როგორ გადაარჩინეს ამერიკელმა თომასმა და მისმა მეგობრებმა თბილისური ხვეული კიბე

ჩემნაირად რომ არ მოგიწიოთ წრეებზე სიარული, მოდი, აგიხსნით, როგორ მიაგნოთ იმ წრიულ, ხის კიბეს, რომლის ოფიციალური მისამართი თბილისი, ძმები კაკაბაძეების 7 ნომერია და რომელსაც უკვე თვეებია, ქართველი და უცხოელი არქიტექტორები და დიზაინერები რესტავრაციას უკეთებენ.

მოკლედ, სულ ტყუილად მიხვალთ კაკაბაძეების 7 ნომერთან, იმიტომ, რომ ქვაფენილზე შემდგარი აღმოაჩენთ, რომ იქ არანაირი კიბე არ არის. სახით მთაწმინდისკენ და თქვენგან ხელმარჯვნივ, ევროპულ ყაიდაზე გამართული, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს აშენებული სამსართულიანი სახლი დაგხვდებათ, წვეროსანი მამაკაცის გამოსახულებიანი მასკარონით და ლითონის აჟურული აივნებით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

იფიქრებთ, სადარბაზოში შევალთ და იქიდან გავალთ უკანა ეზოშიო, მაგრამ ვერ გახვალთ. სადარბაზო ცალმხრივია. ამიტომ, სანამ კაკაბაძეების ქვაფენილზე შედგებით, მარჯვნივ, ბარნოვზე შეუხვიეთ და რამდენიმე ნაბიჯში, ბარნოვის 2 ნომერთან რომ მიხვალთ, მარცხნივ გაიხედეთ. თუ შუადღის მზე იქნება, მაშინ სამსართულიანი სახლის სახურავამდე აყოლებულ ოქროსფრად მოელვარე ხის სპირალურ კიბესაც დაინახავთ.კიბე ხის ფერია, ჯერ არ შეუღებავთ და მზე ოქროსფრად ადგება.

შეიწევთ კიდევ რამდენიმე ნაბიჯით სიღრმეში და იმ სამსართულიანი სახლის უკანა ეზოში, აღმოჩნდებით, რომელიც ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული თბილისური ეზო იქნებოდა, რომ არა სახლის სამივე სართულის სიმაღლეზე ასვეტილი ხის მოხარატებული ხვეული კიბე - კიბე, რომლის ასაკიც, სავარაუდოდ, ასწლეულს სცდება და რომლის სრულად ჩამოშლას აღარც არაფერი აკლდა.

ახლა აქ კიბის რესტავრაცია სრულდება. ნიკა კიბის მოაჯირისთვის წაბლის ხის მოდრეკას ცდილობს. ტურანი კიბის კოლონას ძველი საღებავის ნაფლეთებს აცლის. თომასი კიბის თავშია ასული და რიკულებს ასუფთავებს. ყველას თავისი საქმე აქვს აქ, ქალებსაც და კაცებსაც.

- ბოდიში, სტატიას ვწერთ. რომ ამოვიდეთ, რამდენიმე სიტყვას გვეტყვით? - შევძახით შუშაბანდში გადმომდგარ ქალს.

- როგორ არა, ამოდით.

- ამ კიბეს რომ ამოვუყვეთ შეიძლება?

- ახლა უკვე შეიძლება.

ამ ხვეულ კიბეზე ასვლას თავისი წესი აქვს. ბეჭებში უნდა მოიხარო, რომ ზედა საფეხურებს თავი არ მიარტყა.

წარწერა კიბეზე "ფრთხილად თავი"

ეკა აივანზე გვხვდება - ყავას მოგიდუღებთ ახლავე, იქნებ ცივი „კომპოტი“ გესიამოვნოთ? ან წყალი?

ეკა გოგოლაძე ამ ეზოში დაიბადა. აი ამ კიბეზე გაატარა მთელი ბავშვობა. მისი ოჯახი კაკაბაძის 7 ნომერში 1953 წელს დასახლდა. მას მერე არსად წასულა.

ეკას დედა, 83 წლის ლია, შუშაბანდში ზის. ჩუმად უსმენს შვილს, „მე ლაპარაკი არ მინდა, მოგისმენთ“, - გვითხრა.

ეკა გოგოლაძე

„მე, ჩემი ძმა, დედაჩემი, ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა, ურთიერთობა მეზობლებთან, დოდოსთან, ლეილასთან... მიმოსვლა, ყველაფერი ამ კიბეებთანაა დაკავშირებული. ეზოში რომ მოვხვდე, ეს კიბე უნდა ჩავიარო. თუ ამ კიბეზე ვერ ჩავალ, მაშინ კაკაბაძეზე უნდა გავიდე, სადარბაზოდან, მოვუარო ქუჩას და ისე შემოვიდე ეზოში. წრე უნდა დავარტყა სახლს. ამ ბიჭებს და გოგოებს რომ არ მოეკიდათ ხელი კიბისთვის, წლევანდელ ზამთარს ვეღარ გაუძლებდა. იცით, ამ კიბეებზეა გადაღებული ცნობილი ფილმი გასული საუკუნის 50-იან წლებში "დღე პირველი, დღე უკანასკნელი. სერგო ზაქარიაძე და ბელა მირიანაშვილი სწორედ ამ კიბეზე ადიან გაზეთების და წერილების დასარიგებლად“, - გვეუბნება ეკა, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი იარა ხან მერიაში, ხან გამგეობაში, ხან კულტურის სამინისტროში, რომ როგორმე კიბის რესტავრაციისთვის საჭირო თანხა ეშოვა, თუმცა, არაფერი გამოუვიდა:

კადრი ფილმიდან "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", 1959 წელი

„საფეხურები ჩაცვივდა, მოაჯირები აღარ ჰქონდა, ქარი რომ ქროდა, კიბეს აკვანივით არწევდა ხოლმე - გადავარდნას იყო კიბე. ასვლა-ჩასვლა საშიში იყო. გამგეობიდან ორჯერ მოვიყვანე ხალხი. გაიარეს-გამოიარეს და კარგად იყავიო. მერიამ მითხრა, რესტავრაციისთვის თანხის ნაწილს დავფარავთ, მაგრამ მოსახლეობას მაინც მოუწევს დარჩენილი თანხის გადახდაო. რომ გადავთვალეთ, ოჯახზე 800 ლარი უწევდა და ყველას არ ჰქონდა ამის საშუალება. ეს კიბე წლევანდელ ზამთარ ვეღარ გაუძლებდა. გადავარდებოდა და ცუდი ამბავი მოხდებოდა. ამ ეზოში 25-მდე ბინადარი ვართ. ბავშვები არიან. ახლა ზაფხულია. წასულ-წამოსულია ხალხი, თორემ ეს ეზო სულ სავსეა ხოლმე საღამოობით. ვინ მოგვცემდა გარანტიას, რომ კიბე ვინმეს არ მოიყოლებდა ქვეშ?“

სანამ კიბეს დაშლიდნენ

როგორ გადარჩა კიბე?

2019 წელს ამ ეზოში, მესამე სართულზე, ზუსტად კიბის მოპირდაპირე მხარეს, თომას იბრაჰიმი დასახლდა. ახალგაზრდა არქიტექტორი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საქართველოში პირველად 2016 წელს ჩამოვიდა, გვიანი საბჭოთა არქიტექტურის საკვლევად. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოუწია საქართველოში ჩამოსვლა. ბოლოს კი კაკაბაძის 7 ნომერში იქირავა ბინა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა თბილისური ეზო თავისი არქიტექტურით, იქ მცხოვრებთა ურთიერთობებითა და რაც მთავარია, ნახევრად ჩამოშლილი ხის კიბით, რომელსაც მისი ფანჯარა უყურებდა:

თომას იბრაჰიმი

„როგორც კი ამ ეზოში დავსახლდი, მაშინვე უცნაური მიჯაჭვულობის განცდა გამიჩნდა. ასეთი ტიპის ეზოები თავს ოჯახურ გარემოში გაგრძნობინებს. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ მე ამ ეზოს კულტურის ნაწილი ვიყავი. აქ ვიცხოვრე 2019 წელი და 2020 წლის ნახევარი და ვუყურებდი, როგორ იშლებოდა ჩემს თვალწინ ეს უნიკალური კიბე. კიბის გასამაგრებლად, მეზობლები მის ძირში ხან ფანჯრის ჩარჩოებს აყუდებდნენ და ხან ხის ნაჭრებს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ინიციატივა ჩემს ხელში ამეღო და კიბის რესტავრაციაზე მეფიქრა“.

თომას იბრაჰიმი

თომასმა კიბის წინასწარი ნახაზები 2019 წელს გააკეთა და ნელ-ნელა, თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. ანუ მისი ჯგუფელები დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტიდან - არქიტექტორები და რესტავრატორები ავსტრიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და რა თქმა უნდა, ქართველი კოლეგები. ასე შეიქმნა 17-კაციანი საინიციატივო ჯგუფი და “KIBE - PROJEKT”, კაკაბაძის 7 ნომერში მდებარე უნიკალური კიბის გადასარჩენად.

მალევე, ჯგუფმა „ჰაინრიხ ბიოლის ფონდისგან“ გრანტი მიიღო დედაქალაქის მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციისა და ნებართვის მისაღებად საჭირო კვლევების ჩასატარებლად და პარალელურად, პლატფორმა GO FUND ME-ის დახმარებით, კიბის რესტავრაციისთვის აუცილებელი თანხის შეგროვება დაიწყო.

ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მათ სულ 20 ათასამდე ევრო სჭირდებოდათ. ამ თანხის ნაწილი პროექტის ინიციატორებმა სწორედ GO FUND ME-იზე, მოქალაქეების მიერ ჩარიცხული თანხით შეაგროვეს:

„შევაგროვეთ 4000-მდე ევრო. დარჩენილი თანხა კი დონაციის სახით, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან მივიღეთ. ყველაზე რთული ამ კიბეზე მუშაობისას ალბათ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება იყო. თანხის შეგროვების ნაწილიც საკმაოდ რთული პროცესი იყო. მე შეერთებული შტატებიდან ვარ. ძირითადად გარეუბნებისთვის დამახასიათებელ სახლებში მიცხოვრია. პრობლემა ისაა, რომ ასეთმა სახლებმა ე.წ. დაკაფსულებული ცხოვრება მოიტანა. ხალხი ერთმანეთის ცხოვრებისგან შორსაა და მგონია, რომ ეზოს სახლების მნიშვნელობა ისიცაა, რომ აქაურობის ნაწილი ხდები. მაგალითად, ვბრუნდები საღამოს სახლში, მეზობელი ზის ეზოში და პატარა სუფრა აქვს გაშლილი, შენ ამ სუფრაზე მიპატიჟებული ხარ. როცა რაიმე პრობლემა შეგექმნება, აუცილებლად დაგეხმარება ვინმე. ამ ყველაფრის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შენარჩუნება ისეთივე ან იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ეს კიბე“.

კიბის სარესტავრაციო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ხვეული კიბე სრულად მოიხსნა შენობიდან, დაიშალა და ხელახლა აიგო.

რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი

ამ პროცესში პირველივე დღიდანაა ჩართული ნიკა გაბისკირია, 30 წლის არქიტექტორი. თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ის კიბის რესტავრაციისთვის საჭირო ბიუროკრატიულ ნაწილში არ ჩაერთვებოდა, თუმცა, საკუთარ თავზე აიღო ფიზიკური შრომა.

„ჩამოგითვალოთ რას ვაკეთებ? მაშინ მოემზადეთ, სია გრძელია“, - ხელებს იფშვნეტს და სკამზე ჯდება, - „აქ ყველამ ასე ვიმუშავეთ. ხარაჩოებიც კი ჩვენი ხელით ავაწყვეთ, რადგან ხარაჩოების აწყობაში ძვირი მოგვთხოვეს, ჩვენ კი თითოეულ თეთრს ვუფრთხილდებოდით. ამასობაში კარგ დურგლადაც ჩამოვყალიბდი. რა აღარ გამოდის ჩემი ხელიდან“, - ეცინება ნიკას.

