მაკფოლის თქმით, მსჯელობა იწყება საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესებაზე

მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი „პალიტრანიუსს“ ელაპარაკა საქართველოდან და ბელარუსიდან პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. როგორც ის აღნიშნავს, ამ საკითხზე მსჯელობა ახლა იწყება.

მაკფოლმა უპასუხა შეკითხვას: უწევთ თუ არა აშშ-ის მთავრობას კონსულტაციას დასასანქცირებელი პირების სიის შემუშავებაში და თუ არიან მათ შორის ქართველები?

„ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს. ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით, - თქვა მაკფოლმა და განმარტა, - რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი N3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები.“ [„პალიტრანიუსის“ თარგმანი].

9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

რეზოლუციაში „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე, რაც „განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ" და იქვე მოწოდებულია ივანიშვილისადმი პერსონალური სანქციების დაწესების განხილვა, საქართველოს პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო.

ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია