„ამ ომის მიზანი ომია“

რა მიზნები აქვს რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებულ ომს? - ამ კითხვის ზუსტი პასუხი, როგორც ჩანს, უცნობია როგორც უკრაინისა და მისი მოკავშირეებისათვის, ასევე თვითონ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვისაც. ვლადიმირ პუტინის განცხადებების ტონი და შინაარსი არაერთხელ შეიცვალა ომის მსვლელობისას, სავარაუდოდ, ფრონტზე არსებული ვითარების შესაბამისად. თუ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი უკრაინის დენაციფიკაციასა და ხელისუფლების შეცვლის შესახებ საუბრობდა, ომის პირველი, წარუმატებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, იგი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „სრულ გათავისუფლებაზე“ ალაპარაკდა, თუმცა 3 ივლისს, როცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ლუგანსკის გათავისუფლების შესახებ უპატაკა, პუტინმა რუსეთის არმიას უბრძანა, განაგრძოს შეტევა აღმოსავლეთის მიმართულებით. დონეცკისა და ლუგანსკის მიღმა რუსეთს ასევე ოკუპირებული აქვს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, რომელთა ბედი, რუსეთის ცვალებად გეგმებში, ასევე ბუნდოვანია.

ბუნდოვანი მიზნები

უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიისათვის დასახული ამოცანების ბუნდოვანება და ცვალებადობა დაბნეულობას იწვევს თვით რუსეთის საზოგადოებასა და კრემლში აკრედიტებულ, პუტინის pool-ის ჟურნალისტებშიც კი.

ვლადიმირ პუტინი

„თუ შეიცვალა სპეცოპერაციის მიზნები? რაში მდგომარეობს იგი?“ - ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტის“ კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის ამ კითხვის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა:

რა თქმა უნდა, არაფერი შეცვლილა. 24 თებერვლის ადრიანი დილით, პირდაპირ და საჯაროდ ვთქვი მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად, რა მიზნებიც დავისახეთ. არაფერი მაქვს დასამატებელი. არაფერი შეცვლილა. მე, რა თქმა უნდა, უმაღლესი მთავარსარდალი ვარ, მაგრამ არ დამიმთავრებია გენშტაბის აკადემია. ვენდობი იმ ხალხს, ვინც პროფესიონალია და, რომლებიც მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ საბოლოო მიზნების მისაღწევად. საბოლოო მიზნები კი ჩემ მიერ გამოკვეთილია: დონბასის და იქ მცხოვრები ხალხის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მოგვცემდა თვითონ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებს. სულ ეს არის“.

უკრაიანელი სამხედრო ექსპერტის, მიხაილ სამუსის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიზნებსა და ამოცანებს განცხადებებზე მეტად, რუსეთის ჯარის ქცევა ამხელს:

„ჯერჯერობით, რასაც რუსეთის ჯარი აკეთებს, "დენაციფიკაციას" უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალოდ "დონბასელი ხალხის" მხარდაჭერას. ფაქტია, რომ სარაკეტო დარტყმები ხორციელდება მთელი უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევზე, კრემენჩუგზე... - ეს უფრო ჰგავს "დენაციფიკაციას", გენოციდს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროცესს. ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ოკუპაციაც არანაირ კავშირში არ არის დონბასთან. მოკლედ, როგორც ჩანს, სურვილები იგივე დარჩა, უბრალოდ ხმამაღლა აღარ ლაპარაკობენ“.

მიხაილო სამუსის თქმით, რუსეთის ამოცანაა, გაანადგუროს ის უკრაინა, რომელიც 24 თებერვლამდე იყო და შექმნას მის ტერიტორიაზე ახალი ფორმაციის სხვა უკრაინა ან სხვა ქვეყნები, სასურველია მარიონეტულები, რომლებიც ისევე იმოქმედებენ კრემლის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ახლა ბელარუსი იქცევა.

