1992 წლის ივნისში, წალენჯიხაში ფერისცვალების ტაძრის მღვდელი მამა რომანოზი (ჩიქობავა) აწამეს. ეს ამბავი სასულიერო პირმა მოგვიანებით თავადვე აღწერა. ის დეტალურად ჰყვებოდა, თუ როგორ დაესხნენ თავს „მხედრიონელები“, როგორ სცემეს და დახვრეტით ემუქრებოდნენ. მღვდელმა ჯანმრთელობა ვეღარ დაიბრუნა. ის 2005 წელს, 55 წლისა გარდაიცვალა. მისი მეუღლე ლენა შუბლაძე რადიო თავისუფლებასთან მომხდარს იხსენებს.
1992 წლის ივლისში დატრიალებული ტრაგედია აღწერილია მხოლოდ მისი და მამა რომანოზის მოგონებებზე დაყრდნობით.
„7 ივლისის უსაშინელესი დღე გათენდა ჩემი ოჯახისთვის“, - წერს მამა რომანოზი თავის მონათხრობში, რომელიც ჟურნალ „აიას“ 2001 წლის ნომერში დაუბეჭდეს. ამბავი იმით იწყება, რომ წალენჯიხაში „ომონისა“ და „მხედრიონის“ წევრები ავიდნენ და ეკლესიაში იარაღის ძებნა დაიწყეს.
„…უთხრა, თქვენს მეტი აქ იარაღი არავის შემოუტანიაო. მართლა იარაღით იყვნენ შემოსულები საკურთხეველში. სახარება ავტომატის ლულით აწიეს და გადმოაგდეს. ყველგან დარბოდნენ. არ ვიცი, არ იცოდნენ საკურთხეველი რა იყო თუ განზრახ აკეთებდნენ“, - იხსენებს მამა რომანოზის მეუღლე ლენა შუბლაძე.
ბეწვის ხიდის ეპოქა
1992 წლის ივლისს ზვიად გამსახურდია უკვე აღარაა პრეზიდენტი. თბილისის სამოქალაქო ომი ახალი დასრულებულია, აფხაზეთში კი ერთი თვის მერე დაიწყება. ცენტრალური ხელისუფლება ფაქტობრივად აღარ არსებობს.
„როდესაც გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა, სამეგრელომ ვანდეას როლი შეასრულა - არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რის გამოც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ეს ხალხი დაესაჯა. ამ ყველაფერმა მერე ისეთი მახინჯი სახე მიიღო, რომ ხალხს ბოლომდე ახლაც არ დავიწყებია, - ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, - ამას აფხაზეთიც დაემატა, იქ აჭარა იყო ასლან აბაშიძის ხელში. ფაქტობრივად, ყველა კუთხე ერთმანეთს გაუუცხოვდა. უმძიმესი პერიოდი იყო. ბეწვის ხიდზე გაიარა ქვეყანამ“.
ორმო წმინდა გიორგის ფრესკასთან
ერთი დღით ადრე, 6 ივლისს, წალენჯიხის ასასვლელთან ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მღვდელმა ცხედარი ტაძარში დაასვენა.
„ზვიადისტების მხრიდან იყო ის ბიჭი. [მხედრიონელებმა] რატომ გააპატიოსნე, ეგ ჩვენ ტყვიას გვესროდა, ხვალ ტანკს გამოვაბამთ და მთელ წალენჯიხას შემოვატარებთო. მამაომ ჭირისუფალს შეატყობინა, რაც ხდებოდა და წაასვენეს მიცვალებული. მეორე დღეს რომ ამოვიდნენ, აღარ დახვდათ“, - ჰყვება ლენა შუბლაძე.
ამ მომენტს თავად მღვდელი ასე აღწერს:
„ნაშუადღევს ისევ ამოვიდნენ. ამჯერად „ბეტეერებით“ და მსუბუქი მანქანებით, სამასამდე იქნებოდნენ, „მხედრიონი“, „ომონი“ და შინაგანი ჯარის ნაწილები. ეკლესიას ალყა შემოარტყეს. გუმბათზე და სამრეკლოზეც ავიდნენ... აქ იარაღები გიწყვიაო? შევახსენე, იყვნენ ამ დილით, ვერაფერი ნახეს. თქვენ რას იპოვით? პასუხად ისე მცემეს, რომ ცოტა ხანს უგონოდ ვეგდე ეკლესიის იატაკზე. გონს მოვედი და ვხედავ, შემოწირულებათა ყუთი გაუტეხავთ, ფული რაც შიგნით იყო „შეუწირავთ“... ლევან დადიანის ეკვდერში [მცირე საეკლესიო ნაგებებო - რ.თ] ფეხით დადიოდნენ, კინაღამ მისი ამოთხრაც დააპირეს... მეორე ეკვდერში, სადაც წმინდა გიორგის წამების ფრესკებია გამოსახული, ვხედავ ნატრაპეზალ ადგილს თხრიან. მუხლებზე დავეცი, - ეს წმინდა ადგილია, ნუ თხრით! ეს ცოდვაა. რა უნდა იპოვოთ მანდ! წესს არღვევთ! აქ გათხრის უფლება მხოლოდ არქეოლოგებსა აქვთ... აბუჩად ამიგდეს... თქვენ ვერ გაიგეთ, რომ საქართველოში ჩვენზე უფროსი არავინ არაა! ბოლომდე არ მაყურებინეს, ძირის-ძირობამდე დაეთხარათ იქაურობა. ადამიანის ძვლები ამოეყარათ და იქვე დაეტოვებინათ. რა ამოიღეს და რა წაიღეს, არავინ იცის. ჩემზე კი მაშინვე ჯავრი იყარეს... ეკლესიის ეზოში გამიყვანეს, პირით აღმოსავლეთისკენ დამაყენეს, ჩასაქოლად გამამზადეს... ისვრიან გამუდმებით... სასტიკად მცემენ“ (მამა რომანოზი, ჟურნალი „აია“).
