ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ეროვნულ თანხმობასთან

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერ, მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ არც "კობახიძისეულ" და არც "რადიკალურ ოპოზიციის" გეგმებს არაფერი საერთო აქვთ ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

"ყველამ, პოზიციამ, თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)

თუმცა გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს ("თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე" ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა), თუ რადიკალურ ოპოზიციის არახალი “გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან".

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა ქვეყნის ღირსებას იცავს და მას არ უნდა შეეცვალოს გეზი.

"ჩვენ ყველანი კი -ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით!

და გამოჩნდება ვის რა უნდა : ევროპა თუ ძალაუფლება!" - წერს ის.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ 4 ივლისს, დილით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ და "მჯდომარე პროტესტით" დახვდებიან მთავრობას.

სამომავლო გეგმებზე მან პარლამენტის წინ მდგარი ტრიბუნიდან მიმართა აქციის მონაწილეებს.

"ჩვენ ვთქვით, რომ თუ ხელისუფლება არ ასრულებს ჩვენს დაყენებულ პირობას, ჩვენ 3 ივლისამდე გვქონდა ულტიმატუმი დაყენებული. რაღაც ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ ისინი კომფორტში არიან - ჩვენ აქ ვიკრიბებით და რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება.

ამიტომ, დილით ჩვენ, ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს" და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან, აქედან არ ესმით... მივალთ დილით და ავუხსნით იმას, რაც აქედან ვერ ავუხსენით, ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ", - თქვა დიღმელაშვილმა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პარტია "ქართული ოცნების" ოფისისკენ ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველების" დამფუძნებლის, გიორგი მშვენიერაძის მოწოდების შემდეგ დაიძრა.

დღეს, 3 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი აქციაზე "შინ ევროპისკენ" შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა.

ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მართავს. აქციამ ათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.