მიხაილ სამუსი

„ეს არის ამოცანა. როგორ განხორციელდება - ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა. სტრატეგიულად რუსეთმა წააგო, როცა დაიწყო ოპერაცია, რომელიც აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. შესაბამისად, დაზვერვის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. აპრილის შუა რიცხვებიდან რუსეთის არმია ცდილობს, შუბლით გაანგრიოს დონბასი და უკრაინის ჯარის დაცვის ზღუდეები. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ძალიან რთულია და დაკავშირებულია დიდ დანაკარგებთან“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი.

პოლიტიკოს დმიტრი მოროზოვსაც არ სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში თავისი „ტერიტორიული ამბიციები“ შეამცირა. უბრალოდ, უკრაინის მედგარმა წინააღმდეგობამ საფუძველი გამოაცალა ე.წ. სპეციალური ოპერაციის დიად მიზნებზე მკერდში მჯიღისცემით ლაპარაკს:

„სამაგიეროდ გაფართოვდა მტრის აღქმა. ახლა რუსეთის მტერია არა მხოლოდ პირობითი "ბანდერელები" ან "უკრაინელი ფაშისტები", არამედ მთელი კოლექტიური დასავლეთი“.

დმიტრი მოროზოვი, პოლიტიკოსი

რუსი ჟურნალისტის დმიტრი სემიონოვის დაკვირვებით კი, იცვლება არა ომის მიზნები, არამედ განცხადებები ომის მიზნების შესახებ:

„ჩვენ გვახსოვს, როგორ ცვლიდნენ რუსული პროპაგანდის რუპორები ე.წ. სპეცოპერაციის მიზნებს ომის მსვლელობის განმავლობაში. ჯერ იყო „დენაციფიკაცია“ და „ორ-სამ დღეში კიევის აღება“, ამის შემდეგ „დონბასის გათავისუფლება“ და კიდევ სხვა მიზნები. მერე გაირკვა, რომ თურმე კიევის აღებას არავინ აპირებდა. ანუ, რუსეთის რიტორიკა და პროპაგანდის მესიჯი იცვლება ფრონტზე არსებული სიტუაციის მიხედვით“.

დმიტრი სემიონოვი, ჟურნალისტი

ომი ომისთვის

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევრის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის დაკვირვებითაც, აშკარაა, რომ ომის დაწყებისას პუტინს დღეს დეკლარირებულზე მეტად მასშტაბური მიზნები ჰქონდა.

„წმინდა ობიექტური მაჩვენებლების, მომარაგებული საბრძოლო მასალებისა და უკრაინის საზღვართან კონცენტრირებული დაჯგუფების სიდიდის მიხედვით, ცხადია, რომ ომი ორ კვირაზე იყო გათვლილი. მოხდა მცირე გაუგებრობა - კიევის აღების ოპერაციის ჩავარდნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინმა ხელი აიღო განზრახვაზე. პუტინი რთული ადამიანია. მას ახლა, რა თქმა უნდა, გამოსახავენ ერთგვარ კუკრინიკსულ-კარიკატურულ სტილში, მაგრამ მტრის დაუფასებლობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. დარტყმის ატანის უნარი არასოდეს ყოფილა მისი სუსტი წერტილი, პირიქით - ყოველთვის ძლიერი მხარე იყო. სრულიად გიჟურ შეცდომებს უშვებს, მაგრამ მაინც რქებით აწვება, უძლებს დარტყმებს, არადა, თითქოს აშკარაა, მარტივად და გაცილებით ნაკლები დანაკარგის ფასად შეიძლებოდა შეცდომის გამოსწორება, უკან დახევა. მაგრამ არასოდეს ასე არ აკეთებს. აქამდე კატეგორიულად უმართლებდა ოპონენტებში, რომლებიც უფრო სულსწრაფები იყვნენ. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ტაქტიკა - ჩააფრინდი კბილებით და გაუძელი დარტყმებს - ახლაც იმუშავებს“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი, რომლის თქმითაც, ომის პირველ კვირებში კრემლის ხელმძღვანელობის ნაწილი ისეთსავე მდგომარეობაში ჩავარდა, როგორშიც სტალინი იმყოფებოდა ჰიტლერის თავდასხმიდან პირველი 10-15 დღის განმავლობაში:

