კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს მიერ დაწერილ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 21 ივნისით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს მიერ ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით „გამოვლინდა ტენდენციები, რაც სრულ თანხვედრაში არ არის „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის“ გაიდლაინით“, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი შვიდი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნას ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და ადვოკატები ერთი თვის შემდეგ ელოდებიან.
20 წლის ფეხბურთელი გასული წლის 10 სექტემბერს, მკურნალობიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა. ჩანაწერების თანახმად, ბიჭს ნახველში სისხლი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად დამაკმაყოფილებლად შეფასდა. თუმცა, ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას „საყურადღებო“ სტატუსი მიენიჭა.
შვილის გარდაცვალებიდან მალევე, გაიოზ ჩარკვიანმა, გენერალურ პროკურატურას მიმართა და მისი შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მიმართა მან ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.
გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას. გაიოზ ჩარკვიანს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
გაიოზ ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა. ეს განცდა მას გაუმძაფრა რეგულირების სააგენტოსგან მიღებულმა 21 ივნისის წერილმაც, სადაც საუბარია შვიდი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმაზე:
„ჩემი მიზანი არ არის ვინმესა და რამეზე შურისძიება. ჩემი მიზანია სამართლიანობის დადგენა, რითაც მივაღწევ იმას, რომ მომავალში ვიცოდეთ, სად და ვისთან უნდა იმკურნალონ ჩვენმა შვილებმა, რომ სხვა ოჯახებიც არ ჩაცვივდნენ ჩემნაირ დღეში. ჩემი შვილი თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. ამ ეტაპზე, მტკიცებულებების ერთი მესამედიც არ არის გამოკვლეული, მაგრამ საკმარისია უკვე და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ადასტურებს ის გარემოებები, რომ რამდენიმე ექიმის ბრალეულობის საკითხი დადგეს. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მე მათ ვერანაირ განაჩენს ვერ გამოვუტან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ხალხი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდეს და შესაბამისად, შემდეგ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება“.
გაიოზ ჩარკვიანი ირწმუნება, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის ისტორია „გადაწერილია“. მისივე განცხადებით, მისი ვაჟის მკურნალობის პროცესში ჩართული იყო ისეთი პრეპარატები, რომლებიც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ერთ-ერთ ასეთ პრეპარატად ის ასახელებს „ფენტალინს“, ფსიქოტროპულ მედიკამენტს.
„საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. დაკითხულია არაერთი მოწმე. დაინიშნა გრაფიკო-კალიგრაფიული ექსპერტიზაც. ამ ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჯანრთელობის ისტორია გადაწერილი და გაყალბებულია. საბედნიეროდ, ქვეყანაში მოიძებნენ პროფესიონალი ექიმები, რომლებმაც სამედიცინო ისტორიაში ამოიკითხეს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ჩემს შვილს უტარდებოდა 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. მას უკეთებდნენ მედიკამენტ „ფენტალინს“. ამას პლიუს დამატებული „მორფინი“.
ზაზა ხატიაშვილი, გაიოზ ჩარკვიანის ადვოკატი იმედოვნებს, რომ გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნას და საქმეს სათანადო მსვლელობას მისცემს:
„სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ექიმების მხრიდან არაეფექტურ, დანაშაულებრივ მკურნალობას, რომელიც იყო მიზეზობრივ კავშირში ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტთან. ეს არის შუალედური დასკვნა. ჩვენ ველოდებით საბოლოო დასკვნას. ყველა ეს დოკუმენტაცია უნდა წარვადგინოთ საგამოძიებო ორგანოში და ველოდებით, რომ გენერალური პროკურატურა მიიღებს სავარაუდოდ, კანონიერ გადაწყვეტილებას და ყველა ის დამნაშავე ექიმი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულებრივი დაუდევრობა ვახო ჩარკვიანის მკურნალობის პროცესში, დასხდებიან საბრალდებო სკამზე. ვფიქრობ, რომ ექიმების საზოგადოება, სახელმწიფო, გენერალური პროკურატურა დადგება სიმართლის გვერდით“.
რა წერია რეგულირების სააგენტოს წერილში? - ამონარიდები
„ფილტვის დაზიანების აღწერილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების მიუხედავად, არ ფიქსირდება დიაგნოზი (პნევმონია) და შემდგომი მართვის რეკომენდაცია; არ იქნა გათვალისწინებული გაიდლაინით განსაზღვრული რეკომენდაცია პაციენტის მართვაში ექიმ-სპეციალისტის (ჰემატოლოგი, პულმონოლოგი) ჩართვის თაობაზე“.
