ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინელები კიდევ 350 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თითქმის 368 მილიონ დოლარის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.

"დღემდე, 11 მილიონზე მეტი ადამიანი – უკრაინის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი – იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები რუსეთის გაუმართლებელი ომის გამო, ხოლო 15,7 მილიონ ადამიანს დახმარება სჭირდება. თებერვალში პრეზიდენტ პუტინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ამ კრიზისის მოსაგვარებლად 1,28 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიღო და ჩვენ სხვა ქვეყნებს შორის უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი დონორი ვართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე.

ეს დამატებითი დაფინანსება, თითქმის 288 მილიონი დოლარი, ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო 80 მილიონ დოლარზე მეტი - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხაზით გამოიყოფა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების საკვებით, უსაფრთხო სასმელი წყლით, ფულადი დახმარებით, ხელმისაწვდომი თავშესაფრით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

მანამდე აშშ-მა გამოაცხადა, რომ შეიარაღების ახალი, 400 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის სახით, უკრაინას მიაწოდებს უფრო შორი მოქმედების ზალპური ცეცხლის სისტემებს და ახალ მაღალი სიზუსტის საარტილერიო ჭურვებს.

პაკეტში შედის ოთხი ზემობილური საარტილერიო სარაკეტო სისტემა, რომლებიც HIMARS-ის სახელითაა ცნობილი, თავის ჭურვებთან ერთად. ამის შესახებ ჟურნალისტებს 8 ივლისს განუცხადა აშშ-ის სამხედრო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ ვრცელდება.

მან თქვა ასევე, რომ დამატებითი HIMARS-ების მიწოდების შემდეგ, სისტემების რაოდენობა, რომელიც უკრაინას ხელთ აქვს გასული თვის შემდეგ, მიაღწევს 12-ს.