რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივნის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, გამთენიისას ორი რაკეტა მოხვდა ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონში მდებარე ორ საწყობს, სადაც განადგურებულია 35 ტონა ხორბალი. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
ბრატჩუკის ცნობითვე, ორი სარაკეტო დარტყმა იყო კუნძულ ზმეინიზეც, რომლის მისადგომი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შავი ზღვის კუნძული, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს დაიკავეს, კიევმა ივნისის ბოლოს დაიბრუნა.
ასევე ნახეთ გენერალი ზალუჟნი: ოკუპანტებმა ზმეინი დატოვეს, რადგან ვერ გაუძლეს უკრაინის არმიის დარტყმებსრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 30 ივნისს გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე „დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა ამას უწოდა „კეთილი ნების ნაბიჯი“, რომლითაც „მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს არ უშლის გაეროს ძალისხმევას, უკრაინის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასატანად ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის“.
თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ 30 ივნისს განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს, რადგან ვერ გაუძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს. 1 ივლისს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა კუნძული დატოვეს უკრაინის არმიის მოქმედებების შედეგად.