სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ძალადობის საფრთხე არ მოხსნილა - „თბილისი პრაიდმა” წელს უარი თქვა საჯარო სივრცეში ღონისძიებების გამართვაზე. რადიკალური, პრორუსული ულტრამემარჯვენე ძალები ახლა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ებრძვიან და აწყობენ მანიფესტაციებს, სადაც წვავენ ევროკავშირის დროშას. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებამ არასაკმარისი და არასათანადო ძალისხმევა გასწია დანაშაულის ორგანიზატორების დასასჯელად, 5 ივლისის მოძალადეებს კი სასამართლომ ყველაზე მსუბუქი სასჯელები შეუფარდა ჟურნალისტების ცემისა და აქტივისტების ოფისების დარბევისთვის.
ძალადობრივი აქციის დაუსჯელი ორგანიზატორები
„5 ივლისი - ლიბერალებზე გამარჯვების დღე” - ამ წარწერის ქვეშ მაუწყებლობს დღეს ჰომოფობიური, პრორუსული „ალტ-ინფო”. ამ ტელევიზიის დამფუძნებლები 5 ივლისს ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს ძალადობისკენ, მანამდე კი - „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ რუსთაველის მოედანზე გამოსვლისკენ. „ალტ-ინფოს“ დღის კომენტარის წამყვანი „მიკროფონიან მაკაკებს” ეძახდა იმ ჟურნალისტებს, ვინც 5 ივლისს ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. „ალტ-ინფოს“ ვერსიით, „მიკროფონიანმა მაკაკებმა” დაგეგმეს პროვოკაციები და გააღიზიანეს გაბრაზებული ადამიანები, მათ შორის, სასულიერო პირები და ახლა დასავლეთს, ანუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სთხოვენ „რეპრესიები მოუწყონ” 5 ივლისის ორგანიზატორებს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ 5 ივლისი შემდგარიყო და ეს არის მართლაც ისტორიული დღე, ისტორიული თარიღი და ამ ადამიანების წიოკი ერთი წლის შემდეგ მართლაც ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ მაშინ ამათ მივაყენეთ უმძიმესი დარტყმა, რომლისგანაც აღდგენას ვეღარ ახერხებენ. მოდი გავიხსენოთ, როგორი ქვეყანა იყო საქართველო 5 ივლისამდე? როგორი პოლიტიკური ველი გვქონდა?
მაშინ იყო კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლება, ძალიან მოძლიერებული ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის სახით და თითქოსდა კონსენსუსი საზოგადოებას შორის, რომ ამ ორ ძალას შორის არსებობს მთავარი გაუგებრობა და დანარჩენი ამ ყველაფერში ან მონაწილეობს, ან მაყურებელია. უკმაყოფილო იყო ქართული ოცნება, ბედნიერი იყო ნაციონალური მოძრაობა და რაღაც კოალიციურ მთავრობას გვიმზადებდნენ”, - ამბობს „ალტ-ინფოს“ ეთერში გიორგი ქარდავა. 5 ივლისის ერთ-ერთი მონაწილე და კონსერვატიული პარტიის წევრი ხსნის, რატომ იძალადეს ჟურნალისტებზე.
„ეს სამართლიანი აღშფოთება და აგრესია ჟურნალისტების მიმართ იყო ძალიან ლოგიკური. ეს ჟურნალისტები მთელი წლის განმავლობაში ეწეოდნენ ანტიქრისტიანულ, ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობას”, - ამბობს ის. ამ სიტყვებს ფონად მიჰყვება კადრები სხვადასხვა დროს და ქვეყანაში გამართული ლგბტქ ღონისძიებებიდან, სადაც უფროსებთან ერთად ბავშვებიც ჩანან.
„ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული პარტიის“ დამფუძნებლები 5 ივლისის დარბევაში მონაწილეობისთვის არ დასჯილან. სახალხო დამცველი თვლის, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლებოდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ზურაბ მახარაძის წინააღმდეგ, ძალადობის ორგანიზებისთვის. ომბუდსმენის რეკომენდაცია პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა, ზურაბ მახარაძემ კი თანამოაზრეებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გამართა. ამ აქციაზე კიდევ ერთხელ იძალადეს მედიაზე - ამჯერად თავდასხმის სამიზნე ქეთი თუთბერიძე გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „თბილისის პროკურატურას არ აქვს ნებელობა დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი პირები, ხოლო, საქართველოს გენერალური პროკურატურა რეაგირების გარეშე ტოვებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს”.
