უკვე ერთი კვირა და ერთი დღეა, რაც შატილი უშუქოდაა დარჩენილი. ჰესი, რომელიც სოფელს ელექტროენერგიით ამარაგებს, ისევ დაზიანდა. ჯერ არავინ იცის, როდის აინთება სოფელში სინათლე.
შატილში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი, მარგარეტ დაიაური და გიორგი ჭინჭარაული, თითქის ყოველდღე ითხოვენ დახმარებას სოციალურ ქსელში და მთავრობას მოუწოდებენ, შატილს მოხედონ - ხან დანგრეული კოშკების გადარჩენაზე წერენ გულისტკივილით, ხან უშუქობასა და ჩაშლილ ტურისტულ სეზონზე, ხან ადიდებული მდინარისგან წაღებულ საფეხმავლო ხიდზე ჰყვებიან, რომელიც კოშკებს ცენტრალურ გზასთან აკავშირებდა... ოღონდ ეს მაშინ, როგორც კი ტელეფონების დატენას მოახერხებენ ხოლმე რომელიმე ადგილობრივის კუთვნილი გენერატორის დახმარებით.
ტელეფონი ერთადერთი გზაა, რომ გარესამყაროს არ მოწყდნენ.
ადგილობრივი ჰესი, „ბიტეხი 1“, რომელსაც 20-30 ოჯახი უნდა მოემარაგებინა ელექტროენერგიით, როგორც გიორგი ჭინჭარაულიც წერს, წელიწადში რამდენჯერმე გამოდის მწყობრიდან. ამჯერად, როგორც ჩანს, გაცილებით სერიოზულად დაზიანდა, რადგან მისი შეკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აი, რას წერდა გიორგი რამდენიმე დღის წინ:
„...26 ივნისის შემდეგ მესამე დღეა რაც ელექტროენერგიის გარეშე ვართ შატილში. მართალია ამ დღეებში საშინელი სტიქია იყო, მაგრამ პრობლემა უფრო ღრმაა.
ამ თვის დასაწყისშიც თითქმის ერთი კვირა ბნელში ვიჯექით.. 11 ივნისს კი მუნიციპალიტეტმა დაიქირავა სპეციალისტები და სახელდახელოდ ჩართეს სოფელში დენი, რადგან მეორე დღეს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის გახსნა იყო. ერთი თვის წინაც პრობლემები ქონდა, მარტშიც, თებერვალშიც... მოკლედ რომ ვთქვათ "ბიტეხი 1" ჰესი, რომელზეც რამოდენიმე მილიონი დაიხარჯა და 20-30 ოჯახი უნდა მოემარაგებინა გამოდგა პრობლემური და გაუმართავი…“
შატილელებს ჯერ არ მიუღიათ მკაფიო პასუხი, როდის მოვა შუქი სოფელში. მოსახლეობამ უკვე დაიწყო ტურისტული სეზონისთვის მომარაგებული პროდუქტების გადაყრა, რომლის სოფელში ასატანად, უღელტეხილის გავლით, 150 კილომეტრი გაიარეს. უშუქობაში ყველაფერი გაფუჭდა.
ტურისტული სეზონის ნახევარიც უკვე გავიდა - შატილისკენ გზას არავინ მიუყვება. დაკეტილია მარგარეტ დაიაურისა და გიორგი ჭინჭარაულის პატარა კაფე „მზესუმზირაც“.
წყვილს, რომელიც წლების წინ შატილში დიდი იმედებით, უკეთესის მოლოდინით და გეგმებით დაბრუნდა, ბოლო იმედი ეწურება - შემოდგომაზე ისინიც ფიქრობენ სოფლის და საერთოდ, საქართველოს დატოვებას.
შატილი ჩაბნელებულია. კოშკები ინგრევა. ამბულატორია არ მუშაობს. ხოლო როცა შუქი ქრება, ტელეფონიც ითიშება და ბართან კონტაქტი საერთოდ წყდება.
„ხელოვნური ინტელექტის“ ეპოქაში, ჩვენ ისევ ვითხოვთ გზას, დენს, ამბულატორიას, ექიმს, ექთანს, მედიკამენტებს, ვითხოვთ კულტურული ძეგლების დაცვას, საკუთარი ისტორიის შენარჩუნებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შემოგვინახეს... ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ისედაც ჩვენია, რაც ისედაც გვეკუთვნის და ეს ბრძოლა, როგორც ყოველთვის, ხევსურების გამარჯვებით დასრულდება“, - ეს კი მარგარეტის სიტყვებია, გოგოსი, რომელიც შატილში ოთხი წლის წინ დაბრუნდა და ძალიან უნდოდა, რომ მისი შვილიც იქ გაზრდილიყო.
გიორგი ჭინჭარაული - პირველ პირში
ძალიან რთულია ასე ყოფნა, სიბნელეში. მე და მარგარეტი კოშკში ვცხოვრობთ, კოშკს ფანჯრები არა აქვს და ძალიან ბნელა ხოლმე. უშუქობა კიდევ, ხომ იმასაც ნიშნავს, რომ არც ტელეფონია. ინტერნეტიც ითიშება.
შატილში რამდენიმე ოჯახს აქვს გენერატორი. მათთან დავდივართ და ტელეფონებს დროდადრო ვტენით ხოლმე, მაგრამ ეგ არ არის საკმარისი. ხანდახან „მეხიდეებს“ ვთხოვთ დაგვატენინონ (მესამე წელია აქ ხიდს აკეთებენ და მათაც აქვთ გენერატორი). თუ ისე მოხდა, რომ დატენვა ვერ მოახერხე, ჩათვალე, რომ სამყაროსთან კონტაქტი გაწყვეტილია.
მთელი ზამთარი ხომ ისედაც მოწყვეტილები ვართ გარესამყაროს - მაგას შევეჩვიეთ. ერთადერთი, ზაფხულია, როცა ბართან კავშირი გვაქვს და მაშინაც ვკარგავთ ამ „ფუფუნებას“, რომ ან კაფე ვამუშაოთ, ან საოჯახო სასტუმრო.
ეს ჰესი სამი წლის წინ ჩართეს და პირველივე დღიდან აქვს ერთი და იგივე პრობლემა. არასოდეს საფუძვლიანი რემონტი არ ჩასტარებია: მოწმე ვარ: გაფუჭდებოდა, ჩამოვიდოდნენ, ერთჯერადაც შეაკეთებდნენ, ორი კვირა გაძლებდა და მერე ისევ ფუჭდებოდა.
ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, აქაურები, არც ვიცი რა იქნებოდა, ვინც ვართ აქ ახალგაზრდები, ვიკრიბებოდით ხოლმე და ერთად ვარემონტებდით. ჩვენ გარდა, ერთი ადგილობრივია, ვინც კარგად იცის ჰესის ამბები, იქ მუშაობს და აქამდე ის აცოცხლებდა მაგ ჰესს. ახლა ვეღარ ვუმკლავდებით.
გვითხრეს, ჰესი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ჯერ მუნიციპალტეტმა უნდა გადაიბაროს და მან თავისი სახსრებით იქირაოს სპეციალისტებიო. ეს სპეციალისტები, თურმე, რატომღაც ჩეხეთიდან უნდა ჩამოვიდნენ... ჰესი შეიძლება კიდეც შეაკეთონ, მაგრამ მის დაზიანებას სათავე ნაგებობა იწვევს, რომელიც თავის დროზე არასწორად გაკეთდა.
მე უცნაურად მეჩვენება, რომ „პარვუს ჯგუფმა“ (ვინც იყო პასუხისმგებელი კომპანია), რაც კი რამ პროექტი გააკეთა შატილში, ყველაფერი წარუმატებელი და ხარვეზიანი გამოდგა.
სკოლაა და, შენობას სულ გათბობის პრობლემა აქვს - თბოიზოლაცია თითქმის არა აქვს და ზამთარში ბავშვები იყინებიან. კედლები დეფორმირდა. კარი არ იკეტება და სულ ქარი უბერავს.
ბოლოს რაც ვითომ გააკეთეს, მზის პანელების პროექტი იყო, მაგრამ ეგეც ისე დაამონტაჟეს, ბოლომდე არ დაუსრულებიათ - ახლა შატილში გვაქვს ეს მზის პანელები, რომელსაც, წესით, 10-15 კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ ჯერ ისევ უფუნქციოა. მის ასამუშავებლად რაღაც დანადგარები უნდა მოეტანათ და დღემდე არ მოუტანიათ.
ცენტრალურ გზასა და კოშკებთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ არ გვაქვს. ადიდებულმა მდინარემ წაგვართვა. წყალდიდობამდეც ვუთხარით მუნიციპალიტეტს, რომ ხიდი სარემონტო იყო, მაგრამ არაფერი პასუხი. საფეხმავლო ხიდია, მაგრამ აქაურებისთვის ძალიან საჭირო - ვინც მაქეთ მხარეს ცხოვრობს, ეგ ხიდი ყველას სჭირდება, ტურისტებიც მაგ ხიდით გადმოდიოდნენ კოშკებთან. ხალხს საქონელი გადაჰყავდა. ნაგვის ურნებიც კი იქეთ მხარეს დგას. ზუსტად დღეს ვაპირებდით ხეების მოჭრას და დადებას, რომ გაგვევლო როგორმე... გარემონტებაზე არაფერი ისმის.
არც ტურისტი ჩანს და ვერც ჩვენ ვამუშავებთ ვერაფერს. ჩვენი კაფეც დაკეტილია, არადა, ეგ იყო ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო.
ნგრევის პირას მისულ კოშკებზეც ჯერ ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ პრობლემა პრობლემად რჩება. მაინც იმედი მაქვს, რომ სიტყვას შეასრულებენ და დაიწყებენ რესტავრაციას - როცა მაგ ამბავზე პირველად საჯაროდ დავწერე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალური დირექტორი თავად ჩამოვიდა და დამპირდა, რომ ერთი კოშკის რესტავრაციას წელს დაიწყებენ, კიდევ ორი ყველაზე ავარიულისას - მომავალ წელს. შატილში სულ 55-60 კოშკი გვაქვს და მათგან, ალბათ, 20 - ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. დღესვე სჭირდება გამაგრება.
