აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ არ აპირებენ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომლებიც აქვთ 3 ივლისის აქციის ორგანიზატორებს, მოძრაობას, "შინ ევროპისკენ". ჟურნალისტებთან საუბარში მან ამ ჯგუფს "ლიბერასტები" უწოდა.
"გამიჭირდება ამის შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მის დაკმაყოფილებას, არავინ არ აპირებს", - თქვა რიჟვაძემ.
3 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე, "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.
აქცია 3 ივლისს, საღამოს, პარლამენტის წინ დაიწყო და მისგან რამდენიმე ასეულ მეტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს, 4 ივლისს, დასრულდა. შეკრების დამთავრების შესახებ რამდენიმე ათასიდან ადგილზე დარჩენილ რამდენიმე ადამიანს უთხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.
"მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობას და ღარიბაშვილს, სამაგიეროდ მათ ნაცვლად ვხედავთ ბევრ პოლიციელს - ვიყავით 100-ნი, იყო 500 პოლიციელი. ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ხოლმე და მაქსიმალურად შევაწუხოთ მთავრობა... დავიშალოთ, დღეს ვერ შედგა მთავრობის სხდომა", - თქვა მან.
ასევე ნახეთ აქცია "შინ ევროპისკენ" მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა
ეს იყო მესამე აქცია, რომელიც გამართა სახალხო მოძრაობამ, "შინ ევროპისკენ". აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.