საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს სამინისტრო ე.წ. DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე არ გადახედავს. ეს არის სისტემა, რომელიც კლინიკებში არსებული მომსახურების ტარიფებიდან სამართლიან ფასს ითვლის. ამ საკითხზე კომენტარი მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა მედიასთან საუბარში.
საქმე ეხება ჯანდაცვის ასოციაციის 28 ივნისის მოთხოვნას - 100-ზე მეტი კლინიკის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ტარიფები არ შეცვლილა. კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმებით, კლინიკებს ცალმხრივად მომსახურების ტარიფის შეცვლის უფლება არ აქვთ. ფასების ზრდისა და კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე მუშაობის პირობებში კი, ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, პაციენტები ზარალდებიან, რადგან შექმნილი ვითარება მომსახურების ხარისხზე აისახება.
მინისტრის თქმით, სამედიცინო მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით დაგეგმილია 2030 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო ხარჯების 90-95%-იანი დაფარვა. ამჟამად, ზურაბ აზარაშვილის თანახმად, ეს მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია. რაც მინისტრის თქმით ნიშნავს იმას, რომ 2030 წლისთვის სახელმწიფო მზად იქნება სამედიცინო საჭიროების მქონე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაუწიოს დახმარება.
„ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაქვს ამის მზაობა, რომ დავაფინანსოთ ეს სამედიცინო სერვისები, ეს სამედიცინო სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის და ჩვენ დარწმუნებულ ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი განმარტებით, DRG სისტემა აპრილიდან საპილოტე რეჟიმში მოქმედებს, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება და ეს „ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე“. მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინდექსაცია არ იქნება, ვინაიდან ინდექსაციის შემთხვევაში „არ ვიცით, საიდან უნდა გამოვიდეთ - ინფლაციას უნდა მივებათ, არ მივებათ, კონკრეტულ ნოზოლოგიებზე მივებათ?“
„ეს რამდენიმე თვის პროცესია, რასაც გეგმის მიხედვით მივყვებით და ვფიქრობ, რომ ამ პროცესს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ ის სამართლიანი ტარიფები იყოს და არა ახლა შემოვიღოთ რაღაც ტარიფი და მერე როცა DRG შემოვა, იმან გვიჩვენოს, რომ ეს ტარიფი შესამცირებელია ან [გასაზრდელია]. არასერიოზული გამოვა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ასევე ნახეთ კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროსგან ტარიფების გადაანგარიშებას მოელიანჯანდაცვის ასოციაციის სახელით, ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა.