„რუსთავის ფოლადის“ თანამშრომელთა გაფიცვა შეწყდა

"რუსთავის ფოლადის" გაფიცული თანამშრომლები

საწარმოს ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, „რუსთავის ფოლადის" სორტულ საამქროში დასაქმებულმა ასამდე პირმა დღეს, 8 ივლისს, გაფიცვა შეწყვიტა.

ხუთდღიანი გაფიცვის შემდეგ, ქარხნის მენეჯმენტი გაფიცულთა მოთხოვნას ნაწილობრივ დასთანხმდა.

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

  • გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებზე არ განხორციელდება დევნა და ზეწოლა;
  • გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ;
  • ხელფასების მატება მოხდება შემდეგი გრაფიკით:
  • 100 ლ - 2022 წლის 1-ლი ივლისიდან,
  • 100 ლ - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან,
  • 50 ლ - 2023 წლის 1-ლი მარტიდან.
  • აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროცესში ჩართული იქნება გაერთიანებული პროფკავშირი.

ეს შეთანხმება გაფიცულებს საჯაროდ ადმინისტრაციული შენობის წინ გააცნეს.

სორტული საამქროს თანამშრომლები თავდაპირველად ანაზღაურების 30%-ით გაზრდას და ე.წ. მე-13 ხელფასის დანიშვნას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით, დასთანხმდნენ ივლისიდან ხელფასის 20%-იან მატებას და უარი თქვეს მე-13 ხელფასის მოთხოვნაზე, თუმცა, დირექციისთვის არც ეს დათმობა იყო მისაღები.

სორტულ საამქროში სხვადასხვა დიამეტრის სამშენებლო არმატურას აწარმოებენ. იქ დასაქმებულთა ხელფასი თვეში 800-900 ლარს შეადგენს.

საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებში გაერთიანებული პროფკავშირები უშუალოდ ჩართული არ ყოფილა - ორგანიზაცია გაფიცულებს იურიდიულ დახმარებას უწევდა და გაფიცვის ორგანიზებაში ეხმარებოდა.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ორგანიზაცია მუშებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

"მომეჩვენა, რომ არცერთი მხარე ამ შეთანხმებით კმაყოფილი არ არის. ქარხნისთვის ახალი ვალდებულება დამატებითი დიდი ტვირთია, მუშებისთვის კი ხელფასი არასაკმარად იმატებს ", - თქვა თამაზ დოლაბერიძემ.

გაფიცვიდან მეორე დღეს, საწარმოს ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, მუშები მანამდე მიღწეულ შეთანხმებას არღვევდნენ.

ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებს ხელფასები 5-ჯერ მოემატათ.

„ხელფასები ბოლოს 2022 წლის 1 იანვარს გაიზარდა და განახლებულ ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულმა მოაწერა ხელი. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს".

შეთანხმების გაფორმებამდე "რუსთავის ფოლადის" დირექციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანდრო მეტრეველმა, გაფიცულებთან ადმინისტრაციული შენობის წინ გამართული საუბრის დროს განაცხადა, რომ საწარმოს ფინანსურ შემოსავლებზე ცუდად იმოქმედა ჯერ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა.

კერძოდ, მეტრეველის თქმით, ომის გამო გადაიკეტა საწარმოს მარაგნაწილებით და ნედლეულით მომარაგების საიმედო წყარო.

გაფიცულები სამუშაო პროცესს დღეიდან დაუბრუნდნენ.