო ყველას შეახსენებს, რომ ამ მთის ფერდობებზე გაბნეულია ისტორიისა და კულტურის სხვადასხვა ეპოქის 20-მდე ძეგლი, რომლებიც სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი.

პროექტის წინააღმდეგი არიან სომხეთის სამოციქულო ეკლესია და მისი უზენაესი სასულიერო საბჭო. ეჩმიაძინში, ეკლესიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ესაია ართენიანმა, რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციას უთხრა, რომ ეკლესიის პოზიცია არ შეცვლილა.

მშენებლობის დაწყების ცერემონია ჰათისის მთაზე.

ეკლესია თვლის, რომ იესო ქრისტეს ძეგლის დადგმა არ შეესაბამება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ ტრადიციას. სომხეთის ეკლესია იყენებს მაცხოვრის ბარელიეფებს, მაგრამ არა ქანდაკებებს.

სომხეთის პროფესიონალ ექსკურსიამძღოლთა პროფკავშირის თავმჯდომარე, იაშა სოლომონიანიც წინააღმდეგია იესო ქრისტე ძეგლის დადგმისა. „იესოს ძეგლის არსებობა ჩემთვის, როგორც სპეციალისტისა და მოქალაქისთვის, მიუღებელია“, ამბობს სოლომონიანი, რომელიც განმარტავს, რომ პირველ რიგში იმიტომ არ ეთანხმება პროექტს, რომ ის სომხური ეკლესიის ტრადიციებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. „ხალხთა მასების ნაკადი, რომელიც მშენებლობას მოჰყვება, ზიანს მიაყენებს ჰათისის ეკოსისტემას. არაფერს ვამბობ მთის ისტორიულ და არქეოლოგიურ მნიშვნელობაზე“. სოლომონიანის თქმით, ჰათისის მთის რეგიონში არის ძველი ისტორიული შრე, რომელიც არც კი შეუსწავლიათ. ის დარწმუნებულია, რომ ამ პროექტის გამო, ჰათისი, რომელსაც ახლა ლაშქრობების ბევრი მოყვარული ეტანება, გაქრება მათი რუკებიდან და, ამასთან, „მეტ ტურისტსაც არ მიიზიდავს“.

„ტურისტი ქვეყანაში ჩადის ამ სახელმწიფოს რელიგიური თუ კულტურული თავისებურების სანახავად და არა იმისთვის, რომ რიო-დე-ჟანეიროს ძეგლის ასლი იხილონ“, თვლის სოლომონიანი.

ჰათისის მთა ვულკანური წარმოშობისაა და ბევრს უჩნდება შეკითხვა, არის კი უსაფრთხო მის წვერზე 77 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციის დადგმა.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის პროფესორის, სარქის აიროიანის თანახმად, ჰათისზე ბევრი ბაზალტია, და ის მყარ საძირკვლად ითვლება, მაგრამ მაინც საჭიროა ზუსტ გამოთვლებზე დამყარებული პროექტი. „აუცილებელია გაკეთდეს გამოთვლები. მთა საკმაოდ მაღალია და გეოლოგები ამაზე ვერაფერს იტყვიან, მშენებლებმა უნდა გამოთვალონ“, გაუძლებს თუ არა ნაგებობა ძლიერ ქარებს, რომლებიც გეღამის მთებიდან უბერავენ, ამბობს აიროიანი, რომელიც მთლიანობაში საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ჰათისი ჩამქრალი ვულკანია.

სომხეთში, ჰათისის მთაზე, იესო ქრისტეს ქანდაკების და მიმდებარე კომპლექსის მშენებლობაში მონაწილეებს სურთ, პროექტი სამ წელიწადში დაასრულონ.