ფოტო: ომი და მეგობრობა ევროკავშირის დროშასთან

“ევ-რო-პა, ევ-რო-პა..” - სკანდირებენ ბავშვები პარლამენტის წინ, 3 ივლისის აქციაზე. ცეკვავენ და თან ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებენ. გუშინ ლურჯი ვარსკვლავებიანი დროშა ანტიდასავლურმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაწვეს და ზედ მიაფურთხეს კიდეც, დღეს შეკრებილი ხალხისთვის კი ის თავისუფლებისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

3 ივლისს სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპისკენ” რუსთაველის გამზირზე უკვე მესამედ შეკრიბა ხალხი. მას მერე, რაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხი დადგა, ბევრი იმედიანად ელოდა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. პირველ ორ ქვეყანას საბჭომ მწვანე შუქი აუნთო, საქართველოს - ყვითელი. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და “საშინაო დავალებების” ჩამონათვალი, 12 რეკომენდაცია, რომელიც პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის, ახლანდელი ხელისუფლების ხელში ვერ შესრულდება. ამიტომ გამომსვლელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომაა.

ეს აქციაც, წინა ორის მსგავსად, ხალხმრავალი იყო. ევროკავშირის დროშა აქ ყველა თაობის ადამიანს ეჭირა - ატლასის უზარმაზარი ალამიც და სულ პატარა, აქვე გაშლილ დახლებზე ნაყიდი ქაღალდის დროშებიც. ყველაზე მეტი მაინც სტუდენტია, აქციას ახალგაზრდები 15-ზე მეტი სასწავლებლიდან შეუერთდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ევროკავშირის დიდ დროშას აფრიალებს. ეს მოძრაობა “ჯიუტის” წევრები არიან, რომლებიც უკვე სამი თვეა, ყოველ საღამოს პარლამენტის წინ იკრიბებიან, და ასე გამოხატავენ ევროკავშირთან დაახლოების სურვილს. ახლა ნახავთ, ამ დროშის ქვეშ რა არისო, მეუბნება ერთ-ერთი აქტივისტი. როცა სტუდენტები დროშას შლიან, რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი წარწერა ჩნდება - " We are Europe" და "თავისუფლება".

"ქართველები აუცილებლად უნდა ვიყოთ ევროკავშირში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის მეორე ძალა, რომელიც წვავს ამ დროშას, ევროპაში ხედავს გარყვნილებას, რაც ჩემთვის გაუგებარია. ევროპა ურთიერთმიმღებლობაა და თანაცხოვრებაა მიუხედავად იმისა, მოგვწონს ერთმანეთი თუ არა", - ამბობს ნინო ჩარქსელიანი, "ჯიუტია"-ს წევრი.

ნინო ჩარქსელიანი

“მეორე ძალაში” ის იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელმაც დღევანდელი აქციის მსგავსად, მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო, ოღონდ საპირისპირო მიზნით. ეს პარტია “კონსერვატიული მოძრაობისა” და „ალტ-ინფოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები იყვნენ. 2 ივლისს, ისინი “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ შეიკრიბნენ და ჯერ ცისარტყელას დროშა დახიეს, მერე კი ევროკავშირის. ევროკავშირის შენობის წინ ნაგვის ყუთზე ასულმა ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ დაიყვირა, რომ საქართველოს ევროპა არ სჭირდება. "ახლა რაც დავგეგმეთ, იმას ავასრულებთ", - თქვა მან. კაცებმა მჭირდო წრე შეკრეს, რომლის შიგნითაც თორმეტვარსკლავიან დროშას ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. “მიდი, მიდი, გადაიღე”, კმაყოფილებით მითხრა აქციის ერთმა მონაწილემ, როცა დამინახა და დროშის დაფერფლილ ნაფლეთებს მიაფურთხა.

2 ივლისის აქციაზე ევორკავშირის დროშა ჰომოფობიურმა ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ევროკავშირის საელჩოს წინ დაწვეს

რადგან აქციის მონაწილეებმა დროშა თვითონვე მოიტანეს აქციაზე და არსაიდან ჩამოუხნიათ, მისი დაწვაც სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის მუხლით ვერ განიხილება. 9 ივნისს, ლიეტუვის საელჩოსთან ალექსანდრე ფალავანდიშვილმა ევროკავშირის დროშის გამომსახველი ბანერები დახია. მაშინ პოლიციამ დაუმორჩილებლობის 173-ე მუხლი გამოიყენა და ალექსანდრე დააკავა. 2 ივლისს, ევროკავშირის საელჩოსთან პოლიცია კი იმყოფებოდა, მაგრამ უშუალოდ დროშის დაწვის ადგილთან - არა.

კონსტანტინე მორგოშია ევროკავშირის საელჩოსთან

“ვფიქრობ, ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ, - მითხრა მეორე საღამოს, “შინ ევროპისკენ” აქციაზე 16 წლის ზუკამ, რომელსაც დროშა წელზე ჰქონდა შემოხვეული, - საქართველოს კონსტიტუციურად აქვს არჩეული ეს კურსი და ამათ [ხელისუფლებამ] სახალხოდ გადაუხვიეს, რაც არასწორია”.

ზუკასთვის და ამ აქციაზე შეკრებილებისთვის ევროკავშირის დროშის ვარსკვლავები მართლაც ის “ერთობა, სოლიდარობა, ჰარმონიაა”, რაც დროშის სიმბოლიკის ოფიციალურ განმარტებაში წერია. ევროკავშირის ამ სიმბოლოს წელს 37 წელი შეუსრულდა.

თქვენთვის რას ნიშნავს ეს დროშა-მეთქი, ვკითხე გამყიდველ ქალს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით დახუნძლული, ხალხში დადიოდა.

“ეს არის ჩვენი მომავალი, ბებო. აგერ ათი წლის შვილიშვილი რომ მეკითხება, ეგ რას ნიშნავსო, ვეუბნები, შენ რომ კარგი განათლება გექნება, აი, მაგასო”.

ლანა ღონღოძე

ასე ფიქრობს 36 წლის ლანა ღონღაძეც, რომელსაც ერთ ხელში ევროკავშირის, მეორეში კი სახელმწიფო დროშა უჭირავს. მას რვა და ათი წლის შვილები ჰყავს. “ჩემი შვილების მომავალი - ამაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს ვიტყვი”, მეუბნება ის.

ანტიდასავლური აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან, 2 ივლისი

"შინ, ევროპისკენ" აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან, 3 ივლისი

აქციის მონაწილეების ნაწილი მოგვიანებით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდა. ევროკავშირის დროშები და პლაკატები ხალხმა იქითაც თან წაიღო. წინა დღეს აქ “ალტ-ინფოს” და “კონსერვატიული მოძრაობის” წევრები და მათი მოკავშირეები იდგნენ, მათ ლგბტქ თემის დახეული დროშის ნაფლეთები პარტიის ოფისთან დაყარეს და ხელისუფლება ეროვნული ფასეულობებიდან გადახვევაში დაადანაშაულეს. “მე ვარ ქართველი - მაშასადამე, ვარ ქართველი, - ყვიროდა ერთ-ერთი ქალი, - არავითარი ევროპა!”. ზუსტად ამ ადგილას, 3 ივლისის საღამოს, ევროკავშირის დროშა ისევ აფრიალდა: I’m European - “მე ევროპელი ვარ”, ეწერა პლაკატს.