სახალხო მოძრაობის გეგმები ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 ივლისს

აქციამ "შინ ევროპისკენ" ღამით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა: რა იგეგმება დღეს?

პოლიტიკური კვირა მთავრობის ადმინისტრაციაში პროტესტის ფონზე დაიწყება. მას მერე, რაც სახალხო მოძრაობის მიერ ხელისუფლებისთვის ერთი კვირით ადრე მიცემული ულტიმატუმის ვადა შუაღამისას ამოიწურა, აქციამ "შინ ევროპისკენ" პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებს მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ღამის გათენება შესთავაზა:

„მთავრობის სხდომა იმართება ორშაბათს, დილით კანცელარიაში. ამიტომ მივიდეთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა. ჩვენ მთელი ღამით ვიქნებით დაბანაკებული, შეგიძლიათ თქვენც შემოგვიერთდეთ. ყველამ ერთად ჩავაბაროთ ეროვნული გამოცდა”.

პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ევროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა - ეს იყო სახალხო მოძრაობის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ.

4 ივლისის პროტესტი მოკლედ

გუშინ ისევ გაივსო პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა და სახალხო მოძრაობის ლიდერებმა.

ღამით აქციის მონაწილეთა ნაწილი დაიძრა „ქართული ოცნების“ სათავო ოფისისკენაც. იქ მათ ერთი საათი დაჰყვეს, შემდეგ კი პროტესტის ძირითად ადგილს დაუბრუნდნენ.

მმართველი პარტიის სათავო ოფისთან მისულებს სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაცია დახვდათ, თუმცა აქციამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: არც კობახიძისეულ და არც რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არაფერი აქვთ საერთო ეროვნულ თანხმობასთან

დაიწყო ეროვნული გამოცდები 2022

ორშაბათს დილიდან საქართველოში დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. 22 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტების პირველ ნაკადს დილის 9:00 საათიდან მიიღებს. რეგისტრაცია ერთი საათით ადრე დაიწყება (8:00 საათზე). პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.

გუშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ თქვა, რომ უკვე ჩატარდა გამოცდებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მოწყობილობის ტესტირება, ასევე ჩატარდა თანამშრომლებთან ერთად საგამოცდო პროცესის მოდელირება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს უწევს, ასევე საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას წარმართავს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

უზბეკეთის პრეზიდენტი იუწყება მსხვერპლზე ყარაყალპაკეთში მიმდინარე დემონსტრაციებზე

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზოევმა გუშინ განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებსა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მოჰყვა მღელვარებას ყარაყალპაკეთში, შუა აზიის ამ რესპუბლიკის ავტონომიურ რეგიონში.

გამოსვლაში, რომლის ტექსტიც პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, მირზოევი არ აკონკრეტებს მსხვერპლის რიცხვს, ან მათი დაღუპვის გარემოებებს.

რა ხდება ყარაყალპაკეთში?

უზბეკეთის ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რომ მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ყარაყალპაკეთის ავტონომიას შეზღუდავდა და მას უუქმებდა უფლებას, რომ სურვილის შემთხვევაში დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ამ ინიციატივას ავტონომიურ რესპუბლიკაში მღელვარება და აქციები მოჰყვა. თუმცა 2 ივნისს, რეგიონში ვიზიტისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ცვლილება აღარ განხორციელდებოდა და ფორმულირება დარჩებოდა კონსტიტუციაში.

წაიკითხე მეტი.

რუსეთის ძალები უტევენ უკრაინის მნიშვნელოვან ქალაქებს, აცხადებენ, რომ ლუგანსკი დაიკავეს

3 ივლისს რუსეთის ძალებმა უფრო ინტენსიური გახადეს შეტევა უკრაინის დონეცკის რეგიონზე, ისინი ცეცხლს უხსნიან ქალაქ სლოვიანსკს - მას მერე, რაც მანამდე აცხადებდნენ, რომ მთლიანად დაიკავეს მეზობელი ლუგანსკის რეგიონის ტერიტორია.

სლოვიანსკის მერი, ვადიმ ლიახი ფეისბუკით წერს, რომ ქალაქზე განხორციელდა თავდასხმა "მრავალი რაკეტის მტყორცნელიდან... დიდი ხნის განმავლობაში ეს ყველაზე მძიმე შეტევაა. 15 ადგილას ხანძარია. არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი".

სლოვიანსკი, სადაც ომამდე 107 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დიდი ხანია წარმოადგენს ცენტრს მოსკოვის ტერიტორიული მისწრაფებებისთვის დონეცკის რეგიონში. 2014 წლის აპრილში ქალაქი დაიკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, მაგრამ სამ თვეში მასზე კონტროლი აღადგინეს უკრაინის ძალებმა.

წაიკითხე მეტი.

ინტერვიუ გოგი ხოშტარიასთან - ეს საწყალი ლაწირაკები თავს ისულელებენ

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია, რომელიც გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის დისშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მამაა, სამთავრობო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. ის და მისი დეიდაშვილი თითქმის 20 წელია იღებენ ჰონორარს სპექტაკლებიდან, რომელიც სოლიკო ვირსალაძის დადგმულია და რომლებიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტარდება. სამთავრობო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი რუსულ ფულს იღებს უკრაინაში ომის პარალელურად და ამ ფულს ხელისუფლების დასამხობი აქციების ორგანიზებისთვის იყენებს.

რადიო თავისუფლება გოგი ხოშტარიას მის ბიძაზე და ჰონორარებთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ გახდა მისი მემკვიდრეობა საჯარო განხილვის საგანი, გოგი ხოშტარია ამბობს, რომ ეს მისი შვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება:

„ჩემი ქალიშვილია ელენე ხოშტარია, რომელიც სანქციებზე დაეტაკა მთავარ ოლიგარქს და მის ქვემოთ მყოფ ხუთ ოლიგარქს. მათ ეს ცხადია, არ მოეწონათ. ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, ეს არის სოლიკოს ფული. მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. ეს ბიძაჩემის ფულია, მე და მანანა ხიდაშელი [გოგი ხოშტარიას დეიდაშვილი - რ.თ.] თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. ეს არ არის რუსის ფული“, - ამბობს გოგი ხოშტარია.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

უკრაინელი ლტოლვილი, ვარკეს გრიგორიანი ჰყვება გზაზე, რომელიც რუსების კონტროლირებადი ხერსონიდან თბილისისკენ გაიარა.