ნიკაც და დანარჩენიბიც, ვინც კაკაბაძის 7 ნომერში, კიბის სარესტავრაციო პროცესში არიან ჩართულები, მოხალისეები არიან.

ნიკა გაბისკირია

„ხარაჩოების არ იყოს, ჩვენი ჰონორარი რომ შეგვეტანა ხარჯთაღრიცხვაში, მაშინ ეს ყველაფერი გაცილებით ძვირი დაჯდებოდა და თანხის შეგროვება გაჭირდებოდა. გარდა ამისა, თავიდანვე შევთანხმდით, რომ ამას ქალაქისთვის ვაკეთებდით. ძალიან სასიამოვნოა, როცა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებისთვის მუშაობ. განსაკუთრებით ასეთი უნიკალური ძეგლების, რომლებიც ბევრი არ არის თბილისში. თან ზუსტად ასეთი პატარა დეტალები ქმნის ქალაქის სულს, საერთო ხასიათს. ეს თბილისური ეზოები, ხეში მოხარატებული დეტალები... კარგად ჩანს, თავის დროზე რამხელა ძალისხმევა იყო ჩადებული ამ საქმეში და ჩვენც სწორედ ამ ძალისხმევით ვიმუშავეთ“.

სამუშაო გრაფიკი - დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე. ყევლაზე მთავარი ეზოში ხდება:

„თითქმის ყველაფერი აქ კეთდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დიდი დანადგარები და ჩარხები არ გვაქვს და ასეთი სამუშაოებს ჩვენი მეგობარი დურგალი გვიკეთებს ხოლმე. რიკულების ამოჭრა მარტში დავიწყეთ. საშინელი ამინდები დაგვემთხვა, ამიტომ აქ ვერ ვმუშაობდით და ჩემთან, სახლში, აივანზე ვჭრიდით. ამ პროცესში ერთ-ერთი ძირითადი კოლონის, შუაღერძის რესტავრაცია იყო. ძალიან გვინდოდა მისი შენარჩუნება, რადგან ის კიბის ერთ-ერთი მთავარი დეტალია. გვერდით, ეზოში, ჩვენით, ხელით ავაწყვეთ საჩარხი მაგიდა. ღერძიდან დამპალი, ჭიანი ნაწილები ამოვიღეთ და ახალი ხე ჩავსვით შიგნით“.

შესვენება

დედანის მსგავსად, კიბე ლარიქსის, ფიჭვისებრთა ოჯახის მასალისგან დამზადდა. ლარიქსი ყველაზე კარგად უძლებს წყალსა და სინესტეს. თუმცა, კიდევ უფრო მეტი დაცვისთვის კიბეს შეღებავენ. ღია ფირუზისფრად. საფეხურებს შინდისფრად.

„ჩვენ შევუკვეთეთ კიბის ფერის ანალიზი. დადგინდა ორიგინალი ფერი, ღია ფირუზისფერი, ოდნავ ნაცრისფერში გადასული. თვითონ საფეხურებს, შიდა მხრიდან, ანუ, ფეხს რასაც ვაბიჯებთ, შინდისფრად შევღებავთ, თავის დროზეც ასეთი იყო. ცოტა გული გვწყდება შეღებვა რომ გვიწევს, ასეთი ფორმითაც მოგვწონს, რადგან ახლა ამ კიბეს ეტყობა, რომელია ძველი დეტალი და რომელი ჩვენი შრომით გაკეთებული, მაგრამ საღებავი კიბეს სინესტისგან უფრო მეტად დაიცავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ, ამიტომ მოგვიწევს, რომ შევღებოთ“.