რაც ჩამოვთვალე, აქ მცხოვრებთა პრობლემების მხოლოდ ნაწილია. ახლა მაინც ყველაზე მეტად სიბნელეში ყოფნა გვაწუხებს.
ექვსი წლის წინ, როცა დავბრუნდი, კიდევ რაღაც იმედი მქონდა. ტურისტიც მეტი იყო. მერე გზის მშენებლობა დაიწყო და თითქოს ყველაფერი უკეთ უნდა წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ასე მგონია, რომ აქაურობაზე ინფორმაცია საერთოდ აღარ ვრცელდებოდა. ჩვენ კი ვდებდით ფოტოებს, რომ აი, გზა გაიხსნა, ჩამოდით... მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
შემოდგომაზე ჩვენც წასვლას ვაპირებთ. აქ აღარანაირი ხელჩასაჭიდი აღარ დაგვრჩა. ყველაფერი ვცადეთ...
მარგარეტ დაიაური - პირველ პირში
მახსოვს, რა დიდი ემოციით ჩამოვედი შატილში ოთხი წლის წინ. ახლა მართლა ყველაფერი გულუბრყვილოდ მეჩვენება, მაგრამ მაშინ მჯეროდა, რომ მხოლოდ უკეთესობა იქნებოდა. დენიც გვექნებოდა, ჩვენი კაფეც იმუშავებდა. ჩვენი ოჯახიც მაგ იმედით შეიქმნა, მაგრამ დრო გადის და სირთულეები მხოლოდ იმატებს.
შეხედავ, თითქოს გზაც კეთდება, ჰესიც აშენდა, იხარჯება უამრავი თანხა, მაგრამ არ ვიცი, რატომ, მეორე დღეს ისევ რაღაც ფუჭდება და ვითხოვთ შველას. ისევ გვიწევს სიბნელეში, სიცივეში ცხოვრება.
შუაღამისას დავდივართ ხან ვისთან, ხან ვისთან, რომ ტელეფონი დავტენოთ. ღამდება და ვართ ლამფის შუქზე. საჭმელსაც ვერ ვაკეთებთ წესიერად. გაზის ბალონსაც ვიზოგავთ და უცებ-უცებ კარტოფილს თუ შევწვავთ.
დიდი სტრესია, ამდენ ხანს იჯდე სიბნელეში. დღეს შატილში მართლა ყველა გაბრაზებული და გამწარებულია, რადგან სეზონის ნახევარი გავიდა და არც ტურისტია, არც დენი, არც არაფერი.
არ ვიცი რას ნიშნავს, როცა მთავრობა ამბობს, რომ მთაში ხალხის დაბრუნება და ოჯახების შექმნაა ჩვენი პრიორიტეტიო. რას გულისხმობენ? ძალიან უხერხულია მათი ასეთი განცხადებები, რადგან აქ ვერ ვითარდები, წინ ვერ მიდიხარ, ვერც მატერიალურად ძლიერდები, ვერც სამსახურს შოულობ. ბოლოს კი, უბრალოდ ნებდები.
ამ ზამთარს ავად ვიყავი და ის უფრო მსტრესავდა, რომ ექიმიც კი ვერ მნახავდა, ორი საიმედო სიტყვა რომ ეთქვა. მართლა რამე ცუდი რომ მოხდეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? რატომ არ გვიგზავნიან ექიმს? მე კიდევ ვფიქრობდი, რა კარგი იქნება, შვილი შატილში რომ გავაჩინო-მეთქი...
არასდროს მიოცნებია საზღვარგარეთ წასვლაზე და როცა ეს გიორგიმ თქვა, ჯერ გამიკვირდა. ძალიან ემოციური ამბავი იყო ეს ჩემთვის. მაგრამ მართლა აღარაფრის იმედი არ არის აქ. მაინც იმაზე ვფიქრობ, რომ თუ მართლა წავალთ, ისე წავიდეთ, რომ მალე ისევ აქ დავბრუნდეთ.
გიორგისა და მარგარეტთან საუბრის შემდეგ, შატილის ჰესის ამბავი ჯერ ეკონომიკის სამინისტროში მოვიკითხეთ, შემდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტსაც მივწერეთ.
ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს ჰესი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და პასუხისმგებელიც ისაა. მივწერეთ დუშეთის მუნიციპალიტეტსაც. მათგან პასუხს ამ დრომდე ველით.
P.S. საღამოს რვა საათზე მარგარეტს ისევ შევეხმიანე. მოგვიანებით მიპასუხა მობოდიშებით, კოშკის წინ შეშის ღუმელი დავდგით და პურს ვაცხობდიო. მითხრა, რომ შუქი შატილში არც დღეს მოსულა.