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, სადაც ეს ამბავი ხდებოდა, X-XI საუკუნეების ძეგლია. აქ არიან დამარხული სამეგრელოს მთავრები. ტაძარში უნიკალური ფრესკები არის შემორჩენილი.
„სანამ თხრიდნენ, მამაო კედელთან ჰყავდათ მიყენებული და ორი ავტომატიანი გვერდით ედგა. ორმო რომ გამოჩნდა, გამოიყვანეს და ვერ დაინახა იქ რა იყო. ამ დროს ჩვენც მივედით. მამაოს ცოლ-შვილს ყელი გამოჭერით და მერე იტყვის სიმართლესო. რა სიმართლეს ეძებდნენ, არ ვიცი“, - ამბობს ლენა შუბლაძე.
ეკლესიის ეზოში მეზობლები შეიკრიბნენ, ხალხი ჩაერია. მღვდელს და მის ოჯახს შეეშვნენ, თუმცა მხოლოდ დროებით. მეორე დღეს სახლში მივიდნენ, - „გადაქექეს ყველა ოთახი, სასიმინდეშიც კი ავიდნენ, ვერაფერი იპოვეს. მერე მამაო წაიყვანეს... იმ საღამოს ბავშვებიანად აფხაზეთში გადავედი“.
მამა რომანოზი თავის პუბლიკაციაში იხსენებს, რომ ბოლოს ის წალენჯიხაში, „მხედრიონის“ ლიდერთან ჯაბა იოსელიანთან აღმოჩნდა. შტაბში მისულს ქვედა სართულიდან საშინელი ყვირილი ესმოდა, როგორც ჩანს, იქაც ვიღაცას აწამებდნენო. ჯაბასთან გასაუბრების შემდეგ მღვდელი, კიდევ სამ კაცთან ერთად, ეზოში გაიყვანეს დასახვრეტად, მაგრამ გადაიფიქრეს და ყველანი კონდახების ცემით შეყარეს ვერტმფრენში, რომელიც თბილისში გაფრინდა.
ამდენი ცემისგან ძალიან შეერყა ჯანმრთელობა. წნევები, თავის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი... მას მერე ყველაფერი სჭირდა. ღრმად მოხუცი გეგონებოდალენა შუბლაძე
„გზად რას არ მაბრალებდნენ... ერთი ხანობა ვერტმფრენიდან ჩამოგდებაც დამიპირეს, ერთობოდნენ... თბილისში „კაპეზეს“ სამმართველოში მომათავსეს. საშინლად მცემეს. საკანში შემაგდეს და მითხრეს, - ზვიადისთან ერთად ილოცეო... კედელზე მახეთქებინებდნენ თავს, თმასა და წვერს ბღუჯად მაგლეჯდნენ, წყლის ჭავლის ქვეშაც დამაყენეს... ტვინი შემერყა ცემისაგან. თავზე საკმაოდ მოზრდილი ღია ჭრილობა მქონდა. ერთმა, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ჯალათმა ღია ჭრილობაში თითები ჩამჩარა და თან იძახდა, - ცოცხლად უნდა გაგატყავო, შენი ასე და ისე...
საკანში შემაგდეს. ღვთისნიერი, უდანაშაულო ბიჭები დამხვდნენ იქ. მომასულიერეს. ფეხზე წამოდგომაში მეხმარებოდნენ. 19 დღე ვიყავი საპატიმროში, გამომძიებელი და დამკითხველი არავინ მინახავს.
რისთვის ჩამსვეს?! არც ეს ვიცი“ (მამა რომანოზი, ჟურნალი „აია“)
19-დღიანი პატიმრობის შემდეგ მამა რომანოზი წალენჯიხაში დაბრუნდა. ნახევარ წელიწადში, როდესაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, მას კიდევ ერთხელ მიაკითხეს, აინტერესებდათ, წესი აუგო თუ არა.
„ამდენი ცემისგან ძალიან შეერყა ჯანმრთელობა. წნევები, თავის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი... მას მერე ყველაფერი სჭირდა. ღრმად მოხუცი გეგონებოდა, - ამბობს ლენა შუბლაძე, - ვინც სცემა, ყველას ცნობდა სახეზე, ყველას აპატია, ლოცავდა. ბევრი მერე აფხაზეთში დაიღუპა და მათთვისაც ლოცულობდა“.
მამა რომანოზი 55 წლისა გულის შეტევით გარდაიცვალა, ის ფერისცვალების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.