„ანტიბიოტიკოთერაპია დაწყებულ იქნა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული გაიდლაინით განსაზღვრული რეკომენდაცია, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე ბიოლოგიური მასალის ბაქტერიოლოგიური კვლევის თაობაზე“;
„თერაპიულ განყოფილებაში ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია ჩატარდა ისე, რომ მარ ჩატარდა დინამიკაში ბიოლოგიური მასალის, სისხლი, ნახველი, ბაქტერიოლოგიური კვლევები“.
რეგულირების სააგენტოს წერილის თანახმად, ხარვეზებითაა ნაწარმოები სამედიცინო დოკუმენტაციაც:
„ჩანაწერებში არ ფიქსირდება დაგეგმილი ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი“;
„ურთიერთშეუსაბამოა ექიმ კ.ხ-ს ჩანაწერებში დაფიქსირებული, პლევრის ღრუს დრენირების გადაწყვეტილებისა და ჩარევის განხორციელების დრო, აღნიშნულ ჩანაწერში არ ფიქსირდება დიაგნოზი“;
„დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი არასრულია. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული ინფექციონისტის და რეანიმატოლოგის მიერ დადგენილი დიაგნოზები“;
„ექიმ ე.ა-ს მიერ ჩატარდა ჰემოტრანსფუცია ისე, რომ არ იქნა მიღებული პაციენტის და/ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე“.
რას ამბობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში?
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების მიზეზებსა და ოჯახის მხრიდან დაწყებული გამოძიების შესახებ რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ელაპარაკა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის უკვე ყოფილ დირექტორ ლევან გოფოძეს.
ჩვენთან საუბრისას ის არ ეთანხმებოდა ოჯახის ბრალდებებს და ამბობდა, რომ გამოძიება გასცემდა ყველა კითხვას პასუხს:
"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მისი სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა. თავს ზევით გადახტნენ ექიმები და უყურადღებობა კი არა, ერთი წამით არავის შეუჩერებია ამ პაციენტზე ზრუნვა. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ ბიჭი. მისი სიკვდილი თითოეულმა თანამშრომელმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ისინიც დაიხოცნენ. მამას, ოჯახს, აქვს უფლება მოითხოვოს გამოძიება. ჩვენ ყველანაირად ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი გამჭვირვალეა, ამიტომ პრობლემა არ იქნება. იმედია, რომ ყველაფერი გაირკვევა და ოჯახიც მიიღებს იმ პასუხს, რისი მიღებაც სურს“, - გვითხრა 7 ოქტომბერს ლევან გოფოძემ.
რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორის, ლიკა ჭუმბურიძის კომენტარს მიმდინარე გამოძიებასთან და შვიდი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხებზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, კლინიკის დირექტორმა, ლიკა ჭუმბურიძემ, სატელეფონო კომენტარი მისცა ტელეკომპანია „ტვ პირველს“:
„ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე რეგულირების სააგენტო გადის ამ საკითხს. როგორც კი იქნება საბოლოო დასკვნები, აუცილებლად ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. შვიდივე ექიმი დღეს მუშაობს. მკურნალობის და მდგომარეობის შესახებ ვერცერთ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. გამოძიების შემდეგ, ყველა კითხვაზე გიპასუხებთ“.
გაიოზ ჩარკვიანი არ არის ერთადერთი, რომელმაც კოვიდით გარდაცვლილი ოჯახის წევრის საქმის გამოკვლევის მოთხოვნით მიმართა როგორც გამოძიებას, ისე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს.
პანდემიის პერიოდში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კოვიდით გარდაცვლილი პაციენტების ოჯახების 22 განცხადებაა შესული.
კლინიკებში კოვიდ-პაციენტების მართვის პროცესში ხარვეზები რომ არსებობდა, ეს ფაქტი გასული წლის 26 დეკემბერს უკვე გადამდგარმა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას დაადასტურა:
„ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. უბრალოდ ამას საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები. მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“, - თქვა მაშინ ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე ნახეთ რატომ კვდებიან კოვიდ-პაციენტები საქართველოში?7 ივლისის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 811 პაციენტი. გასული წლის შემოდგომასა და მიმდინარე წლის ზამთარში, გარდაცვლილთა მაჩვენებელი დღეში 50-დან 85-მდე მერყეობდა.