„აშკარა იყო, რომ მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდა, თუმცა მერე ყველაფერი რუსულ ყაიდაზე გადაეწყო, რაც მდგომარეობს პრინციპში: „რაოდენობით გავიტანთ“. რუსეთში სულ რაღაც ორი-სამი თვე დასჭირდა ომისადმი დამოკიდებულების შეცვლას და დაბრუნებას პრინციპებთან: „ქალები კიდევ გააჩენენ“, „რესურსები საკმარისი გვაქვს და მათზე მეტხანს გავძლებთ, ყველას დავმარხავთ“. პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინს უკვე ჰქონდა მუდმივი ომის კონცეფცია“.

ვლადიმირ პასტუხოვი, პოლიტოლოგი

რაც შეეხება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საბოლოო მიზნებს, ვლადიმრ პასტუხოვითქმით, ამ ომის მთავარი სიმძიმე იმაში მდგომარეობს, რომ უმიზნო ომია.

„რუსეთს ამ ომში მიზნები არ აქვს, ამიტომ შეუძლებელია ის დასრულდეს ცივილიზაციურად, ნორმალური სახით. ამ ომის მიზანი ომია. რუსეთის ხელმძღვანელობის ის ნაწილი, რომელიც საკმაოდ რაციონალურია, რომელსაც ჩვენ ტექნოკრატებს ვეძახით, ახლა სწორედ ამაზე საუბრობს. ამ ნაწილმა, რომელიც ცდილობს რუსეთის გადარჩენის სტრატეგიის რაციონალიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩამოაყალიბა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ომი რუსეთის სახელმწიფოსთვის ნორმალური, სასარგებლო და ჯანსაღი მდგომარეობაა. ეს ომი მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული, როგორც ნელი ცეცხლი სათბურის მახლობლად. ხდება ხოლმე, რომ კერძი ძლიერ ცეცხლზე იხარშება, მაგრამ არის წვნიანები, რომლებიც საათების განმავლობაში მზადდება დაბალ ცეცხლზე. მათთვის ომი ისეთი პატარა ცეცხლია, რომელზედაც უნდათ რუსეთი შემოდგან და ადუღონ, რათა 25 წელიწადში სულ სხვა კულტურული ბულიონი მიიღონ. მათი გათვლებით, ვიდრე რუსეთი ნელ ცეცხლზე იდუღებს, იგივე ევროპა დაიწვება და ჯოჯოხეთში ჩავა“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი.

დონბასით არაფერი შეიცვლება

„დონბასისა და დონბასელი ხალხის თავისუფლება“ - რუსეთის არმიისათვის პუტინის მიერ დასახული ეს მიზანი რომ ფიქციაა, ყველა თანხმდება, მათ შორის რუსეთშიც. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ოკუპაცია „პუტინის უმიზნო ომის“ მხოლოდ ნაწილია.

პოპასნა რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შემდეგ, ლუგანსკის რეგიონი, 2022 წლის აპრილი.

„როგორც ჩანს, რუსეთი მალე მიაღწევს ლუგანსკის, ნაწილობრივ დონეცკის რეგიონების საზღვრებს და მიებჯინება უკრაინის თავდაცვის მეორე, ახლად შექმნილ ზღუდეებს, - ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, ვლადიმირ პასტუხოვი, - საჭირო იქნება როგორმე სიტუაციის სტიმულირება. ვვარაუდობ, რომ, დონბასზე ფრონტის ხაზის დაფიქსირების შემდეგ, ზეწოლა განხორციელდება რომელიმე სხვა წერტილში, სადაც გადასროლილი იქნება გარკვეული ძალები. სავარაუდოდ, ეს სხვა ადგილი კვლავ უკრაინაში იქნება, თუმცა შესაძლოა მასში ჩართული იქნეს ბელარუსი, როგორც ხორცის ახალი ნაჭერი“.