5-6 ივლისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიებისკენ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ისე ევროპარლამენტმაც. მათ შორის, 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალადობის ჩამდენთა დაუსჯელობა არ შეიძლება იყოს შეწყნარებული, რადგან ეს არღვევს როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
5 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანის ცემისთვის და ორი ორგანიზაციის ოფისების დარბევისთვის 31 ადამიანი დააკავა. მათ უმეტესობას მინიმალური სასჯელი შეეფარდა, ნაწილი უკვე თავისუფალია.
2022 წლის 24 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართალდამცველებს არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები „ალტ-ინფოს“ ლიდერების დასაკავებლად.
„იმ სტანდარტით რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ, საუბარია მორგოშიას და მახარაძის დასჯაზე, მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი ოპოზიციური სპექტრი დასაჭერი…
იცით, სისხლის სამართლის სტანდარტი რა არის და მორგოშიამ რა თქვა? მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია - არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი - უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზშედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ძალადობასთან“, - თქვა კობახიძემ.
თავად ძალადობის ორგანიზატორებმა 2021 წლის მიწურულს პარტია დააფუძნეს და ოფისები გახსნეს რეგიონებში, ზოგან - მუნიციპალიტეტის კუთვნილ შენობებში. რიგ ქალაქებში ეს პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
ასევე ნახეთ პრორუსული პარტიის შემომწირველებს შორის სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულებიც არიანძალადობის მსხვერპლების ბრძოლა სამართლიანობისთვის
2021-2022 წლებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოდან 5-6 ივლისის საქმეებზე ორი სარჩელი მიიღო წარმოებაში. „სირცხვილიას” აქტივისტები ჩივიან, რომ სახელმწიფომ არასაკმარისი ძალისხმევა გასწია ძალადობის თავიდან ასაცილებლად, “თბილისი პრაიდი” კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების უმოქმედობამ და ძალადობაზე არაეფექტიანმა რეაგირებამ მათ არ მისცა ადამიანის უფლებათა კონვენციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის საშუალება.
საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა სახალხო დამცველმაც, რომლითაც ომბუდსმენს „კონსერვატიული პარტიის” აკრძალვა სურს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პარტიის წევრების განცხადებები „შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას“.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველმა "ალტ-ინფოს" პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა5 ივლისიდან ერთი წლის შემდეგ საგამოძიებო სტრუქტურებს ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ დახურულად ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე. ის 5 ივლისს სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა რეპორტაჟზე მუშაობისას - შინაგან საქმეთა სამინისტრო მიანიშნებს, რომ ოპერატორი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა და სიკვდილამდე 5 დღით ადრე მიღებულ მძიმე ტრავმებს მის სიკვდილთან კავშირი არ ჰქონია. 2022 წლის ივნისში საქართველო და ჟურნალისტიკა დატოვა მირანდა ბაღათურიამ, ჟურნალისტმა, რომელიც 5 ივლისს ლექსო ლაშქარავასთან ერთად აშუქებდა აქციას.
ასევე ნახეთ ზედოზირების ვერსია ექსპერტიზის დასკვნის გარეშე და კითხვები, რომელსაც შსს არ პასუხობს2022 წლის 5 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაადგინოს, ხომ არ მონაწილეობდნენ ამ ძალადობაში უცხო მტრული ქვეყნის [იგულისხმება რუსეთი - რ.თ] სახელისუფლებო ორგანოები და სპეცსამსახურები. ასევე, თქვა, რომ პროცესი გამჭვირვალე და ეფექტიანი რომ ყოფილიყო, პარლამენტში უნდა შექმნილიყო მულტიფრაქციული კომისია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს, პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ 5 ივლისს, თბილისი პრაიდის მიღმა „ნაციონალური მოძრაობა” იდგა.
„გასაგებია ეს ყველაფერი, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ქვეყანაში! ვინ იყო ამისი ორგანიზატორი, კარგად ვიცით – "ელგებეტე" ორგანიზაციის დირექტორი და "სირცხვილია", ეს ერთი ორგანიზმია. ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. მათი ორგანიზებული, წახალისებული იყო, ვითომ ეს ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა”, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის მოვლენები.