მართალია მეზობლები კიბის რესტავრაციაში ფიზიკურად ჩართულები არ არიან, თუმცა, თავისი როლი მაინც იპოვეს. თავის მხრივ, რესტავრატორებმაც ეზოს სხვა ნაწილებსაც შეავლეს ხელი:

„ხან საჭმელს გამოგვიტანენ, ხან ყავას მოგვიდუღებენ. ხან ხილი გამოაქვთ. ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ყველასთან. უკვე იმდენი რაღაც შევაკეთეთ ეზოში. სკამების რესტავრაცია გავაკეთეთ. აი, ეს კარი არ იკეტებოდა და შევაკეთეთ. მეორე სართულზე ის კარიც გავაკეთეთ. გუშინ გავაკეთე მაგალითად, ჩანგლების და დანების ჩასაწყობი უჯრა. ზემოთ, საწოლის რესტავრაციაში ვეხმარებით კიდე ერთ მეზობელს. ყველაზე უნიკალური იყო რკინის ნივრის საჭყლეტის რესტავრაცია. ტყუპები გვყავს, ძმები, ისინი რკინაზე მუშაობენ კარგად და ნივრის საჭყლეტი მათ გადავულოცეთ. ისე შევეჩვიეთ აქაურობას, მუშაობას რომ დავასრულებთ, ალბათ ძალიან მოგვენატრება ეს ეზო“.

- თამილა დეიდაა, თამილა დეიდააა, - შესძახის ნიკა მეზობელს.

- ქალბატონო თამილა - ხმას უბამს თომასი.

„თამილა დეიდა“, ანუ თამილა აბსანძე, 64 წლის პედაგოგი, ამ ეზოში დაქორწინების შემდეგ, 1984 წლიდან ცხოვრობს.

- თამილა დეიდა, ჟურნალისტები არიან, პატარა ინტერვიუს ხომ არ მისცემთ?

- გაკვეთილი მაქვს ბიჭებო, არ მცალია, თორე დიდი სიამოვნებით, - ჭრელკაბიანი ქალი გადმოდგა შუშაბანდში და მალევე გაუჩინარდა.

რამდენიმე წუთში, თამილამ კაბა გამოიცვალა და ეზოში ჩამოგვაკითხა:

თამილა აბსანძე

„იცით რა, სახლში რომ შევბრუნდი, ვიფიქრე, ამ გოგო-ბიჭებმა ისეთი საქმე გაგვიკეთეს, ისე ვერ გაგიშვებდით, რომ მათზე რამე არ მეთქვა. მეზობლები თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდით თომასის იდეას, არ გვჯეროდა, ხომ იცით, რა სამყაროში ვცხოვრობთ, ვფიქრობდით, ალბათ რაიმე სარგებელი ექნებათ თვითონო. არადა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები სრულიად უსასყიდლოდ, მუშაობენ. თქვენ არ იცით, ყოველ დეტალს როგორი რუდუნებით ექცევიან. თითქოს ეფერებიანო. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ ხალხმა რა შრომა ჩადო ამ ყველაფერში. მადლობასაც ვერ გადავუხდით სათანადოდ. ამ კიბეზე ჩემი ფანჯრიდან სარეცხის თოკი მქონდა გაბმული, მაგრამ ახლა ისე ლამაზად გააკეთეს, ვიფიქრე, აქ თოკს აღარ გავაბამ-მეთქი“.

კიბის რესტავრაციის დასრულებას ნიკა, თომასი, ტურანი, კატია, ფელიქსი, ნიტა, ლუკა, დიმიტრი და დანარჩენები, მაქსიმუმ ერთ თვეში გეგმავენ.

და მერე, ბარნოვის 2 ნომრიდან რომ შეიხედავთ თბილისურ ეზოში, ანუ კაკაბაძის 7 ნომერში, წინ ფირუზისფერი, ხვეულა კიბე აგესვეტებათ. კიბეზე ასვლას და ბოლო სართულიდან ვერის უბნის ფოტოების გადაღებას თუ გადაწყვეტთ, ხომ გახსოვთ, ოდნავ ბეჭებში უნდა მოიხაროთ და იაროთ წრეზე, ზევით.