ომის მიზნებზე საუბრისას პუტინს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც არც ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას ეკუთვნის და არც - დონეცკისას. არავის სჯერა, რომ რუსეთი გამოავლენს კეთილ ნებას და დატოვებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს. არადა, 30 ივნისს პუტინმა აღნიშნა, რომ „საბოლოო მიზანია დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თავად რუსეთის უსაფრთხოებას, რომ მუშაობა მშვიდად, რიტმულად მიმდინარეობს. ჯარები მოძრაობენ და აღწევენ იმ საზღვრებს, რომლებიც დასახულია ამოცანებად საბრძოლო მოქმედებების განსაზღვრულ ეტაპზე. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“.

ხერსონის მოსახლეობა აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას. 2022 წ. მარტი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმაც განაცხადა, რომ პუტინს არ შეუცვლია თავისი პოლიტიკური მიზნები და კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება. ცხადია, პუტინის ამ გეგმებს არანაირად არ ეწინააღმდეგება ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია. საქმე ის არის, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები აპირებენ ე.წ. რეფერენდუმების მოწყობას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვაზირესპუბლიკების შექმნის შესახებ. „კენჭისყრის ერთიან დღედ“ დანიშნულია 11 სექტემბერი, როცა რუსეთში ასევეა დანიშნული დეპუტატებისა და გუბერნატორების არჩევნები მთელ რიგ რეგიონებში. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ძალების მიერ შექმნილი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.

ავრილ ჰეინსი

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი აღნიშნავს, რომ ოკუპანტების გეგმებს წინააღმდეგობას უწევს მოსახლეობა. ამჟამად ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ოლქების „ადმინისტრაციებში“ ძირითადად რუსეთიდან ჩაყვანილი მოხელეები მუშაობენ.

ზაპოროჟიელი პოლიტოლოგი რომან პიატიგორეცი მიიჩნევს, რომ როგორც კი რუსი სამხედროები სამხრეთ უკრაინაში თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს, კრემლი გააკეთებს შესაბამის პოლიტიკურ განცხადებებს რეგიონის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

„იტყვიან, ეს არის ჩვენი მეორე მთავარი მიზანი, დონბასი ისედაც ჩვენი იყო, ახლა კი მიზანი სამხრეთიაო. რუსების სტრატეგია ასეთი იყო: გაეკონტროლებინათ ტრასა მოსკოვი-სიმფეროპოლი, რომელიც აერთიანებს ხარკოვს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ნიკოლაევსა და ოდესას, რომელიც პორტად უნდათ. მთელი ამ ტერიტორიის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობენ. ასეთია, სავარაუდოდ, მათი სტრატეგიული გეგმა, შემდეგ კი მართლაც კიევია. კიევის გარეშე საერთოდ აზრი არ აქვს რუსეთის იმპერიის არსებობას”, - ამბობს რომან პიატიგორეცი.

მაქსიმ იალი, უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის პროფესორი, მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადება დონბასში სავარაუდო საბოლოო მიზნების შესახებ, ნდობას არ იმსახურებს. მეცნიერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ოკუპირებული სამხრეთის ნებაყოფლობით დატოვებას არ აპირებს, რადგან ეს რეგიონი სახმელეთო გზით ყირიმთან არის დაკავშირებული:

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პუტინის ნდობა - დაიჯერო, რომ ის უარს იტყვის უკრაინის უმეტესი ნაწილის ოკუპაციაზე. ცხადია, ეს ასე არ არის. მას სურს გააგრძელოს უკრაინის ოკუპაცია. ასეთი განცხადებები დასავლეთის ყურადღების გადატანას ემსახურება, რათა მათი ზეწოლით პრეზიდენტი ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. რუსეთი უკრაინის ამ ტერიტორიას არ დატოვებს დამარცხების გარეშე, რადგან ეს არის ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პუტინისთვის. ეს არის ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ის ამაზე უარს არ იტყვის“.

