საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციებიდან ერთი წლის თავზე განცხადებას აქვეყნებს. „5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას", - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელსაც.
„ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.
ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება", - ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.
ზურაბიშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. „ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენასეობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას!" - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველმა "ალტ-ინფოს" პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადასაქართველოს სახალხო დამცველმა მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პარტია "კონსერვატიული მოძრაობა", რომელიც საზოგადოებაში "ალტ-ინფოს" პარტიის სახელით არის ცნობილი, გაუქმდება. შესაბამისი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება თავად ომბუდსმენს არ აქვს, ამიტომ აპირებს სასარჩელო პროექტი შესთავაზოს ამ უფლების მქონე სუბიექტებს.
თბილისის ქუჩებში "ალტ-ინფოსა" და საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებით შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი მასობრივი ძალადობის ერთი წლის თავზე, დღეს, 5 ივლისს, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" განცხადებები "შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას".
"სწორედ ამის გამო ჩვენ მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას. ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
ასევე ნახეთ 5 ივლისიდან ერთი წლის შემდეგ