მაქსიმ იალის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებამ ამ რეგიონში შესაძლოა ხელი შეუშალოს ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას, თუმცა, რუსეთი იჩქარებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფეხის მოკიდებას, რათა ამით დასავლეთის შემდგომი შანტაჟირება მოახდინოს:

მაქსიმ იალი, პოლიტიკის ექსპერტი

„რუსული არმიის ძალები უსაზღვრო არ არის. ფრონტებზე არსებული ვითარების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარი წარმატებას აღწევს არტილერიაში ათმაგი და ოცმაგი უპირატესობით, თუმცა ყველა ვარიანტში წინ ძალიან ნელა მიიწევს“.

„მიიტაცო ხერსონი და ზაპოროჟიე“

მაქსიმ იალი დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეეცდება დაასრულოს ომი ტერიტორიული მიღწევებით, მათ შორის, სამხრეთ უკრაინაში. უკრაინელ პროფესორს არ სჯერა იმისა, რომ რუსეთსა და მის არმიას ომის დაუსრულებლად წარმოების რესურსი აქვს:

„პუტინს ცოტა დრო აქვს და მშვენივრად ესმის, რომ თუ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რუსეთი გამოიფიტება, ისევე როგორც ამოიწურება იარაღის მარაგი. ამიტომ მას სურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ტერიტორიული შენაძენით, რათა შესაძლებელი იყოს გამარჯვებულად წარმოჩენა“.

ორგანიზაცია „SOVA“-ს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი მიხაილ სავვა ასევე მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადება დონბასთან დაკავშირებით მიუთითებს რუსული არმიის გარკვეულ გამოფიტვასა და ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელების უუნარობაზე. ექსპერტი იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის ხელისუფლება შეეცდება კონტროლი შეინარჩუნოს უკრაინის სამხრეთ რეგიონის ნაწილზე.

მიხაილ სავვა

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პუტინის ნებისმიერი განცხადება - აუცილებლად სიმართლე არ არის, პირიქით, დიდი ალბათობით, ტყუილია, რადგან პუტინის რეჟიმის იდეოლოგიის საფუძველი მარტივია - სიმართლის არ აღქმა, ეს მათთვის ორგანული, ბუნებრივია. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მეტყველებს ფართო ფრონტით შეტევის განხორციელების შეუძლებლობაზე. რუსეთი შეეცდება გავიდეს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე, ამავდროულად, შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები სამხრეთით და უზრუნველყოს სახმელეთო დერეფანი ყირიმისთვის. რუსეთს ჯერ კიდევ ბევრი რაკეტა და საარტილერიო საწყობი აქვს, მაგრამ გააჩნია აქვს პოტენციალი, მიაღწიოს პირველად მიზანს, რომელიც ინტერვენციის დასაწყისში ჰქონდა: უკრაინამ, როგორც სუვერენულმა სახელმწიფომ, შეწყვიტოს არსებობა. რუსეთის მიზანი ახლა რეგიონულია - მასშტაბები შემცირდა“, - ამბობს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, რუსეთის ხელისუფლება უკრაინის სამხრეთს განიხილავს რეგიონად, რომლის რუსეთში ინტეგრირება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

„მთავარი მაინც ყირიმი და ყირიმთან კავშირია, რაც ყირიმის ხიდის არსებობის შემთხვევაშიც კი ძალიან რთული საკითხია, ამიტომ ყირიმთან სახმელეთო კავშირი - ეს იქნება პოლიტიკური უპირატესობა რუსეთისთვის, რომელიც ამ ნახევარკუნძულს მთლიანად სამხედრო ბაზად მიიჩნევს“.